Thumbnail
  • 📅 8 მაისი | ⌚ 20:15 | ⚽ დინამო ბათუმი V დინამო თბილისი
  • დინამო ბათუმი მოგების შემთხვევაში დინამო თბილისს დაეწევა
  • თბილისელებს უპირატესობის გაზრდის შანსი აქვთ
  • ბათუმში თამაშს 6 200 გულშემატკივარი დაესწრება

ტურის, წრის და შესაძლოა სეზონის ცენტრალური მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე, მინდვრის განახლებულ საფარზე და თანაც, მაყურებლებთან ერთად - ბათუმი საფეხბურთო ზეიმის მოლოდინშია. ბოლო წლებში ეს ქართულ საკლუბო ფეხბურთში მთავარი თამაშია - ჩემპიონი დინამო თბილისი და ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი წელსაც ოქროს მედლების მთავარი კანდიდატები არიან.

გულშემატკივრების დასწრების ფაქტორი ამ დაპირისპირებას მართლაც სუპერმატჩად აქცევს. აჭარული კლუბი ბათუმში დაბრუნდა და ახალ სტადიონზე ითამაშებს, ისტორიაში მესამედ, ამჯერად ფანებთან ერთად. კოვიდრეგულაციების შეზღუდვების პერიოდში თამაშზე 6 200 მაყურებელი დაუშვეს და ყველა ბილეთი 6 საათში გაიყიდა. ეს საქართველოს ჩემპიონატისთვის იშვიათი მოვლენაა.

თუმცა, იმისათვის, რომ სუპერთამაშის აფიშა აფიშად არ დარჩეს, მთავარი სიტყვა, რა თქმა უნდა, მაინც ფეხბურთელებმა უნდა თქვან. დინამო თბილისი დინამო ბათუმს 3 ქულით უსწრებს და ორივე გუნდი კონკრეტული ამოცანის წინაშეა: ერთს უპირატესობის გაზრდის შანსი აქვს, მეორეს - გათანაბრების. პირველ წრეში, თბილისში სტუმრებმა გიული მანჯგალაძის ეფექტური გოლით მოიგეს და შინ 3 ქულაც წაიღეს. მას შემდეგ ორი თვე გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად ის, რომ დინამო თბილისმა მოუმატა და სატურნირო ცხრილს დიდი ხანია, სათავეში უდგას.

პირველ წრეში დინამო ბათუმმა თბილისში გიული მანჯგალაძის გოლით 1:0 მოიგო

ბოლო ტურში დინამო ბათუმს ზღაპრული თამაში ჰქონდა - აჭარულ დერბიში ქობულეთის შუქურასთან აგებდა, მაგრამ მერე 8 გოლი გაიტანა და 8:1 მოიგო. იმავე ტურში დინამო თბილისმა ქართულ დერბიში ქუთაისის ტორპედოს მძიმედ, მაგრამ მაინც მოუგო და ცენტრალურ მატჩს კარგ განწყობაზე ხვდება. ორივე გუნდი დასვენებული და კარგად მომზადებულია, რადგან ეროვნულ ლიგაში 10-დღიანი პაუზა იყო.

საინტერესო უნდა გამოდგეს მწვრთნელების დაპირისპირებაც. გია გეგუჩაძე და გიორგი ნემსაძე საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეული სპეციალისტები არიან და მათ ტაქტიკურ თუ ტექნიკურ არჩევანზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გავიხსენოთ ისიც, რომ გეგუჩაძე თავის დროზე ნემსაძის მწვრთნელი იყო დინამო თბილისში. მაშინ, ბათუმელთა დღევანდელმა თავკაცმა თბილისური გუნდი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, ნემსაძე კი გუნდის კაპიტანი გახლდათ.

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი): "ძალიან კარგია, რომ ბათუმში დავბრუნდით, ეს ყველას გვახარებს. გუნდში კარგი განწყობაა, ოპტიმისტურად ვართ და ყველა ფეხბურთელი ფორმაშია. კარგია, რომ წინა თამაშში ბევრმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი, დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და იმედი მაქვს, რომ შუქურასთან გამარჯვება გუნდისთვის გარდამტეხი იქნება. ყველასთვის სასიხარულოა, რომ ბილეთები სწრაფად გაიყიდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ბათუმში ფეხბურთი უყვართ. ეს მიუთითებს, რომ ბათუმში ფეხბურთით ცხოვრობენ და ქართული ფეხბურთისთვის, საქართველოს ჩემპიონატისთვის და განსაკუთრებით დინამო ბათუმისთვის ეს შესანიშნავია. ვფიქრობ, რომ რამდენიმე გუნდია, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის და არამარტო დინამოები. ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რომ ამ თამაშს საჩემპიონო სტატუსი მიენიჭება. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 3 ქულა ბათუმში დარჩეს, მაგრამ საჩემპიონო რბოლისთვის ვერ გეტყვით, რამდენად გარდამტეხი იქნება, წინ კიდევ თითქმის სამი წრეა".

გიორგი პაპავა (დინამო თბილისი): "ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, ბათუმში ბევრი გულშემატკივარი დაესწრება თამაშს და ეს ორმაგ მოტივაციას მოგვცემს, როგორც დინამო ბათუმს, ისე ჩვენ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ფატორი იქნება იმისთვის, რომ კარგი თამაში გამოვიდეს. ჩვენ მზად ვართ და გვჯერა, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ გულშემატკივარს. იმედი გვაქვს, რომ მოვიგებთ და პირველ ადგილს შევნარჩუნებთ".

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 61-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა: 41 მოგება, 10 ფრე და 10 წაგება (124:54 ბურთების ბალანსი თბილისელთა სასარგებლოდ).

⚽ დინამო თბილისისა და დინამო ბათუმის ყველაზე პოპულარული ანგარიშია - 1:0 (12-ჯერ). შემდეგ მოდის 2:1 (8-ჯერ) და 3:1 (7-ჯერ).

⚽ ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება მათ შორის 1994 წლის 18 სექტემბერს შედგა, როცა დინამო თბილისმა 5:3 მოიგო. თბილისელთაგან ხუთივე გოლი არველაძეებმა გაიტანეს: არჩილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, შოთამ - დუბლი. სხვათა შორის, ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა 2012 წლის 11 ნოემბერს და ისევ თბილისელებმა იმარჯვეს.

⚽ გია გეგუჩაძე დინამო თბილისის მწვრთნელი იყო და სწორედ მისი ხელმძღვანელობით, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად, ქართული კლუბი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. იმ გუნდის კაპიტანი გიორგი ნემსაძე გახლდათ.

⚽ დინამო თბილისს დინამო ბათუმი ყველაზე დიდი სხვაობით 2007 წლის 29 ივლისს ჰყავს დამარცხებული (7:0), ხოლო ბათუმელთა ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება 2004 წლის 3 ოქტომბრით თარიღდება (3:0).

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ დინამო ბათუმის ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ დინამო თბილისის ბოლო 5 შეხვედრაში 2-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ დინამო ბათუმმა პირველ წრეში გამარჯვებით (1:0) დინამო თბილისთან 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (2 ფრე, 2 წაგება). თუმცა, ბათუმში ბოლოს აჭარლებმა პრინციპული მეტოქე 2019 წლის 11 მაისს დაამარცხეს (3:2).

⚽ დინამო ბათუმს 11 ტურის შემდეგ ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული (7) და ყველაზე მეტიც გაიტანა (20). საბურთალოსთან ერთად გია გეგუჩაძის გუნდი არის ერთადერთი, რომელიც შინ დაუმარცხებელია.

⚽ დინამო თბილისი ერთადერთი გუნდია მიმდინარე სეზონში, რომელსაც სტუმრად ფრე არ უთამაშია.

⚽ თბილისელთა შემტევ დუეტს (გაბედავა-მარუშიჩი) 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ბათუმელთა შორის ყველაზე შედეგიანი ფანცულაია-ჯიღაურის დუეტია (4-4 გოლი). ამასთან, ჯაბა სეზონის საუკეთესო მეპასეა (4 საგოლე გადაცემა).

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ტეიდი - ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი - ფანცულაია.

დინამო თბილისი (3-4-1-2): მიგინეიშვილი - მონხილი, პაპავა, კობოური - კუცია, გაგნიძე, მექვაბიშვილი, ხარაბაძე - ქარდავა - მარუშიჩი, გაბედავა.

კომენტარები

ბოლო ამბები