Thumbnail
  • მილანში ჯანლუიჯი დონარუმას მომავალი ბუნდოვანია
  • 21 წლის მეკარემ შესაძლოა კარიერა იუვენტუსში გააგრძელოს

მილანის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, შესაძლოა, "როსონერიში" ბოლო სეზონს ატარებს. 21 წლის მეკარეს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მხარეები შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ. იუვენტუსს იტალიელი კიპერის აგენტ მინო რაიოლასთან მოლაპარაკებები დაწყებული აქვს და ფეხბურთელის მომავალს აქტიურად სწორედ ტურინელებს უკავშირებენ.

ზუსტად ერთ კვირაში მილანი სწორედ იუვენტუსს ეთამაშება და თან ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში კონკურენტები არიან. ბენევენტოსთან გუშინდელი მატჩის წინ (2:0) კი დონარუმას მილანელოს ბაზაზე ტიფოზების ორგანიზებული ჯგუფი ესტუმრა და მასთან შეხვედრა მოითხოვა.

დონარუმას მილანთან კონტრაქტი 2 თვეში ეწურება

კლუბმა ფეხბურთელების ფანებთან გაშვებაზე უარი თქვა, მაგრამ დონარუმამ გადაწყვეტილება თავად მიიღო და მათ შეხვდა. როგორც Sky Sport იტყობინება, ტიფოზებმა ჯიჯოს ულტიმატუმიც წაუყენეს - ან შაბათამდე კონტრაქტს განაახლებ, ან იუვენტუსთან არ ითამაშებ! ფანები შიშობენ, რომ ჯანლუიჯი იუვეს შეუთანხმდა და მომავალ კლუბთან საჭირო კონცენტრაციით არ ითამაშებს. გავრცელებული ცნობით, მეკარემ ქომაგებთან ამ შეხვედრაზე იტირა კიდევაც, თუმცა, გულშემატკივრების ულტიმატუმი რა თქმა უნდა, გათვალისწინებული არ იქნება და დონარუმა მომდევნო ტურში იუვეს წინააღმდეგ ითამაშებს. მანამდე ის კონტრაქტსაც რომ არ განაახლებს, მილანის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმაც დაადასტურა. ის მომხდარს გამოეხმაურა და თქვა, რომ მოლაპარაკებები შეჩერებულია.

"მილანის გარდა ვერავინ გადაწყვეტს ვინ ითამაშებს და ვინ გაახანგრძლივებს კონტრაქტს. გარკვეული არჩევანი მწვრთნელის ეკისრება, ხოლო კლუბი კონტრაქტებთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტლებას. ამ მომენტისთვის დონარუმასთან მოლაპარაკებები შეჩერებულია. გუნდმა მხოლოდ სეზონის ფინიშზე უნდა იფიქროს და ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ფეხბურთელების დაცვას, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით", - თქვა მალდინიმ.

მალდინის განცხადებით, დონარუმას კონტრაქტზე მოლპარაკებები შეჩერებულია

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა მილანში 2015 წლიდან თამაშობს და 247 მატჩი აქვს ჩატარებული. კლუბი მას ახალი კონტრაქტით სეზონში 8 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ მეკარე მინიმუმ 10 მილიონ ევროს ითხოვს. ამ ფონზე იუვენტუსი მზადაა მას ეს ხელფასი გადაუხადოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავა. ამგვარად, იუვენტუსი-მილანის მომავალ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და ვინც იმარჯვებს, ალბათ არა მარტო ჩემპიონთა ლიგაზე გავა, არამედ ჯანლუიჯი დონარუმაც მას დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები