- ნორვეგიის ნაკრები გიბრალტართან სპეციალური მაისურებით წარსდგა
- სკანდინავიელები ადამიანის უფლებების დაცვის მოწოდებით გამოვიდნენ
- მზადება ყატარის მუნდიალისთვის - გარდიანი 6500 გარდაცვლილზე წერს
ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელები სტუმრად გიბრალტართან სათამაშოდ მოედანზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომლეზეც გაკეთებული იყო წარწერა ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოწოდებით.
"ადამიანის უფლებები, მოედანსა და მის მიღმა", - ეწერა მაისურებზე.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში ნორვეგიამ სტუმრად გიბრალტარს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
რაც შეეხება აქციას, ის ყატარში გასამართ მუნდიალს უკავშირდება. მანამდე ნორვეგიულმა კლუბებმა ეროვნულ გუნდს ტურნირის ბოიკოტირება მოსთხოვეს იმის გამო, რომ ყატარში ადამიანის უფლებები ერღვევა. იდეა გერმანიის გულშემატკივართა გაერთიანებამაც აიტაცა, რომელმაც თავის საიტზე გერმანიის ფეხბურთის კავშირს (DFB) მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წლის შემდეგ, რაც ყატარი 2022 წლის მუნდიალის მასპინძლად გამოცხადდა, უკიდურესად ცუდ პირობებში მუშაობის გამო, დაიღუპა ამ ქვეყანაში დასაქმებული 6 700 მიგრანტი ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნეპალიდან, ბანგლადეშიდან და შრი-ლანკიდან.
კომენტარები