- მადრიდის რეალის 35 წლის ნახევარმცველს მოედანზე ასაკი სულ არ ეტყობა
- ატალანტასთან მატჩის შემდეგ ხორვატი ფეხბურთელი მწვრთნელმაც შეაქო
- მეოთხედფინალში 3 წლის შემდეგ - რეალმა ატალანტას შანსი არ მისცა
მადრიდის რეალის 35 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ასაკს არ იმჩნევს. ხორვატმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ, რომელშიც მისმა გუნდმა ბერგამოს ატალანტას ანგარიშით 3:1 მოუგო, აღნიშნა, რომ თავს ისე გრძნობს, როგორც 27 წლის ასაკში.
"მწვრთნელმა მეტოქის პრესინგი ზემოთ დაგვავალა და ეს შევასრულეთ. ამან თავდაჯერება შეგვმატა.
თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ისევ 27 წლის ვიყო. საკუთარ ასაკზე საერთოდ არ ვფიქრობ. მთავარი ის კი არ არის, პასპორტში რა გიწერია, არამედ ის, თუ როგორ თამაშობ მოედნაზე. უმაღლეს დონეზე ბრძოლა კვლავაც მწყურია და ყოველდღიურად ვმუშაობ იმისთვის, რათა აქ დავრჩე.
ორი სეზონის შემდეგ, როდესაც ტურნირს ადრე ვეთიშებოდით, მნიშვნელოვანი იყო ¼-ფინალში გასვლა. შეგვწევს ძალა, ძალიან შორს წავიდეთ", - ამბობს “ოქროს ბურთის” მფლობელი ხორვატი ფეხბურთელი.

ლუკა მოდრიჩის მოსაზრებას იზიარებს რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანიც. ატალანტასთან თამაშის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა ნახევარმცველის სათამაშო ფორმით აღტაცება არ დამალა:
"ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის წყვილი ფენომენალურია. ლუკა 35 წლისაა, მაგრამ მოედანზე მისი მოქმედების შემხედვარე, ამას ნამდვილად ვერ იტყვი".
მადრიდის რეალმა ბერგამოს ატალანტას პირველი დაპირისპირება სტუმრადაც მოუგო (1:0), ორი მატჩის ჯამში კი 4:1 გაიმარჯვა.
ლუკა მოდრიჩმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში რეალის ღირსება 8 მატჩში დაიცვა, გაიტანა 1 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი.
კომენტარები