Thumbnail
  • ბილარდომ და მენოტიმ არგენტინას მუნდიალი მოაგებინეს
  • მენოტი არგენტინის ლიბერალური, მემარცხენე გმირი იყო
  • ბილარდო პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს აღიარებდა
  • არგენტინული ფეხბურთი ორ ბანაკადაა გაყოფილი - 'ბილარდისტებად' და 'მენოტისტებად'

თუკი დიეგო მარადონა არგენტინის საფეხბურთო რელიგიაა, არგენტინული საფეხბურთო ფილოსოფია ორი კაცის, სესარ ლუის მენოტის და კარლოს ბილარდოს მემკვიდრეობას ეფუძნება. მათ ის აერთიანებთ, რომ არგენტინას ორივე მათგანმა მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა. ორივე ერთი ეპოქის კაცია, თუმცა მათ უფრო მეტი რამ განასხვავებთ - დიამეტრულად განსხვავებული საფეხბურთო და ცხოვრებისეული მსოფლმხედველობა აქვთ და ერთმანეთი ძალიან არ უყვართ.

უკვე რამდენიმე ათწლეულია, საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო არგენტინა ორ ბანაკადაა გაყოფილი - ლიბერალ, მემარცხენე ‘მენოტისტებად’ და კონსერვატორ, მემარჯვენე ‘ბილარდისტებად’. თითოეული, თუნდაც თანამედროვე არგენტინელი მწვრთნელი აუცილებლად რომელიმე ამ ბანაკის წევრია. ეს დაპირისპირება შორს გასცდა საფეხბურთო საზღვრებს და საქართველოსი არ იყოს, ძალიან დაპირისპირებულ, პოლარიზებულ არგენტინულ საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდი განხეთქილება შეიტანა და დღემდე შეაქვს.

ლა ნუესტრადან სუბელდიამდე

მემარცხენე და მემარჯვენე იდეოლოგიები არგენტინაში (ისევე, როგორც მთელ სამხრეთ ამერიკაში) თითქმის მთელი მეოცე საუკუნე დაუნდობლად ებრძოდნენ ერთმანეთს. კომუნისტებს ფაშისტი დიქტატორები ცვლიდნენ - არგენტინის უახლესი ისტორია სწორედ ეს არის.

ეს დაპირისპირება მოედანზე ჯერ კიდევ მენოტის და ბილარდოს ეპოქამდე აისახა. 1958 წელს, შვედეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინამ მაშინდელ ჩეხოსლოვაკიასთან 1:6 წააგო. ეს იმდროინდელი დომინანტური არგენტინული საფეხბურთო სტილის, ‘ლა ნუესტრას’ დასასრულს ნიშნავდა.

‘ლა ნუესტრა’ ანუ ‘ჩვენი თამაში’ ლამაზ, ტექნიკურ და რომანტიკულ ფეხბურთს გულისხმობდა. თუმცა ეს ფეხბურთი, თუნდაც 1958 წლის დონეზე იმდენად ჩამორჩებოდა ევროპულ თამაშს, რომ არგენტინაში ამ მარცხის შემდეგ მიხვდნენ - რაღაც უნდა შეეცვალათ.

ხოსე დელგადო, 1958 წლის ნაკრების წევრი: "ევროპელები მარტივად და შედეგიანად თამაშობდნენ. ჩვენ ბურთს ძალიან კარგად ვფლობდით, მაგრამ წინ არ მივდიოდით."

საფეხბურთო არგენტინა რადიკალური ცვლილების გზით წავიდა და ნაკრები ვიქტორიო სპინეტოს ჩააბარა. სპინეტომ დაიწყო ის, რასაც მოგვიანებით ‘მენოტისტები’ ანტიფეხბურთად მონათლავენ - დაცვითი და აგრესიული თამაში - ფეხბურთი, რომელშიც გამარჯვებისთვის ყველა ხერხი მისაღებია.

სუბელდია მანჩესტერ იუნაიტედთან გამარჯვებას ზეიმობს

ის, რაც სპინეტომ დაიწყო, ტენდენციად, მოდად, ოსვალდო სუბელდიამ აქცია. მისმა ესტუდიანტესმა იმ წლებში ყველაფერი მოიგო სამი ლიბერტადორესის და საკონტინენტთაშორისო თასის ჩათვლით. სუბელდიას გუნდი მოძალადეების და პროვოკატორების ნაკრები იყო. სუბელდია ფეხბურთელებს მოწინააღმდეგეების შესახებ დეტალურ პირად ინფორმაციას აძლევდა - ხასიათი, რწმენა, ოჯახი - ყველაფერს, რათა მოედანზე მათი გაღიზიანება, შეშინება და წყობიდან გამოყვანა იოლად შესაძლებელი ყოფილიყო.

ოსვალდო სუბელდია: ‘დიდებამდე ვარდებით მოფენილი გზით ვერ მიხვალ!’

ერთხელ, ერთ-ერთმა ესტუდიანტესიდან იცოდა, რომ მეტოქეს, რობერტო პერფიუმოს ცოლს საშვილოსნოს ოპერაცია სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა გაკეთებული. მას გინეკოლოგის განათლება ჰქონდა მიღებული და მოედანზე გადაწყვიტა, რომ პერფიუმოსთვის ისეთი დეტალები ეთქვა მისი ცოლის ოპერაციის შესახებ, რასაც აქ ნამდვილად ვერ დავწერთ. მან პერფიუმოსგან პასუხად წიხლი მიიღო, პერფიუმომ კი - წითელი ბარათი. ამ კაცს კარლოს ბილარდო ერქვა და ის სუბელდიას ესტუდიანტესის მთავარი ჩამშლელი გახლდათ.

ბილარდო ესტუდიანტესში

ხუან პრესტა, საფეხბურთო ისტორიკოსი: "რასინგის მეკარეს დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. დედამისს არ უნდოდა, რომ მას ცოლი მოეყვანა. როცა ბოლოს და ბოლოს ის დაოჯახდა, დედამისი მისი ქორწინებიდან 6 თვეში გარდაიცვალა. რასინგთან თამაშის წინ ბილარდო მივიდა მასთან და უთხრა: გილოცავ, როგორც იქნა, მოკალი დედაშენი."

მენოტის ხანა

სანამ ბილარდო თავის სამწვრთნელო კარიერას დაიწყება, არგენტინაში ლუის სესარ მენოტის ხანა დადგა. "ანტიფეხბურთის" არგენტინა 1974 წლის მუნდიალზე კრუიფის ჰოლანდიასთან განადგურდა (0:4) და საფეხბურთო არგენტინამაც გადაწყვიტა, თავისი განვითარების გზა კიდევ ერთხელ შეეცვალა რადიკალურად.

იმ დროს მენოტი პროვინციული ურაკანის მწვრთნელი იყო. ურაკანმა ჩემპიონობა ისე მოიგო, რომ ხშირად მეტოქის გულშემატკივარი თავად უკრავდა ხოლმე ტაშს მათ თამაშს. მენოტიმ ‘ლა ნუესტრას’ ძველ პრინციპებს თანამედროვე ორგანიზაცია მისცა და შემტევი, თუმცა კარგად ორგანიზებული ფეხბურთით მთელი არგენტინის გული მოიგო. წინ საშინაო მუნდიალი იყო და არგენტინამაც თავისი გუნდი მენოტის მიაბარა.

მენოტი: ‘სუბელდიას ესტუდიანტესმა არგენტინა 10 წლით უკან დაწია.’

ლიბერალიზმის გმირი

მენოტი საფეხბურთო ფილოსოფოსი იყო, სამხრეთ ამერიკის იოჰან კრუიფი - ასე ვიტყოდი და მგონია, რომ ეს ყველაზე სწორი შეფასებაა.

პარადოქსია, რომ საშინაო მუნდიალის წინ ნაკრების მწვრთნელად სწორედ მენოტი აირჩიეს. საერთოდ უცნაურია, რომ ის ამ ეპოქაში რეპრესიების მსხვერპლი არ გახდა.

სესარ ლუის მენოტი

ეს ის პერიოდია, როდესაც არგენტინაში სამხედროების დიქტატურაა და ქვეყანას გენერალი ვიდელა მართავს. ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში 40 000 კაცი გაქრა, 60 000 კაცი კი წამების მსხვერპლი გახდა. თვითმფრინავები ღამღამობით ოპონენტებს ცოცხლად ყრიდნენ ატლანტიკის ოკეანეში და ‘სიკვდილის ესკადრონები’ ხოცავდნენ ყველას, ვისაც ფაშისტური დიქტატურა არ მოსწონდა. 

და ამ დროს, არგენტინის მთავარ გუნდს ხელმძღვანელობს მარკესთან და კორტასართან ერთად სამხრეთამერიკული ლიბერალიზმის მთავარი დამცველი და მოაზროვნე. დიქტატურას ძალიან უნდოდა საშინაო მუნდიალის მოგება და უბრალოდ ვერ, თუ არ გაბედა მენოტიზე თავდასხმა.

2005 წელი - მენოტი ჩე გევარას მემორიალთან კუბაში

თავად მენოტი ძალიან განათლებული კაცი იყო, მოაზროვნე და ფილოსოფოსი. ის როსარიოში, ფიშერტონის ძალიან ელიტურ რაიონში დაიბადა - იქ, სადაც არგენტინული ლიბერალური ელიტა ცხოვრობდა. მამა პერონისტი იყო და მენოტისაც ბავშვობიდან გამოყვა პოლიტიკისადმი ინტერესი. ის ფეხბურთს და პოლიტიკას ღიად უკავშირებდა ერთმანეთს. ის იყო პირველი, ვინც სუბელდიას ანტიფეხბურთი დიქტატურას შეადარა და მასთან გააიგივა. ის მოედანზე თავისუფლებასა და ფეხბურთით ძალადობის წინააღმდეგ აჯანყებაზე ლაპარაკობდა.

მენოტი: "არსებობს მემარჯვენე და მემარცხენე ფეხბურთი. მემარჯვენე ფეხბურთი გვარწმუნებს, რომ ცხოვრება ბრძოლაა. ის ჩვენგან მსხვერპლს მოითხოვს და გვეუბნება, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერზე წავიდეთ. მოთამაშეებს მოეთხოვებათ, რომ უფროსს დამორჩილდნენ. მათგან მხოლოდ მორჩილებას მოითხოვენ. ასე იქმნებიან სასარგებლო იდიოტები, რომლებიც სისტემას ემსახურებიან."

როცა მენოტი ფეხბურთზე ლაპარაკობს, მაშინვე კრუიფი გახსენდება. დიადი ნიდერლანდელივით ისიც იდეებზე, იდეალებზე, სივრცეზე, დროსა და სხვა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის არცთუ ისე იოლად გასაგებ რაღაცებზე საუბრობს. პრესკონფერენციებზე ის ფეხბურთს ბორხესის პოეზიას ადარებდა.

მენოტი 1978 წლის ფინალის წინ

მენოტი: "გუნდი უპირველეს ყოვლისა იდეაა. მწვრთნელმა უნდა ასწავლოს მოთამაშეებს, რომ დაიცვან ეს იდეა. ჩვენ მწვრთნელებს არ გვაქვს უფლება, რომ ფეხბურთს სანახაობა, სპექტაკლი მოვაცილოთ."

ნიდერლანდური იყო მისი სათამაშო სქემაც - მიხელსის და კრუიფის 4-3-3. შედეგზე მეტად მისთვის სანახაობა და თამაშის ხარისხი იყო მნიშვნელოვანი.

მენოტი: ‘თამაში შეიძლება წააგო. ერთადერთი, რასაც ვერ დაკარგავ, არის ის პატივისცემა, რასაც კარგი ფეხბურთის გამო იღებ.’

