Thumbnail
  • გიორგი მაკარიძემ ესპანიოლთან გამორჩეულად ითამაშა
  • 31 წლის მეკარის გუნდი ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის

ესპანური ალმერიას მეკარე გიორგი მაკარიძე ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 31 წლის კიპერმა ესპანიოლთან შესანიშნავი თამაში ჩაატარა და თავის გუნდს ქულის (1:1) მოპოვებაში ძალიან დაეხმარა.

ალმერია ამ შეხვედრაში უმარ სადიქის გოლით იგებდა, მაგრამ ბარსელონელებმა მალევე გაათანაბრეს. 68-ე წუთზე კი გიორგის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, თუმცა რაულ დე ტომასს ქართველმა მეკარემ აჯობა და თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მან გუნდის გადარჩენა მერეც მოახერხა, როცა იმავე დე ტომასის თავური დარტყმა მოიგერია.

მაკარიძე დე ტომასის პენალტს იგერიებს

გამორჩეული თამაში მაკარიძეს ცნობილმა ესპანურმა გამოცემა As-მა დაუფასა და 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ალმერიას გმირის სტატუსით შეიყვანა:

"ალმერიას ქართველი მეკარე გუნდის გმირი გახდა მას შემდეგ, რაც კატალონიელთა ფეხბურთელ რაულ დე ტომასის პენალტი მოიგერია. უფრო მეტიც, მან მოახერხა ვისენტე მორენოს გუნდის ყველა დარტყმის განეიტრალება, ლანდრი დიმატას თავურის გარდა", - წერს გამოცემა.

ალმერია ლა ლიგა 2-ში 35 ტურის თავზე 61 ქულით მე-3 ადგილზეა, რაც პლეი ოფში თამაშის შესაძლებლობას იძლევა. ლა ლიგაში პირდაპირ გამსვლელ მე-2 ადგილთან (მალიორკა) გიორგის გუნდი 7-ქულიან ჩამორჩენაში იმყოფება და სეზონის ბოლომდეც 7 ტურია დარჩენილი. ალმერია მომდევნო შეხვედრაში 25 აპრილს, მირანდესს სტუმრად დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ გიორგი მაკარიძეს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 26 თამაში აქვს ჩატარებული.

📺 მაკარიძის მოგერიებული პენალტი ესპანიოლთან

კომენტარები

ბოლო ამბები