Thumbnail
  • კლივლენდ კავალიერსი 102:111 ინდიანა პეისერსი
  • გოგა ბითაძემ მოედანზე 9 წუთი გაატარა, მაგრამ ქულა ვერ მოიპოვა
  • პლეი ოფისთვის მებრძოლმა ინდიანამ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო 

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი დღის მატჩები გაიმართა. მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლმა ინდიანა პეისერსმა, რომელმაც სტუმრად კლივლენდ კავალიერსს დაძაბულ შეხვედრაში აჯობა. 

შეხვედრა მასპინძელთა მცირე უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ გოგა ბითაძის გუნდმა მოუმატა და საბოლოოდ თამაში 9-ქულიანი უპირატესობით მოიგო. 

📺 გოგა მატჩის წინ

ინდიანას შემადგენლობაში, რომელსაც ტრავმის გამო მთავარი ცენტრი მაილს ტერნერი ვერ ეხმარებოდა, 9 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც მეტოქის ფარს 4-ჯერ შეუტია, მაგრამ უშედეგოდ. გოგას ერთი ორქულიანი და სამი სამქულიანი ტყორცნა გაუცუდდა. სტუმართა ქართველი ცენტრის ანგარიშზე 3 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) და 2 დაფარებაა. ბითაძე 2-ჯერ დაჯარიმდა, მისი პლუს-მინუს მანჩვენებელი კი -5 იყო. 

სტუმართა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ლიეტუველმა ცენტრმა დომანტას საბონისმა შეიტანა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა - 21 ქულა, 20 მოხსნა, 9 პასი. ასევე ორმაგი დუბლით გამოირჩა კარის ლევერტიც - 20 ქულა და 10 პასი, პეისერსში ყველაზე მეტი ქულა კი კელან მარტინმა მიითვალა - 25, რაც ფორვარდის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. 

კლივლენდში 25 ქულით კოლინ სექსტონი გამოირჩა, ორმაგი დუბლები კი აიზეკ ოკორომ (22 ქულა, 10 მოხსნა) და დინ უეიდმა (19 ქულა, 12 მოხსნა) მიითვალეს.

📺 კლივლენდი V ინდიანა

ინდიანა პეისერსს 32 მოგება და 36 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, რაც პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლის შანსს იძლევა. ბითაძის გუნდს რეგულარულ სეზონში ოთხი მატჩი რჩება ჩასატარებელი, უახლოესი შეხვედრა კი 12 მაისს, შინ ფილადელფიასთან აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები