Thumbnail

'ეს ქართველი ფენომენის დამსახურებაა' - მიქაუტაძის გუნდმა პლეი ოფი გაინაღდა 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მას შემდეგ, რაც ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ლომელი 0:2 დამარცხდა სტ ჟილუასთან, გიორგი მიქაუტაძის სერენმა პლეი ოფის საგზური გაინაღდა. შაბათს სერენმა მიქაუტაძის ერთადერთი გოლის წყალობით დეინზე დაამარცხა და 48 ქულა აქვს. ახლა ქართველი ფორვარდის გუნდი მე-2 პოზიციაზეა (სტ ჟილუამ უკვე მოიპოვა ჟუპილერ ლიგის საგზური) და ლომელს 8 ქულით უსწრებს, სეზონის ბოლომდე კი 2 ტური რჩება. 

სხვათა შორის, მართალია, სტ ჟილუამ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ მის ფორვარდ დანტე ვანზეირს არ უთამაშია და ახლა ლიგას ისევ ორი თანაბომბარდირი ჰყავს - მიქაუტაძე და ვანზეირი 19-19 გოლით. ასე რომ, საქართველოს ნაკრების ახალწვეულს ბომბარდირთა დავის მოგების კარგი შანსი აქვს.  

მიქაუტაძის ანგარიშზე 19 გოლი და 2 ასისტია

17 აპრილს სერენი ლიერსს მასპინძლობს, ხოლო 24-ში ლომელს ესტუმრება. ამის  შემდეგ ვალონური კლუბი ელიტაში გადასასვლელ პლეი ოფში ჩაერთვება. სერენი მე-17 ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება ჟუპილერ ლიგიდან, ჯერ შინ, შემდეგ - სტუმრად. 

sporza.be: "სერენის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფრანგ/ქართველი ფენომენი ჟორჟ მიქაუტაძეა. მეციდან განათხოვრებულ ფორვარდს საოცარი პირველი ნახევარი ჰქონდა სეზონში - 9 მატჩში 15 გოლი გაიტანა! ამის შემდეგ 20 წლის მოთამაშემ ცოტა მოუკლო, მაგრამ ის მაინც რჩება გუნდის მთავარ იარაღად. 

📺 მიქაუტაძის გოლი დეინზეს კარში

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში დაბადებულია, ის ლიონის აკადემიის გაზრდილია და მეცის საკუთრებაა. მიქაუტაძეს უკვე ჰქონდა დებიუტი ლიგა 1-ში. ახლახან მან 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება ფრანგულ კლუბთან. სერენში მან 20 მატჩში 19 გოლი გაიტანა, მის ანგარიშზე 2 საგოლე პასიცაა. მიქაუტაძემ ქართული პასპორტი მიიღო და მას შვედეთის ნაკრებთან დებიუტი ჰქონდა ეროვნულ გუნდში. 

კომენტარები

ბოლო ამბები