Thumbnail

მზადება ყატარის მუნდიალისთვის - გარდიანი 6500 გარდაცვლილზე წერს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში უნდა ჩატარდეს
  • 2010 წლიდან, სამშენებლო სამუშაოებზე 6500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
  • ამის შესახებ ინგლისური გამოცემა ‘გარდიანი’ წერს

მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატს ყატარმა უნდა უმასპინძლოს და ამის გამო ფიფას იმ დღიდან აკრიტიკებენ, როცა ეს ამბავი გადაწყდა. ინგლისური გამოცემა ‘გარდიანის’ ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე, მუნდიალისთვის მზადების პროცესში სამშენებლო სამუშაოებზე 6500-ზე მეტი მუშა გარდაიცვალა. ეს ადამიანები ძირითადად ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნეპალიდან, ბანგლადეშიდან და შრი ლანკიდან იყვნენ. მეტიც: ‘გარდიანი’ წერს, რომ გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.

‘გარდიანის’ მიმართვაზე ყატარის მთავრობამ უპასუხა, რომ ამჟამად ემირატებში ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ჩასული 1,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიმე მილიონმა კი გასულ 10 წელიწადში ქვეყანა დატოვა. მათგან გარკვეული, “მცირე რაოდენობა” გარდაიცვალა. ყატარელები ირწმუნებიან, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა ზუსტად ისეთია, როგორიც მოსალოდნელი იყო - საერთო რაოდენობისა და დემოგრაფიული სტატისტიკის გათვალისწინებით.

‘გარდიანი’ წერს, რომ ინდოელი, ნეპალელი და ბანგლადეშელი ადამიანების გარდაცვლილთა 69 პროცენტს სიკვდილის ბუნებრივი მიზეზი ჩაუწერეს. გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი გულისა და ფილტვების პრობლემებია.

ყატარის ახალი, Al Wakrah Stadium 2019 წელს გაიხსნა

ყატარი ხშირადაა კრიტიკის ობიექტი ადამიანების უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ სხვა ქვეყნებიდან ჩასულ მუშებს უკიდურესად ცუდ პირობებში უწევთ ყოფნა. თავად ყატარელები კი მუდმივად ირწმუნებიან, რომ ბოლო წლებში ამ მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა 2015 წელს ოფიციალურად გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ მუნდიალის სტადიონების მშენებლობებზე 30 ადამიანზე მეტი იყო გარდაცვლილი, თუმცა სიკვდილის მიზეზს სამშენებლო სამუშაოებთან კავშირი არ ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები