Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველი სამი თამაში ჩაატარა. უმრავლესობის აზრით, ფრანგმა სპეციალისტმა იმ მოკლე დროში, რომელიც მას სამუშაოდ ჰქონდა, გუნდს თავისი კვალი დაატყო და ნაკრებმა საკმაოდ გამართული ფეხბურთი ითამაშა. თუმცა, შედეგი უარყოფითია - 1 ქულა.

საბერძნეთთან (1:1) მატჩის შემდეგ 44 წლის მწვრთნელთან ინტერვიუ ბერძნულმა გამოცემა gazzeta.gr-მ ჩაწერა, სადაც ის საქართველოს ნაკრებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, საბერძნეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზე საუბრობს. ვილი მიიჩნევს, რომ სალონიკიში დაფიქსირებული შედეგი (ფრე) სამართლიანი და ლოგიკური იყო, რადგან საგოლე შანსები პირველ ტაიმში მასპინძლებსაც ჰქონდათ:

"ჩემი აზრით, პირველ ტაიმში საბერძნეთმა უკეთ ითამაშა. ორი-სამი კარგი საგოლე შანსი ჰქონდა. მეორე ტაიმში, პირიქით - ჩვენ უფრო კარგად ვითამაშეთ. ანგარიშში ჩამოვრჩით, მაგრამ გავათანაბრეთ. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ფრე ლოგიკური და სამართლიანი შედეგია. საქართველოს ნარებში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გამიმართლა, რომ დიდი მენტალიტეტის ფეხბურთელები მყავს. მათ ამ სამ მატჩში ყველაფერი გაიღეს, დისციპლინით ვითამაშეთ. თამაშის ხარისხი კარგი იყო და ჩვენი მუშაობით ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ", - თქვა ფრანგმა.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შესარჩევში [ჰაილაითები]

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ჯერჯერობით 2 გოლი გაიტანა და ორივე ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. 20 წლის შემტევს დიდი პოტენციალი რომ აქვს, სანიოლიც ადასტურებს, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ მას გარკვეულ საკითხებში მოსამატებელი და სამუშაო აქვს:

"კვარაცხელია ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს. ამის მიუხედავად, მოუწევს მნიშვნელოვან ელემენტებზე მუშაობა, რათა 90 წუთის განმავლობაში თანაბრად კარგად ითამაშოს. მან ესპანეთთან და საბერძნეთთან ძალიან კარგად ითამაშა და იმედი მაქვს, რომ ასე გააგრძელებს", - ამბობს სანიოლი.

ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა

როგორც ვთქვით, საქართველოს ნაკრებმა სამ ტურში ქულა მოიპოვა, ხოლო B ჯგუფს 7 ქულით ესპანეთი ლიდერობს, შემდეგ მოდის შვედეთი, რომელმაც 6 ქულა მოიპოვა და თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. ფრანგი დარწმუნებულია, რომ ეს ორი გუნდი გამოკვეთილი ფავორიტია:

"ვფიქრობ, ესპანეთს და შვედეთს საუკეთესო სტარტი აქვთ. სხვა გუნდებს მათი დაწევა გაუჭირდებათ, მაგრამ წინ ბევრი მატჩია და ყველაფერი შესაძლებელია", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების თავკაცმა.

საბერძნეთის სუპერლიგაში ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. ნიკა ნინუასა და ბაჩანა არაბულის შესახებ მას ჰკითხეს და ვილიმ უპასუხა, რომ ორივე მისი ყურადღების ქვეშაა:

"ორივე, ნინუაც და არაბულიც არიან 40-50-კაციან სიაში. მე გავაგრძელებ ყურადღებით მათზე დაკვირვებას, როგორც ეს აქამდე გავაკეთე".

და ბოლოს, საბერძნეთში შესაძლო მუშაობაზე გააკეთა კომენტარი: "საბერძნეთი ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ ბოდიში, ახლა საქართველოში ვმუშაობ და ძალიან ბედნიერი ვარ. ისე, წარსულში მქონდა საბერძნეთიდან წინადადებები, როგორც მწვრთნელს, მაგრამ ბოლო დროს ეს არ მომხდარა".

ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრები 2 წლით ჰყავს ჩაბარებული

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 3 თამაშის შემდეგ 1 ქულა აქვს (შვედეთთან 0:1, ესპანეთთან 1:2, საბერძნეთთან 1:1) და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდი B ჯგუფში მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს ჩაატარებს - კოსოვოს უმასპინძლებს. მანამდე, ივნისში ორი ტესტ-მატჩი იგეგმება, ერთი მეტოქე ცნობილია - რუმინეთი (2 ივნისს სტუმრად), მეორე მოწინააღმდეგის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები