Thumbnail

ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, შესაძლოა, გაცვლის მონაწილე გახდეს, რომლის შედეგადაც ის კლივლენდ კავალიერსში ჩაირიცხება, პეისერსი კი სანაცვლოდ, გამოცდილ ჯავალ მაკგის მიიღებს. ამის შესახებ Clutchpoints წერს და ამ ტრეიდის განხილვას საკმაო დროსაც უთმობს. აი, რას წერს აღნიშნული საიტი:

“ბოლო 2 თვეა, კლივლენდ კავალიერსის საქმეები კარგად ვერ მიდის, ამდენად, გუნდი რომ გადახალისებაზე ფიქრობს მოულოდნელი არ უნდა იყოს. NBA-ში ტრეიდების ვადა 25 მარტს იწურება, კავალიერსიდან წასვლის უმთავრესი კანდიდატი კი ცენტრი ჯავალ მაკგია, 33 წლის კალათბურთელი, რომელიც საშუალოდ 15.2 წუთში 7.8 ქულას, 5.0 მოხსნასა და 1.2 დაფარებას აკეთებს. კლივლენდი აქცენტს 22 წლის ჯარეტ ალენზე აკეთებს, მაკგი კი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, ამდენად, გუნდისთვის მასში რომელიმე სასურველი კანდიდატის მიღება ნამდვილად მისწრება იქნება.

ერთ-ერთი ვარიანტი ჯავალის ინდიანა პეისერსში გაშვებაა, საპირისპირო გზას კი გოგა ბითაძე გაივლის. ცხადია, რომ პეისერსში სასტარტო ხუთეულის დაშლა მოსალოდნელი არაა: დომანტას საბონისი, მალკოლმ ბროგდონი, მაილს ტერნერი, კარის ლევერტი და ტი ჯეი უორენი, როდესაც ჯანმრთელად არის, შეუცვლელები არიან. ამ გუნდისთვის მაკგის სახით დამხმარის მიღება სწორედაც რომ მისწრება იქნება.

ვეტერანი ჯავალ მაკგი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება

ჯავალს იმის უნარი ნამდვილად აქვს, რომ მაილს ტერნერი ღირსეულად შეცვალოს და თანაც მოედნის ორივე ნახევარზე. ის კარგია სამწამიან ზონაში, მოხსნებზე კარგად იბრძვის და ფარის დაცვაც ეხერხება. საინტერესოა, რომ თუკი 36 წუთზე გადავთვლით, ჯავალს ქულებში, მოხსნებსა და პასებში ტერნერზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს. პერსპექტივაში, მაკგის სასტარტო შემადგენლობაში თამაშიც კი შეუძლია და ეჭვგარეშეა, რომ იმავე ტერნერსა და საბონისს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

ბითაძე მიმდინარე სეზონში ყველა ხერხით ცდილობდა მეტი სათამაშო დრო მიეღო, მიუხედავად იმისა, რომ მას გვერდი არც ტრავმებმა აუარა. მისდა სამწუხაროდ, გოგამ მწვრთნელ ნეიტ ბიორკგრენისგან კლასიკური სათადარიგო ცენტრის როლი ვერ დაიმსახურა. კავალიერსში გადასვლით, სავარაუდოა, რომ მას თავის გამოჩენის მეტი შანსი ექნება, პეისერსი კი უფრო გამოცდილ კალათბურთელს მიიღებს. მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, ინდიანამ გარიგებაზე უარი თქვას, ისაა, რომ მაკგი სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და მისი დამატება უფასოდ იქნება შესაძლებელი. უნდა დავუშვათ ისიც, რომ პეისერსს ბითაძის თაობაზე გარკვეული გეგმები კიდევ გააჩნია და იქნებ, მომავალში მეტი როლი არგუნოს”.

შეგახსენებთ, რომ ინდიანა პეისერსმა 21 წლის გოგა ბითაძე 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია, თუმცა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი როტაციის სტაბილურ წევრად ვერაფრით იქცა. მიმდინარე სეზონში ბითაძეს NBA-ში 22 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალოდ 9.1 წუთში 3.5 ქულას, 2.1 მოხსნასა და 1.0 დაფარებას აგროვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები