Thumbnail

ევრობასკეტის ანალიტიკოსი: ძნელი წარმოსადგენია, საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჯეფ ტეილორი A ჯგუფის ფავორიტებად ესპანეთსა და საქართველოს მიიჩნევს
  • ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წილისყრის შეჯამება გამოქვეყნდა

ევრობასკეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მომავალი ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შეჯამება გამოქვეყნდა, სადაც ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკოსი ჯეფ ტეილორი გუნდების შანსებს განიხილავს. სასიამოვნოა, რომ ის ეჭვქვეშ არ აყენებს ჯგუფიდან საქართველოს ნაკრების გასვლას, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება. აი, რას ვკითხულობთ ევრობასკეტის საიტზე:

“A ჯგუფი, რომელიც თბილისში ჩატარდება, ყურადღებას ნამდვილად იპყრობს. სხვა თუ არაფერი, იქ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები ითამაშებს. მოედანზე ასევე ვიხილავთ რუსეთს, თურქეთს, საქართველოს, ბელგიასა და ბულგარეთს. უდავოა, რომ 2022 წლის ევრობასკეტზე ესპანელთა რიგებში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებსაც ვიხილავთ, ასევე იქნებიან ოლიმპიადის მონაწილენი და ახალგაზრდა ტალანტები, რაც დიდი შედეგების წინაპირობაა. ესპანეთი, ისევე, როგორც ხერბეთი, სრულიად ტურნირის ფავორიტთა რიგებში უნდა დავასახელოთ.

ძნელი წარმოსადგენია, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეს საქართველოს ნაკრები, რომელიც A ჯგუფის მასპინძელია, დანარჩენი 2 ადგილისთვის კი რუსეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იბრძოლებენ და ჩემს პროგნოზსაც გეტყვით. ბელგიას ძლიერი უკანახაზელები ჰყავს, რეტინ ობასოჰანს კი რეალურად შეუძლია თამაშის მიმდინარეობის შეცვლა. მათი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მთავარი მწვრთნელი დარიო გერგა ქვეყანაში უკვე 13 წელია მუშაობს. მართალია, ეს, მისი პირველი ევრობასკეტი იქნება მთავარი მწვრთნელის რანგში, თუმცა, 2015 წელს ხორვატიის ნაკრებში ველიმირ პერასოვიჩის ასისტენტი იყო. ბელგიას შემდეგ ეტაპზე ნამდვილად ვხედავ.

რაც შეეხება მერვედფინალში გამსვლელ ბოლო ადგილს. შეძლებს თუ არა თავისი პოტენციალის გამოვლენას თურქეთის ნაკრები? ალბათ, გახსოვთ, შანხაიში მათ აშშ-ს ნაკრებს დიდი ბრძოლა რომ გაუმართეს და ოვერტაიმში წააგეს. ვითომ ეს უკვე დავიწყდათ? არ მგონია. ბულგარეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ჩადენილი გმირობების გამო პატივისცემას იმსახურებს, თუმცა, მე-4 ნაკრები, რომელიც ჯგუფიდან გავა, რუსეთი იქნება. სერგეი ბაზარევიჩი ამ საქმეში დიდი ხანია, ჯერ, როგორც მოთამაშე, ახლა კი, როგორც – მწვრთნელი. უდავოა, რომ მას ყოველმხრივ კარგად მომზადებული გუნდი ეყოლება”.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინშია (გერმანია) დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები