Thumbnail
  • სუპერლიგა ფიფას და უეფას ფიქციად აქცევს
  • პატარა და საშუალო კლუბები ყველაფერს კარგავენ
  • სუპერლიგა პანდემიამ დააჩქარა
  • თუ შეთანხმება ვერ შედგა, ორივე მხარე ერთმანეთს დააზარალებს

"ფეხბურთში ყველაზე ლამაზი ის არის, რომ აქ სუსტსაც შეუძლია ძლიერის დამარცხება", - ასე მოკლედ, მაგრამ ამომწურავად შეაფასა მარსელო ბიელსამ ფეხბურთის, ამ ყველაზე დიდი და ყველაზე სახალხო თამაშის არსი. ბიელსამ ეს ფრაზა სუპერლიგის კონტექსტში თქვა, ანუ იმ ლიგის, რომელშიც ძლიერმა სუსტთან აღარასოდეს უნდა წააგოს, რადგან სუსტების ადგილი უბრალოდ აღარ იარსებებს.

სუპერლიგა ის იდეაა, რომელიც ფეხბურთში რევოლუციას ნიშნავს. ფეხბურთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას - მსგავსი კრიზისი ამ თამაშს ბევრი ათწლეულია არ უნახავს. ემოციური და ღირებულებითი მხარე გასაგებია - სახალხო თამაშის მილიარდელების ჩაკეტილ კლუბად გადაქცევა რატომ უნდა გინდოდეს?! თუმცა ამის მიღმა, ეს იდეა ძალიან სახიფათოა სამართლებრივი, ფინანსური და სხვა კუთხითაც. რა რისკებს შეიცავს სუპერლიგის იდეა?

სისტემის რღვევა

ფეხბურთი იმით განსხვავდება კალათბურთის, რაგბის და მრავალი სხვა სპორტისგან, რომ მისი ისტორიული განვითარება ერთი ორგანიზაციის, ერთი სისტემის - ფიფას და უეფას (ევროპის შემთხვევაში) ფარგლებში მოხდა. ბოლო პერიოდში ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებული სკანდალების მიუხედავად, ამ თამაშს ეს მხოლოდ წაადგა - მსოფლიო ფეხბურთი სისტემურად განვითარდა და მისი ყველა სუბიექტი თამაშის საერთო წესებს ემორჩილებოდა. ის, ვინც გახარებული ამბობს, რომ რა სჯობს ყოველ კვირას რეალი-ბარსელონას ან იუვენტუსი-მანჩესტერის ყურებას, ვერ ხვდება, რომ ამ ერთი შეხედვით ფერადი იდეის მიღმა, სისტემის რღვევა დგას. ყველაზე ძლიერი და ყველაზე გავლენიანი კლუბები უარს აცხადებენ, იყვნენ ერთიანი სამართლებრივი და ეკონომიკური სივრცის ნაწილი. ანუ ფიფაც, უეფაც და სხვა ორგანიზაციებიც ყველანაირ გავლენას და ბერკეტს კარგავენ. ფეხბურთს ის კლუბები მართავენ, რომელთაც ეს საფეხბურთო რევოლუცია დაიწყეს და ბუნებრივია, მართავენ ისე, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ.

ანიელი და პერესი სუპერლიგის მთავარი შემოქმედები არიან

ერთი მხრივ, ეს ორგანიზაციული ქაოსია, ისეთი როგორიც, მაგალითად, კალათბურთში ევროლიგის და სანაკრებო შეხვედრების ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში ხდება. მეორე მხრივ, მათი პირობის მიუხედავად, არ იარსებებს ბერკეტი, რომელიც ამ კლუბებს ნაკრებში ფეხბურთელებს გააშვებინებს ან ეროვნული ჩემპიონატების კალენდრის პატივისცემას აიძულებს.

უფრო მეტიც: ფლორენტინო პერესი უკვე დღევანდელ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ თუკი ახალგაზრდობას ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებს, შესაძლებელია თამაშის დროს 80 წუთამდე შემცირება. ეს და ნებისმიერი სხვა ცვლილება, თუკი ადრე ფიფა-უეფას, ანუ ერთიანი სამართლებრივი სისტემის პრეროგატივა იყო, დღეს მხოლოდ კლუბების პირადი გადაწყვეტილების შედეგი იქნება. ის რეალი-ბარსელონა თუ იუვენტუსი-მანჩესტერი, რომელიც ყოველ კვირას გაიმართება, დიდი ალბათობით, აღარ იქნება ის თამაში, რომელიც გიყვარდათ - შოუს და ბიზნესის კომპონენტი საბოლოოდ ჩაანაცვლებს სპორტულ ელემენტს.

მართვის ერთიანი სისტემის გარეშე წესები, თამაშის რეგლამენტი ა.შ. შეიძლება მუდამ და უსისტემოდ შეიცვალოს. ამის დარეგულირების არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ იარსებებს.

ეკონომიკური კოლაპსი

ფლორენტინო პერესი ინტერვიუში ბევრ ზღაპარს ყვებოდა. მაგალითად იმას, თუ როგორ უნდა ჩაედინებოდეს ფული პირამიდის პრინციპით ზემოდან ქვემოთ - სუპერლიგის კლუბებიდან პატარა კლუბებამდე. ფლორენტინოს პოზიცია გასაგებია, ის მხოლოდ თავისი კლუბის ინტერესებზე ზრუნავს, თუმცა ობიექტურად, ამ ყველაფრის მოსმენაც კი უხერხული იყო. სუპერლიგის იდეა ნათელია - მთელი ფინანსები და შემოსავლები იმ კლუბებისკენ უნდა წავიდეს, რომლებიც ამ ლიგაში არიან გაწევრიანებულები და რომლებიც გულშემატკივრის დიდ პროცენტს აკონტროლებენ.

ერთი სიტყვით, ამ კლუბებს თავისი შემოსავლების საშუალო თუ პატარა კლუბებისთვის განაწილება აღარ სურთ. არ უნდათ, რომ იგივე ტურნირში (როგორიც ჩემპიონთა ლიგა იყო) მონაწილეობის გამო პატარა გუნდებმა შემოსავლების ნაწილი მიიღონ.

სუპერლიგა, უპირველეს ყოვლისა, ის ტურნირი კი არ არის, რომელიც ფეხბურთს ახალ აუდიტორიაზე ან ახალ ბაზრებზე გაიყვანს, არამედ ის, რომელიც უკვე არსებული შემოსავლების ახლიდან, სუპერკლუბების სასარგებლოდ გადანაწილებას გეგმავს. დიდი კლუბები დახურულ ფორმატში შემოსავლების უდიდეს ნაწილს თავისთვის წაიღებენ და აუდიტორიის ინტერესიც და შემოსავალიც მხოლოდ ამ ლიგაში, მის მონაწილეთა შორის იტრიალებს.

მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა ეს რომელიმე დიდი კლუბისთვის ხეირიანი საქმე იყოს. მისი შემოსავლები გაიზრდება. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ფეხბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საშუალო და პატარა კლუბებს შეადგენს, გაღატაკდება, დაკარგავს ხარისხს და შემოსავლებს და ზოგადად, ფეხბურთისადმი ინტერესი აუცილებლად დაიკლებს. თუნდაც, 15 უდიდესი კლუბი ვერაფრით ჩაანაცვლებს იმ სახალხო ინტერესს, რომელსაც პლანეტაზე არსებული ასობით თუ ათასობით გუნდი იღებს. მთლიანად საფეხბურთო ბაზარი გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მცირე გახდება და ეს ადრე თუ გვიან დიდ კლუბებსაც დაარტყამთ.

მაგალითის მიხედვით ვიტყვი: ვალენსია, რომა, პორტუ, აიაქსი და სხვა ამ ტიპის კლუბები თავის შემოსავლებზე არიან მიბმულები. ჩემპიონთა ლიგა მათ საშუალებას აძლევს, რომ კარგი თამაშის შემთხვევაში სუპერკლუბების გვერდით აღმოჩნდნენ - ეს შემოსავლებზეც აისახება, თამაშის ხარისხზეც და ამ კლუბების პოპულარობაზეც. სუპერკლუბების გარეშე ასეთ კლუბები მაშინვე კარგავენ თავისი შემოსავლების უდიდეს ნაწილს, რაც განაპირობებს თამაშის ხარისხის ვარდნას და საბოლოო ჯამში, აისახება აუდიტორიის ინტერესზეც. ანუ მხოლოდ რომელიმე კლუბი - რომა ან პორტუ კი არ დაკარგავს გულშემატკივარს, ზოგადად, ფეხბურთი დაკარგავს.

უფრო უარესად არის საქმე კიდევ უფრო პატარა კლუბების (მაგალითად, სელტიკი, ფერენცვაროში, დინამო კიევი, ოლიმპიაკოსი ა.შ.) შემთხვევაში, რადგან თუ ზემოხსენებული რომას ან აიაქსის ტიპის გუნდებს პერიოდულად მაინც შანსი შეიძლება ჰქონდეთ, რომ სუპერლიგაში ვაკანტური ხუთი ადგილიდან ერთ-ერთი უწყალობონ, ამ გუნდებს ამის შანსი არასოდეს ექნებათ. ეს ფეხბურთის ინტერესისადმი კლებას (შესაბამისად, შემოსავლების და ხარისხის კლებასაც) ნიშნავს ლოკალური მასშტაბით - გლაზგოში, ბუდაპეშტში, კიევსა თუ ათენში.

ჩვენებური მაგალითი იყოს: მაშინ, როცა ქართულ კლუბებს შორეული ოცნება მაინც შემორჩათ, რომ ოდესმე ლიგაზე ითამაშონ, ახალი ფორმატით დინამო თბილისი რეალის წინააღმდეგ ვერასოდეს ითამაშებს, ვერცერთხელ - ამის თუნდაც თეორიული საშუალება არ იარსებებს. ამის შემდეგ რომელიმე ბიზნესმენს ფეხბურთში ფულის ჩადების სურვილი რატომ უნდა მოემატოს?! ისევ და ისევ ფინანსების და თამაშის ხარისხის კლებამდე მივდივართ.

ნაკრების მაგალითზე ვიტყვი: ესპანეთის ჩამოსვლა და მათთან კონკურენტული თამაში ეროვნული გუნდისთვის ახალ იმპულსად, ახალ ემოციად იქცა. წარმოიდგინეთ ახლა, ესპანეთის და მსგავსი თამაშების შესაძლებლობა ნაკრებს არასოდეს რომ არ ჰქონდეს, ეს ხომ აისახება ნაკრების და, ზოგადად, ფეხბურთისადმი ინტერესზე, თუნდაც მხოლოდ ქართული მასშტაბით?!

სპორტული პრინციპი

ამ საკითხზე ბევრი რამ ითქვა და აღარ დავკონკრეტდები. დახურული სუპერლიგის იდეა სპორტულ, მერიტოკრატიულ პრინციპს ეწინააღმდეგება. ამერიკული სპორტის მაგალითი ამ შემთხვევაში სწორი ვერ იქნება. ამერიკული სპორტი თავის გულშემატკივრის ბაზასთან მიბმული ნაკლებად არის - ხალხი იქ სპორტზე გასართობად დადის, მეგობრებთან ერთად დრო გაყავს, იღებს საკვებს და ა.შ. რაც თავად მინახავს ტრიბუნებზე, იმას ვამბობ.

ევროპული ფეხბურთი პირდაპირ მიბმულია თავის ქალაქთან, თავის რეგიონთან, მის ტრადიციასა და კულტურასთან. ფეხბურთი იდენტობის გამომხატველია. შესაბამისად, ფეხბურთის ევროპული (და არამხოლოდ ევროპული) გაგება თავისი არსით გამორიცხავს მხოლოდ ბიზნესის და შოუს ელემენტებს. სწორედ ამიტომ ალაპარაკდნენ ექსპერტები, ჟურნალისტები, ფეხბურთელები და გულშემატკივარი "ფეხბურთის სიკვდილზე".

რატომ ახლა?

სუპერლიგის იდეაზე 20 წელზე მეტია ლაპარაკობენ. თუმცა ეს იდეა სულ თეორიად რჩებოდა. წლიდან წლამდე ახალი რეფორმებით უეფა ახერხებდა, რომ დიდი კლუბებისთვის დამატებითი უფლებები და შესაძლებლობები მიეცა: იზრდებოდა წამყვანი ქვეყნების გუნდების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაზე, მათი გარანტირებული ადგილი, თამაშების რაოდენობა ა.შ. სუპერლიგის პრინციპები უეფას ნელ-ნელა ჩემპიონთა ლიგაშიც გადმოჰქონდა. ახალი, 36-გუნდიანი ფორმატიც (რომელიც არაფრად ვარგა) ამისი დადასტურებაა. ანუ უეფა სუპერკლუბებს ბევრ რამეს ისედაც უთმობდა. მაშინ ჩნდება კითხვა - რატომ ახლა?

ფიფა და უეფა სანქციებით იმუქრებიან

პასუხი პანდემიაშია. ფეხბურთის ეკონომიკა ბოლო ბევრი წელია არაჯანსაღი გზით, პირამიდის პრინციპით იმატებდა - იზრდებოდა სატრანსფერო თანხები და ხელფასები, იზრდებოდა დიდი კლუბების გასავალი. რაღაც ეტაპამდე დიდი კლუბები ახერხებდნენ გასავალის პარალელურად შემოსავალიც გაეზარდათ, თუმცა მივედით იმ წერტილამდე, როდესაც გასავალი შემოსავალს ასწრებს. ამას მოულოდნელად პანდემიაც დაემატა, როცა კლუბებმა შემოსავლის დიდი ნაწილი დაკარგეს, გასავალი კი თითქმის იგივე დარჩათ. ამ სიტუაციაში მათ უარი უნდა ეთქვათ ახალ ტრანსფერებზე, დიდ ხელფასებზე და ფეხბურთელების დიდ ნაწილზე და ახლიდან დაეწყოთ კლუბის სტრუქტურირება ბევრად უფრო მომჭირნე და რეალისტური მოდელით, ან სადმე ახალი შემოსავალი ეპოვათ.

სუპერკლუბების ვალები 4 მილიარდ ევროზე მეტია. ისინიც ამ შემოსავლის ძებნის პროცესში, ვა-ბანკზე ანუ სისტემის რღვევაზე წავიდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ ამ იდეას არ შეუერთდა მიუნხენის ბაიერნი - ეკონომიკურად ყველაზე გამართული სუპერკლუბი და ერთ-ერთი მოთავე იყო იუვენტუსი, რომელმაც პანდემიის პირობებში რეკორდული წლიური ზარალი (176 მილიონი ევრო) ნახა. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეს იდეა ასე მოულოდნელად.

რა შეიძლება მოხდეს?

ფიფა და უეფა არამხოლოდ ზოგადად ფეხბურთისთვის, არამედ თავისი თავისთვისაც იბრძვიან. სუპერლიგა ამ ორგანიზაციებს ფიქციად აქცევს. სწორედ ამიტომ, ისინი ყველა ხერხს მიმართავენ, ეს რომ არ გამოვიდეს. სუპერკლუბები დიდ რისკზე წავიდნენ - შესაძლოა 5-10 წელიწადში სუპერლიგის ეს იდეა უფრო რეალური და უმტკივნეული ყოფილიყო. ახლა კი, პანდემიიდან გამომდინარე ჩქარობენ და მოუმზადებლები არიან. ამ კლუბების გარეშე ფეხბურთი ინტერესის უდიდეს ნაწილს დაკარგავს, თუმცა ფიფას და უეფას შეუძლიათ, რომ სუპერლიგას ხელი შეუშალონ. ამისთვის რეალური ბერკეტები აქვთ: ეროვნული ჩემპიონატებიდან გაძევება, ჩემპიონთა ლიგიდან გაძევება, სანაკრებო ტურნირებიდან სუპერლიგის კლუბების ფეხბურთელების მოკვეთა, ტრანსფერების ანულირება და ახალი ტრანსფერების აკრძალვა. გარდა ამისა, უცნობია, თუ როგორ უნდა მოახერხონ სუპერლიგის უკვე აგვისტოში დაწყება. მაგალითად, ფიფას და უეფას გარეშე, საიდან მოიყვანენ მსაჯებს?!

პარასკევს უეფას რიგგარეშე სხდომაზე ბევრი რამ გადაწყდება

სწორედ ამიტომ, ყველაზე დიდი ალბათობით სუპერლიგის მესვეურებს მოლაპარაკების იმედი აქვთ. სრულიად მარტო და ასეთ მოკლე დროში, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ დამოუკიდებლად მოქმედების რესურსი. თუ ეს მოლაპარაკება არ შედგა, ორივე მხარეს შეუძლია ერთმანეთს განუსაზღვრელი ზიანი მიაყენოს - უეფას დიდი კლუბების გარეშე არსებობა გაუჭირდება, თავის მხრივ, დიდ კლუბებსაც გაუჭირდებათ უეფას შეზღუდვების ფონზე არსებობა. ეს იქნება ბრძოლა დაღლამდე, ანუ ვის გაუთავდება პირველი რესურსები და ვინ დანებდება პირველი. ფეხბურთი ისტორიული კოლაფსის ზღვარზეა - ეს ყველაფერი ბრძოლად ღირს.

პელე: 'ფეხბურთი უდიადესი თამაშია - მასში ყველა თანასწორია.'

კომენტარები

ბოლო ამბები