Thumbnail
  • 14 აპრილი | ⌚ 22:55 | ⚽ დორტმუნდი V მანჩესტერ სიტი
  • პირველი მატჩი სიტიმ ბორუსიას 2:1 მოუგო
  • დორტმუნდში სენსაციის იმედი აქვთ, სიტი ფრთხილად უნდა იყოს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ
  • PREVIEW | კიდევ ერთი სასწაული? რა შანსი აქვს ლივერპულს რეალთან

მანჩესტერ სიტი დორტმუნდთან აშკარა ფავორიტი იყო და საპასუხო მატჩის წინაც ასეა, მაგრამ პირველ მატჩში დაფიქსირებული 2:1 ისეთი ანგარიშია, ხოსეპ გვარდიოლას გუნდს მშვიდად ყოფნის საშუალებას რომ არ აძლევს. წინა მატჩი სიტიმ უჩვეულოდ ცუდად ჩაატარა და გაუმართლა, თუნდაც 2:1 რომ მოიგო.

საპასუხო შეხვედრაში ბორუსიას ნახევარფინალში გასასვლელად ან მშრალი ანგარიშით მოგება სჭირდება, ანაც 2-ბურთიანი სხვაობით. თუმცა დორტმუნდლებმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 2 ან მეტბურთიანი სხვაობით, ან მშრალი ანგარიშით, ევროპის TOP 5 ქვეყნის წარმომადგენელს ბოლოს 2014 წლის აპრილში მოუგეს. ერთი სიტყვით: სიტი ფავორიტია, მაგრამ ბორუსია თავისას ეცდება.

გერმანულ კლუბს ოპტიმისტურად განწყობის უფლებას ის ფაქტი აძლევს, რომ BVB-მ მანჩესტერში საკმაოდ კარგად ითამაშა. კევინ დე ბრუინის გოლს იქ მარკო როისმა 84-ე წუთზე უპასუხა, მაგრამ გვარდიოლას გუნდმა თამაში მაინც მოიგო - ფოდენის გვიანი გოლით.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პირველი მატჩის წაგების შემდეგ, დორტმუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლა 7-დან მხოლოდ 1 შემთხვევაში მოახერხა. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ 1 შემთხვევაშიც საქმე ლისაბონის ბენფიკას ეხებოდა (2016/2017), რომელიც შორს იყო ისეთი ფავორიტობისგან, როგორი სტატუსიც დღეს სიტის აქვს. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ისტორიაა, რომელიც არცთუ იშვიათად იცვლება ხოლმე და ფაქტია, რომ ერლინგ ჰაალანდი და კომპანია სიტის დასამაცხებლად ყველაფერს გააკეთებენ.

სიტისთან BVB-ს მთავარი იმედი ერლინგ ჰაალანდია

სიტისთან პირველი მატჩის წაგების შემდეგ, ბორუსიამ ბუნდესლიგაში შტუტგარტს კი მოუგო (3:2), მაგრამ დორტმუნდელების მდგომარეობა გერმანიის ჩემპიონატში მაინც ძალიან რთულია. BVB-ს შანსი, მოხვდეს საუკეთესო ოთხეულში და მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის საგზური, მინიმუმამდეა შემცირებული. ბუნდესლიგის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი და ბორუსია მე-4 ადგილზე მყოფ აინტრახტს 7 ქულით ჩამორჩება. ამიტომ, BVB-სთვის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის თასია იმის შანსი, რომ ძალიან ცუდი სეზონი ცოტათი მაინც გადაარჩინოს.

აღსანიშნავია, რომ დორტმუნდმა სიტის ჩემპიონთა ლიგაში აქამდე მხოლოდ ერთხელ უმასპინძლა (2012 წელს, ჯგუფურ ეტაპზე) და 1:0 მოუგო - ეს ის ანგარიშია, რომელიც ბორუსიას ნახევარფინალში გასასვლელად ეყოფა. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ დორტმუნდს დაცვაში პრობლემები აქვს და ბოლო 7 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 1-ში შეინახა კარი მშრალად.

კაპიტანი მარკო როისი და დაცვის ლიდერი მატს ჰუმელსი სიტისთან თამაშოდ მზად არიან - მიუხედავად იმისა, რომ შტუტგარტთან მცირე ტრავმების გამო შეცვალეს. ჯეიდონ სანჩო BVB-ს ისევ ვერ დაეხმარება. შესაძლოა, ანსგარ კნაუფი კვლავ ძირითადში ვიხილოთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 9 მატჩიდან 8 მოიგო.

⚽ სიტი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 მატჩიდან 6-ში პირველ ტაიმსაც იგებდა და თამაშსაც.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში დორტმუნდის ბოლო 7 თამაშიდან 6-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ დორტმუნდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაუშვა.

⚽ დორტმუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ევროპის TOP 5 ქვეყნის წარმომადგენელს 2-ბურთიანი (ან მეტი) სხვაობით, ან ნულზე ბოლოს 2014 წლის აპრილში მოუგო.

⚽ თუმცა ბორუსიას ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში 8-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს (5 მოგება, 3 ფრე) და ბოლო 4 ასეთ შეხვედრაში პირველ 20 წუთში ანგარიში გახსნა.

⚽ მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგის ბოლო 19 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული და ბოლო 5 წელიწადში მეორედ შეუძლია ნახევარფინალში გასვლა.

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 გასვლით მატჩში ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა საწყის 30 წუთში ანგარიში გახსნა და ბოლო 4 გასვლით მატჩში გოლი არ მიუღია.

⚽ პირველ მატჩში დორტმუნდელთა მხრიდან გოლი მარკო როისმა გაიტანა, ახლა ჩემპიონთა ლიგაში უკვე 18 გოლი აქვს და ამით ბორუსიას ბომბარდირია.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-1-4-1): ჰიტცი - მორეი, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო - ემრე ჯანი - რეინა, ბელინგემი, დაუდი, როისი - ჰაალანდი.

ტრავმა: მუკოკო, სანჩო, შმელცერი, ვიტსელი, ზაგადუ

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, რუბენ დიასი, სტოუნსი, ჟოაო კანსელო - დე ბრუინი, როდრიგო, გიუნდოგანი - მაჰრეზი, ბერნარდო სილვა, ფოდენი.

ტრავმა: აგუერო, ლაპორტი

კომენტარები

ბოლო ამბები