- კარლა ბორგერი და იულია ზუდე ყატარის ტურნირს ბოიკოტს უცხადებენ
- მიზეზი ისაა, რომ ტურნირზე გოგონებს სპორტული ბიკინის ჩაცმა ეკრძალებათ
ისინი ფიქრობენ, რომ ეს უკვე მეტისმეტია და ტურნირს ბოიკოტს უცხადებენ!
მარტში ყატარში პლაჟის ფრენბურთის მსოფლიო ტური უნდა გაიმართოს, რომელშიც გერმანელი ფრენბურთელები კარლა ბორგერი და იულია ზუდე მონაწილეობას არ მიიღებენ. მიზეზი ტურნირის ორგანიზატორების მიერ წაყენებული მოთხოვნებია - ჩაცმულობასთან დაკავშირებით.
დეტალურად: ყატარის მხარე ითხოვს, რომ ქალ ფრენბურთელებს ტურნირის დროს მაისურები და ცოტა გრძელი შარვლები ეცვათ და პლაჟის ფრენბურთის ტურნირზე ასე იასპარეზონ. როგორც იცით, ქალ ფრენბურთელებს ასეთ ტურნირებზე სპორტული ბიკინი აცვიათ ხოლმე.
“ჩვენ ამას არ მივიღებთ!” - განაცხადეს ბორგერმა და ზუდემ ‘შპიგელთან’ ინტერვიუში, ამ უკანასკნელმა კი დაამატა: “აქ საქმე იმას არ ეხება, რა უნდა გვეცვას და რა არა. საქმე ისაა, რომ ჩვენი სამუშაო ჩაცმულობით ჩვენი საქმის კარგად გაკეთება უნდა შეგვეძლოს.”

ბორგერის თქმით, პლაჟის ფრენბურთი არცისე ადვილია, როგორც ეს ბევრს ჰგონია: “ჩვენ პატივს ვცემთ და ვერგებით ყველა ქვეყანას, სადაც ეს შეგვიძლია. ამისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ყატარში უბრალოდ აუტანელი სიცხეა.”
გერმანიის ფრენბურთის ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილზე მყოფ სპორტსმენებს სოლიდარობა გამოუცხადა. “ჩვენ პატივს ვცემთ კარლას და იულიას გადაწყვეტილებას და აბსოლუტურად გვესმის მათი,” - აღნიშნა ‘შპიგელთან’ საუბრისას ფედერაციის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ ყატარში დაგეგმილ ტურნირზე წელს ქალი ფრენბურთელები პირველად იასპარეზებენ. აქამდე იქ მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ. ფრენბურთის მსოფლიო ფედერაციაში აცხადებენ, რომ პატივს სცემენ მასპინძელი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.

გერმანული დუეტი განსაკუთრებით “ორმაგი სტანდარტების” გამოა გაბრაზებული. “2019 წელს, მძლეოსნობის ტურნირზე სპრინტერ გოგონებს ჩვეულებრივი სამუშაო სამოსი ეცვათ,” - ამბობს ზუდე. ცნობილია, რომ მაშინ სამეფო ოჯახმა ამისათვის განსაკუთრებული თანხმობა გასცა.
ბორგერს და ზუდეს ტოკიოს ოლიმპიადის საგზურები თითქმის განაღდებული აქვთ. “ამიტომაც შეგვეძლო ყატარის ტურნირზე უარის თქმა და ასეც მოვიქეცით,” - ამბობს ზუდე.
“ეს რომ ჩემი პირველი თამაშები იყოს, მაშინ ასეთ ნაბიჯზე არ წავიდოდი, მაგრამ სადმე საზღვარი უნდა არსებობდეს!” - ეს ბორგერის სიტყვებია.
კომენტარები