Thumbnail

მეოთხედფინალში 3 წლის შემდეგ - რეალმა ატალანტას შანსი არ მისცა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რეალი 3:1 (1:0) ატალანტა
  • ზინედინ ზიდანის გუნდმა იტალიური ბარიერი იოლად გადალახა

მადრიდის რეალი 3 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს! "სამეფო კლუბმა" ბერგამოს ატალანტასთან სტუმრად მოპოვებული უპირატესობა (1:0) არათუ შეინარჩუნა, არამედ კიდევ უფრო გაზარდა და მერვედფინალური ბარიერი დაძლია.

ბევრი დაძაბულ ბრძოლას ელოდა და ფიქრობდა, რომ ატალანტა ზინედინ ზიდანის გუნდს იოლად არაფერს დაუთმობდა, მაგრამ კლასსა და გამოცდილებას შორის დიდმა სხვაობამ ყველაფერი გადაწყვიტა. რეალმა პრობლემების გარეშე მოიგო.

ანგარიში პირველი ტაიმს ბოლოს ქარიმ ბენზემამ გახსნა, რომელმაც ლუკა მოდრიჩის პასით ახლო მანძილიდან გაიტანა და გოლი იტალიელთა მეკარის, მარკო სპორტიელოს არაზუსტ პასს მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ბენზემა რაულის (1995-2011) და ლეო მესის შემდეგ (2005-2021) მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 17 კალენდარულ წელს გოლი გაიტანა. მადრიდელებმა კი უპირატესობა მე-2 ტაიმში გაზარდეს, სერხიო რამოსმა სტუმართა კარში პენალტი ზუსტად შეასრულა. მხოლოდ ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ ჯან პიერო გასპერინის გუნდი ოდნავ გამოფხიზლდა და შეტევისთვის მოიცალა. რამდენიმე საგოლე შანსი დუვან საპატამ გაანიავა, ხოლო ლუის მურიელმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით სხვაობა შეამცირა.

ატალანტას ცოტა დრო და 2 გოლი სჭირდებოდა ორი მატჩს ჯამში გასამარჯვებლად, მაგრამ ესპანურმა გრანდმა გაშვებული გოლის შემდეგ საპასუხო შეტევა შედეგიანად დაასრულა. ამჯერად მარკო ასენსიო იყო ზუსტი და მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1 და ორი მატჩის ჯამში: 4:1.

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ბოლოს 2017/18 წლების სეზონში იყო, როდესაც საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგა მოიგო კიდეც. შეგახსენებთ, რომ შარშანწინ "სამეფო კლუბი" პლეი ოფის პირველ სტადიაზე ამსტერდამის აიაქსთან, ხოლო შარშან მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა.

რეალი 3:1 ატალანტა

გოლები: 1:0 ბენზემა (34), 2:0 სერხიო რამოსი (60-პენალტი), 2:1 მურიელი (83), 3:1 ასენსიო (85)

რეალი (3-5-2): კურტუა - ვარანი, სერხიო რამოსი (64. მილიტაო), ნაჩო - ვასკესი, მოდრიჩი, ვალვერდე (82. ასენსიო), კროოსი, მენდი - ბენზემა, ვინისიუსი (69. როდრიგო)

ატალანტა (3-4-2-1): სპორტიელო - ტოლოი (61. პალომინო), რომერო, ჯიმსიტი; მაელე, დე რონი, პესინა (84. კალდარა), გოსენსი (57. ილიჩიჩი) - მალინოვსკი, პაშალიჩი (46. საპატა) - მურიელი (84. მირანჩუკი)

კომენტარები

ბოლო ამბები