ზედ მუნდიალის წინ მენოტი უფრო შორს წავიდა და არამხოლოდ ყველას დაპირდა, რომ ის თავის იდეალებს არ უღალატებდა, არამედ ისიც კი თქვა, რომ არგენტინაში გადაფასების, ღირებულებების შეცვლის პროცესი უნდა დაწყებულიყო.

მენოტი: "თუკი მუნდიალის მოგება გვიწერია, მხოლოდ იმ სტილში ვიზამთ ამას, რომ სხვებს რაღაცების გადაფასების ძალა მივცეთ. მხოლოდ მაშინ შეიძლება შევწყვიტოთ შიში, ცინიზმი და ძალადობა."

გზავნილი არაორაზროვანი იყო. მენოტი დიქტატურის, ძალადობრივი სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობდა. არავინ იცის, როგორ წავიდოდა მისი კარიერა, არგენტინას ეს მუნდიალი რომ ვერ მოეგო. თუმცა მენოტის გუნდმა არგენტინას მის ისტორიაში მსოფლიოს პირველი ჩემპიონობა მოუტანა.

პრაგმატიკოსი ბილარდო

მენოტის მთელი გენიალურობის მიუხედავად, მისმა გუნდმა შემდეგი, 1982 წლის მუნდიალი ჩააგდო და მის შემცვლელად კარლოს ბილარდო დაინიშნა.

ბილარდო ღარიბი სიცილიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და ლა პატერნალში, ბუენოს აირესის ღატაკ ბარიოებში გაიზარდა. გაჭირვებამ და მკაცრმა კათოლიკურმა აღზრდამ ბილარდო ბავშვობიდანვე იმ აზრს მიაჩვია, რომ ცხოვრება ომია და მასში რამეს რომ მიაღწიო, დისციპლინა, ორგანიზაცია და სისტემა გჭირდება. ბილარდო ადრეული ასაკიდანვე მივიდა იმ აზრამდე, რომ სისტემის და ავტორიტეტის მორჩილება საქმეში მთავარია.

ბილარდო და მარადონა

სუბელდიას გუნდში ის ასეთივე ფეხბურთელი იყო და მწვრთნელობაც ამავე კრედოთი დაიწყო. მისი გუნდები იბრძოდნენ სისხლის ბოლო წვეთამდე, მისთვის თამაშის ნებისმიერი სტილი მისაღები იყო, რომელსაც შედეგის მოტანა შეეძლო. მთელი ეს ფილოსოფიურ-პოლიტიკური წიაღსვლები და იდეოლოგიები მას საერთოდ არ აინტერესებდა. მეტიც, არ აინტერესებდა არაფერი გამარჯვების გარდა.

ბილარდო: ‘ფეხბურთი - ეს არის გამარჯვება და მეტი არაფერი.’

ის პოლიტიკურად აქტიური არ იყო, თუმცა მისი ფეხბურთი არგენტინაში მემარჯვენე - კონსერვატიულ ფეხბურთად მიიჩნეოდა - ანუ, არა თამაშად, არამედ ბრძოლად, რომელიც დისციპლინასა და ორგანიზაციაზე დგას.

თუკი მენოტი იდეებზე და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობდა, ბილარდო თავის გუნდს თამაშის წინ ჰიმნის შესრულებაში ავარჯიშებდა და ფეხბურთელებისგან მოითხოვდა, რომ ‘ალბისელესტეს’ მაისურისთვის სიცოცხლის გაწირვა შეძლებოდათ.

ბილარდო: "მე მინდა, რომ პირველები ვიყოთ. იმიტომ, რომ მეორე ადგილზე გასვლა ჩავარდნას ნიშნავს. როცა წააგებ, თავს ცუდად უნდა გრძნობდე - შეგიძლია იტირო, ან ჩაიკეტო, რადგან წაგება ნიშნავს, რომ შენი ხალხი, გულშემატკივარი და ის ადამიანები დააღალატე, ვინც კონტრაქტი გაგიფორმა."

ის განათლებული კაცი იყო, ოღონდ პრაქტიკული განათლება ჰქონდა მიღებული. ფეხბურთთან ერთად მას მედიცინა აინტერესებდა და რამდენიმე წელი გინეკოლოგიას სწავლობდა.

ის ჩაციკლული იყო ტაქტიკაზე და დეტალებზე. თვითონვე იხსენებდა, რომ 1986 წლის ფინალის შემდეგ, მატჩის დასრულებისთანავე, მაშინ, როცა ყველა ზეიმობდა, გაცოფებული იყო, რადგან მისმა გუნდმა კუთხურიდან ორი გოლი გაუშვა, არადა, მან თამაშამდე გუნდს დეტალურად აუხსნა, გერმანელები კუთხურს როგორ ათამაშებდნენ.


ბილარდოს გუნდში სულ მცირე 7, ხანდახან 8 კაცი დაცვაზე ორიენტირებული იყო. ამავე სტილში მოიგო მან 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი - მარადონას უკან სამი ჩამშლელი თამაშობდა და შეტევაში თავისუფლება დიეგოს და ვალდანო-ბურუჩაგას დუეტს ჰქონდა. მისი საყვარელი სქემა 3-5-2 იყო, სადაც ორი შემტევის გარდა, დანარჩენი გუნდი დაცვაზე იყო კონცენტრირებული.

საუბარი სტილზე და თამაშის ესთეტურ მხარეზე მას სასაცილოდ არ ყოფნიდა.

ბილარდო: "როდესაც იგებ, გულშემატკივარს მხოლოდ ის აინტერესებს, რამდენი დარჩა თამაშის ბოლომდე."

ბილარდოს ყველაზე სახასიათო გუნდი 1990 წლის არგენტინა იყო. ‘ალბისელესტეს’ მასშტაბით ცუდი გუნდი, რომელიც უბრალოდ უარს ამბობდა წაგებაზე და ასე ბრძოლით და წვალებით ჯერ თავისზე ძლიერ ბრაზილიას და იტალიას მოუგო და შემდეგ ფინალი გერმანიასთან მხოლოდ ძალიან საეჭვო პენალტით დათმო.

მტრობა

მათი განსხვავებულობიდან გამომდინარე ძალიან ცოტა შანსი იყო, რომ მენოტის და ბილარდოს ერთმანეთი ყვარებოდათ. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მენოტის შემდეგ არგენტინა სწორედ ბილარდომ ჩაიბარა. ღია მტრობა მალევე დაიწყო. 1983 წელს ისინი სევილიაში შეხვდნენ ერთმანეთს და ნაკრებზე ისაუბრეს. ასე რომ ვთქვათ, მენოტიმ ბილარდოს გუნდი გადააბარა. მას ახალ მწვრთნელთან რამდენიმე რჩევაც ჰქონდა - კარებში უგო გატის დაყენება ურჩია, დაცვაში კი - ტარანტინის. ბილარდომ მისი რჩევები არ გაითვალისწინა, რაც მენოტის ეწყინა და ღია მტრობაც ასე დაიწყო.

მენოტი ძალიან პოპულარული ‘კლარინისთვის’ წერდა და ბილარდოს და მის გუნდს სასტიკად აკრიტიკებდა. ბილარდოს მან ‘ინტელექტუალური ლილიპუტი’ უწოდა, ბილარდომ პასუხად მაშინვე გაიხსენა, რომ მენოტი მარქსისტია.

მენოტი ფეხბურთელების გარემოცვაში

მენოტი ბილარდოს აკრიტიკებდა, რომ მას ხედვა, იდეა, კონცეფცია არ გააჩნდა, ბილარდოს ამაზე ეცინებოდა და მხოლოდ შედეგებს აღიარებდა.

მენოტი: "ბილარდისტები არ არსებობენ. ბილარდოს მხარეს მხოლოდ მისი მეგობრები არიან. 20 წელია ვუყურებ და ვერანაირ იდეას, ვერანაირ სტილს ვერ ვხედავ. ისტორია იმახსოვრებს მათ, ვინც ფეხბურთი შეცვალა და მის შემდეგ რაღაც დატოვა."

ბილარდო ფეხბურთს და ცხოვრებას სხვანაირად აღიქვამდა და 1986 წლის ჩემპიონობის შემდეგ მას თავისი სიმართლე ჰქონდა.

ბილარდო: "ვინმეს ახსოვს მეორე ევროპელი, ვინც ამერიკაში მივიდა!? არავინ იმახსოვრებს მეორეებს. მე პირველი მინდა ვიყო, მეორე ადგილი ‘ლუზერებისთვისაა’. ფეხბურთს მოგებისთვის თამაშობენ, სანახაობა თეატრს დავუტოვოთ."

ეს მტრობა შორს გაცდა მხოლოდ ამ ორ პერსონას. მთელი საფეხბურთო არგენტინა ორ ბანაკად გაიყო და დღემდე გაყოფილია - ‘ბილარდისტებად’ და’მენოტისტებად.’ ეს ბანაკები არამხოლოდ საფეხბურთო, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ, მსოფლმხედველობით და იდეოლოგიურ განსხვავებებზეც დავობდნენ.

ბილარდო და მარადონა - 1986 წელი

ორივეს თავისი სიმართლე ჰქონდა. ორივე მსოფლიოს ჩემპიონია. თუკი მენოტის გუნდი უფრო ლაღად თამაშობდა, ბილარდო ის კაცი იყო, რომელმაც მარადონას სათამაშოდ იდეალური პირობები შეუქმნა და დიეგოსთან ურთიერთობები ძალიან კარგად დაალაგა (და ეს მაშინ, როცა მენოტიმ 1978 წელს დიეგო მუნდიალზე არ წაიყვანა). 

დაპირისპირება გრძელდება

მენოტი და ბილარდო დღეს არგენტინულ ფეხბურთში პირადად აღარ დავობენ, თუმცა არგენტინა ისევ ორ ბანაკადაა გაყოფილი. თანამედროვე მწვრთნელები და, ზოგადად, ფეხბურთში მომუშავე ხალხი ისევ პოლარიზებულია.

არგენტინის ნაკრების განვითარებას ეს ხელს უშლის. ნაკრებს თითქოს არ აქვს თავისი მკვეთრად გამოხატული იდენტობა. ‘ბილარდისტები’ ‘მენოტისტებს’ ცვლიან და პირიქით.

მაგალითად, როცა 2018 წლის მუნდიალის წინ მაშინ ჯერ კიდევ უმწვრთნელო ‘ალბისელესტეს’ შესახებ ჩემს არგენტინელ მეგობარს, თავადაც ჟურნალისტს ვკითხე, მან პირდაპირ მიპასუხა, რომ რადგან წინა მწვრთნელი ედგარდო ბაუსა ‘ბილარდისტი’ იყო და არ გაამართლა, ახლა საფეხბურთო წრეებში კონსესუსია, რომ ‘მენოტისტი სჭირდებათ’ და ამიტომ სამპაოლის დანიშნავენ, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ ‘ბილარდისტს’, დიეგო სიმეონეს კი შანსი არ აქვსო.

არგენტინაში ფიქრობენ, რომ მესის გუნდს უფრო ‘მენოტისტი’ მწვრთნელი უნდა ჰყავდეს. არადა, მაგალითად, 2006 წელს ხოსე პეკერმანს არაფერი გამოუვიდა, ხოლო ყველაზე წარმატებული, ‘ბილარდისტი’ ალეხანდრო საბელია იყო, რომელმაც 2014 წელს ‘ალბისელესტე’ ფინალი ათამაშა.

ეს ორი საფეხბურთო სკოლა კონსესუსამდე ვერ მიდის. ეს არის წარსული, რომელიც არგენტინას დღემდე ხელს უშლის. ეს თითქოს არგენტინული ფეხბურთის ხვედრია - მარადონა, მენოტი, ბილარდო ანუ ის ხალხი, რომელმაც არგენტინას ჩემპიონობები მოუტანა ამ ქვეყანას აწმყოს გადაფასებაში ხელს უშლიან. არგენტინა თითქოს თავის წარსულში დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები