Thumbnail
  • თბილისის ლოკომოტივი 3:2 თელავი
  • გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა
  • 33 წლის მცველი საქართველოს ჩემპიონატს 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა

ეროვნული ლიგის მე-2 ტურში თბილისის ლოკომოტივმა თელავს უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ჩემიონატში, 11-წლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას დაბრუნება შედგა. 33 წლის მცველმა, რომელიც ლოკომოტივს ცოტა ხნის წინ შეუერთდა, თელავთან შეუცვლელად ითამაშა.

"დინამო არენაზე" გიორგი ჭიაბრიშვილისა და რევაზ გოცირიძის გაწვრთნილი გუნდების დაპირისპირება საინტერესო, დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. ტაიმი კი თბილისელებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. მე-19 წუთზე ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ 11-მეტრიანით გახსნა, 35-ეზე კი ბექა დარცმელიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ, სიხარულიძის პასით, ნიკა სანდოხაძემ თავით შეაგდო. 

თამაშის გადარჩენის შანსი სტუმარ გუნდს მეორე ტაიმში მიეცა. მე-60 წუთზე თელაველთა იერიშის შემდეგ, როდესაც ფლანგიდან ცოტნე კაპანაძე აწვდიდა, ვარდნაში ბურთს მიმართულება დავით უბილავამ საკუთარი კარისკენ შეუცვალა, რომელიც შემდეგ კაშიას მოხვდა.  

ორბურთიანი უპირატესობა მამია გავაშელიშვილმა 74-ე წუთზე, თელაველთა ბრაზილიელი მცველის, პაბლო მალდინის უხეში შეცდომის შემდეგ აღადგინა. მალევე თელავმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა - ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით ლაშა შერგელაშვილმა შეაგდო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - ლოკომოტივმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

ორი ტურის შემდეგ თბილისის ლოკომოტივს 3 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი 10 მარტს, სტუმრად გოლის დილასთან ჩაატარებს. 3 ქულა აქვს თელავსაც, რომელიც მესამე ტურში სამგურალს უმასპინძლებს.  

ლოკომოტივი 3:2 თელავი

გოლები: 1:0 სიხარულიძე (19’ პენ), 2:0 სანდოხაძე (35’), 2:1 კაშია (69’ ავტ), 3:1 გავაშელიშვილი (74’), 3:2 შერგელაშვილი (77’)

კომენტარები

ბოლო ამბები