Thumbnail

'ფეხბურთი ჩემი აღარ არის' - პრანდელის მოულოდნელი გადაწყვეტილება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჩეზარე პრანდელიმ ფიორენტინადან წასვლა გადაწყვიტა
  • 63 წლის სპეციალისტი მოტივაციის ნაკლებობაზე საუბრობს

ფლორენციის ფიორენტინას მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და დაკავებული თანამდებობა დატოვა. დიდი შანსია, რომ ის არა მარტო კლუბიდან, არამედ ზოგადად აფეხბურთიდანაც წავიდეს.

პრანდელის წერილი ფლორენციელთა ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელშიც წერს, რომ ფეხბურთი მისი აღარ არის და გრძნობს, რომ ბოლო პერიოდში დისკომფორტს განიცდის. 63 წლის სპეციალისტი "იებს" ნოემბრიდან ავარჯიშებდა და მისთვის ბოლო თამაში მილანის წინააღმდეგ მარცხი (2:3) გამოდგა. პრანდელის ადგილი ჯუზეპე იაკინიმ დაიკავა, რომელიც ნოემბერში შეცვალა.

"ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე აბსურდულ დისკოფმროტში ვარ, რაც არ მაძლევს საშუალებას ვიყო ის, ვინც ვარ. მუშაობა დავიწყე სიხარულითა და სიყვარულით, ენთუზიაზმით. ეს ალბათ, უკავშირდებოდა ქალაქის დიდ სიყვარულსაც, მაგრამ ვიგრძენი, რომ ჩემში რაღაც არასწორია. ნიჭიერი ადამიანები მგრძნობიარენი არიან და არ მინდა ჩემი დისკომფორტი აღიქვან და ამან გუნდის მუშაობაზე გავლენა მოახდინოს. ბოლო თვეებში ჩემში ჩრდილი გაიზარდა, რამაც ჩემს ხედვაზე გავლენა მოახდინა. აქ 100%-ით დასახარჯად მოვედი, მაგრამ როგორც კი ვიგრძენი, რომ ეს უკვე შეუძლებელი იყო, ყველას სასიკეთოდ გადავწყვიტე ნაბიჯი უკან გადამედგა.

ვიცი, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერა შეიძლება აქ დასრულდეს, მაგრამ არ ვნანობ და არც მინდა. ალბათ, საფეხბურთო სამყარო, რომლის ნაწილი ვიყავი მთელი ცხოვრების განმავლობაში, უკვე აღარ არის ჩემი და ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ამიტომაც, მჯერა, რომ გაჩერების დრო დადგა", - წერს წერილში პრანდელი.

შეგახსენებთ, რომ ჩეზარე პრანდელიმ სახელი სწორედ ფიორენტინაში გაითქვა, რომელსაც 2005-2010 წლებში ავარჯიშებდა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, ერთხელ კი უეფას თასის ფინალში. 2010-2014 წლებში ის იტალიის ნაკრების მწვრთნელი იყო და 2012 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. სხვადასხვა დროს პრანდელის ვენეციაში, პარმაში, გალათასარაიში, ვალენსიაში, ვერონაში, ჯენოასა და ლეჩეში უმუშავია.

კომენტარები

ბოლო ამბები