Thumbnail

კალინინგრადში გამართული მატჩის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთს 23:6 სძლია, თამაში “დათვების” მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა შეაფასეს. როგორც ლინ ჯონსმა, ასევე ანდრეი ოსტრიკოვმა აღიარეს, რომ “ბორჯღალოსნებმა” გამარჯვება სრულიად დამსახურებულად იზეიმეს. 

ლინ ჯონსი (რუსეთის ნაკრების მწვრთნელი): “მართალია, წინა მატჩებზე უკეთ გამოვიყურებოდით, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ამჯერად დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა. ვერ მოვახერხეთ ისეთი ზეწოლის განხორციელება, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, მათი დაცვითი ხაზი გაგვერღვია და ლელო დაგვედო. როდესაც საქართველოს ეთამაშები, ძალიან ხისტად უნდა მოქმედებდე, ეს კი, ნამდვილად გვაკლდა. მოწინააღმდეგე კი იმ გეგმას მიჰყვებოდა, რომელიც ძალიან კარგად გამოსდის. მართალი გითხრათ, უფრო თანაბარ თამაშს ველოდი, თუმცა, ამჯერად არ გამოვიდა. 3 თვის განმავლობაში, რაც შეკრებაზე ვართ, ჩვენმა მორაგბეებმა პროგრესი განიცადეს, თუმცა, თუ ფიზიკურად ძლიერ ქართველებთან ორთაბრძოლების მოგებას არ ვისწავლით, ისე არაფერი გამოგვივა. ბიჭები 100%-ით იხარჯებიან, მაგრამ კიდევ უკეთესები უნდა გავხდეთ. გამარჯვება მხოლოდ მაშინ მოვა. ნათელია, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის საგზურს უპრობლემოდ მოიპოვებს, ჩვენი მიზანი კი, მე-2 ან უკიდურეს შემთხვევაში, მე-3 ადგილის დაკავება იქნება. ტურნირი რუმინეთთან უმნიშვნელოვანესი მოგებით დავიწყეთ, ქართველებთან კი ილუზიები ნაკლებად გვქონდა, თუმცა, ბონუს-ქულის აღების კი გვეიმედებოდა”.

ანდრეი ოსტრიკოვი (რუსეთის ნაკრების კაპიტანი): “მეტოქეს ჩვენი თამაში ვერ მოვახვიეთ და ვერც დასახულ სქემას მივყევით. რამდენჯერმე ხელდახელ კარგად ვითამაშეთ და ლელოს დადებაც შეგვეძლო, თუმცა, საქართველოს ძალიან გამოცდილი ნაკრები ჰყავს და მათ გამარჯვებას ვულოცავ. სამწუხაროდ, როდესაც შეცვლები დაიწყო, ჩვენს რიგებში მინდორზე გამოუცდელი ბიჭები გამოჩნდნენ, ქართველებს კი ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონიათ. ამის გამო, გარკვეულ მომენტში თამაში ჩამოგვეშალა. როდესაც მე-3 ლელო მივიღეთ, უკვე სულ სხვა სცენარი იყო. ბიჭებს ვერაფერს ვუსაყვედურებ, მაქსიმუმი გააკეთეს, უბრალოდ, საქართველო უფრო ძლიერია და ეს უნდა ვაღიაროთ. სხვა საქმეა, რომ ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ. კარგი ახალგაზრდობა მოდის, პროგრესი გვაქვს და იგივე შერკინებაში მეტოქეს მაგრად დავუდექით. ვნახოთ, მომავალ მატჩებში რა იქნება. შემდეგ შეხვედრებშიც მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ, აბა, სხვა შემთხვევაში თამაშს აზრიც კი არ აქვს”.

შეგახსენებთ, რომ გასულ შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა 3 უპასუხო ლელო მიითვალეს. თავის გამოჩენა აკაკი ტაბუცაძემ, თედო აბჟანდაძემა და დავით ნინიაშვილმა მოახერხეს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 3 მატჩში 14 ქულა აქვს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშებას, რომელიც პარალელურად მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ტურნირიცაა, ერთპიროვნულად ლიდერობს. 28 მარტს “ბორჯღალოსნები” მიმდინარე შეჯიბრზე პირველ საშინაო მატჩს ჩაატარებენ და “მიხეილ მესხზე” 9 ქულით მე-2 ადგილზე მყოფ რუმინეთს დაუხვდებიან.

📺 რუსეთი 6:23 საქართველო [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები