Thumbnail

წარუმატებელი სტარტი მოსკოვში - დოკვაძემ მხოლოდ ერთ მეტოქეს აჯობა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რუსეთის დედაქალაქში ძალოსნობაში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
  • საღამოს ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების კიდევ ორ წევრს ვიხილავთ

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაწყებულ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში დღეს საქმეში პირველი ქართველი სპორტსმენი ვიხილეთ, თუმცა, მას წარმატებული გამოსვლა ნამდვილად არ ჰქონია. გიორგი დოკვაძემ (55 კგ.) 6-დან მხოლოდ 2 ცდა გამოიყენა და უძლიერეს A ჯგუფში 8 მონაწილე შორის მე-7 ადგილი დაიკავა.

დოკვაძემ ატაცში 105-კილოგრამიანი შტანგა ასწია, მე-2 და მე-3 მისვლებზე კი, შესაბამისად, 108 და 109 კგ-ს ვერ გაუმკლავდა. გიორგიმ იდენტურად იასპარეზა აკვრაშიც. ქართველმა ძალოსანმა მხოლოდ პირველი ცდა (124 კგ.) გამოიყენა, 129 კგ-ს კი 2-ჯერ ვერ მოერია. ჯამში დოკვაძემ 229 კგ. მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ ერთ მონაწილეს აჯობა თურქეთიდან.

გიორგი დოკვაძე ევროპის ჩემპიონატზე

ატაცი - 105 კგ.✅, 108 კგ.❌, 109 კგ.❌

აკვრა - 124 კგ.✅, 129 კგ.❌, 129 კგ.❌

აღნიშნულ წონაში ოქროს მედალი ბულგარელმა ანგელ რუსევმა მოიპოვა ჯამური 258 კგ-ით, ვერცხლი და ბრინჯაო კი, შესაბამისად, რუმინელ ვალენტინ იანკუმა (248 კგ.) და უკრაინელმა დმიტრო ვორონოვსკიმ (247 კგ.) დაისაკუთრეს.

დღესვე, ევროპის ჩემპიონატზე ფიცარნაგზე კიდევ ორ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ. 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის A ჯგუფში ძალებს შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი სცდიან. შეჯიბრი თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები