Thumbnail
  • ინტერის საჩემპიონო კლუბად გარდაქმნა მხოლოდ ანტონიო კონტეს დამსახურებაა
  • იტალიელი ყველა კლუბში მართვის ბერკეტებს სრულად ითხოვს
  • ინტერმა კონტეს ყველა მოთხოვნა შეასრულა - სრული კონტროლი მთელ კლუბზე
  • მისი ფეხბურთი დოგმატური და სისტემურია
  • ანტონიოს სისტემაში მთავარი ფეხბურთელი ცენტრფორვარდია

"მილანის ინტერში მიხვდნენ, რომ გამარჯვების ფორმულა იუვენტუსიდან უნდა აეღოთ და იუვეს ყოფილ ხალხს დაუძახეს’ - ასე ახსნა შტეფან ლიხტშტაინერმა ინტერის წლევანდელი წარმატება. მილანელებმა 11-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონობა მოიპოვეს და ეს მიღწევა ყველაზე მეტად ერთ კაცს, ანტონიო კონტეს უკავშირდება. მან სულ რაღაც ორ წელიწადში მუდმივად პრობლემატური და ქაოტური ინტერი ძალიან ორგანიზებულ კლუბად გარდაქმნა.

ეს მისი პირველი მსგავსი წარმატება არ არის. სწორედ კონტემ დაიწყო კალჩოპოლის კრიზისის შემდეგ იუვეს 9-წლიანი დომინაცია, მერე კი მოიგო პრემიერლიგა არცთუ ისე ძლიერი ჩელსით.

როგორია კონტეს სტილი და როგორ გახდა ინტერი მისი კლუბი?

Pazza Inter უნდა დასრულდეს

Pazza Inter amala (‘გიყვარდეს შეშლილი ინტერი’) - ეს "ნერაძურის" ჰიმნის მთავარი სიტყვებია. ‘შეშლილი ინტერი’ მილანური კლუბის ძალიან ზუსტი განსაზღვრებაა. ალბათ არცერთ სუპერკლუბს არ უნახავს იმდენი ტანჯვა, არ დასჭირვებია გამარჯვების ლოდინი იმდენ ხანს, რამდენიც ინტერს. ‘ინტერისტები’ ყოველთვის საუბრობენ, რომ ამ კლუბის დნმ-ში ტანჯვის, მოთმენის კულტურაა. თუკი მათი მთავარი კონკურენტი იუვენტუსი ისტორიულად პრაგმატიზმის, ორგანიზაციის და დისციპლინის სიმბოლოა, ინტერი უფრო მოულოდნელობასთან, არაპროგნოზირებულობასთან ასოცირდება. ოღონდ ერთი შესწორებით: ეს არაპროგნოზირებულობა უფრო მეტად უსიამოვნო წაგებებს ნიშნავს, ვიდრე მოულოდნელ გამარჯვებებს.

ასე იყო 2002 წლის 5 მაისს, როდესაც ინტერმა მოგებული 'სკუდეტო' ბოლო ტურში თავისი ხელით აჩუქა იუვენტუსს. ასე იყო ჯერ კიდევ 1961 წელს, როდესაც კატანიაში ინტერმა ჩემპიონობა დრამატულად დათმო. ასე იქმნებოდა კლუბისთვის ტრაგიკულად მოულოდნელი ეპიზოდები - 5 Maggio და Clamoroso al Cibali.

ინტერის გულშემატკივარი 'სკუდეტოს' დუომოსთან ზეიმობს

სწორედ ამიტომ, როცა ინტერში თავისი მანიაკალური წესრიგით და ორგანიზაციით ცნობილი ანტონიო კონტე მივიდა, მისი ერთ-ერთი პირველი სურვილი ის იყო, რომ მისი ინტერი Pazza Inter აღარ უნდა ყოფილიყო. ეს მან ერთ-ერთ პირველ პრესკონფერენციაზევე გაახმოვანა. იქ, სადაც კონტეს წესრიგია, შეშლილობის და მოულოდნელობის ადგილი აღარ რჩება. სწორედ კონტეს მისვლის შემდეგ, ინტერის საშინაო თამაშებზე Pazza Inter-ს ნაცვლად ძველ ჰიმნს, C’e solo l’Inter-ს, უშვებდნენ.

ინტერში ეს ისტორიულად ასეა. ეს გუნდი მაშინ იმარჯვებს, როცა მის სათავეში რკინის ხელის და დისციპლინის კაცი მოდის და იქ თავის წესრიგს ამყარებს. ასე იყო 60-იანებში, როცა ამ გუნდს ელენიო ერერა წვრთნიდა, 90-იანებში ინტერის წარმატება ტრაპატონის, ხოლო ამ საუკუნეში კი ჟოზე მოურინიოს სახელს უკავშირდება. ახლა იქ კონტეა და ამ მოდელმა ისევ იმუშავა - ქაოტური კლუბი საჩემპიონო ორგანიზაციად გადაიქცა.

სწორედ ამიტომ დავწერე ზემოთ, რომ კონტემ გუნდი კი არა, მთლიანად კლუბი გარდაქმნა.

კონტეს წესრიგი

კონტე დიქტატორია და კლუბის ერთპიროვნულად მართვა უყვარს. რთული და უკომპრომისო ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის ეს იყო მისი ძირითადი პრობლემა. მან მუშაობა ყველა კლუბში ხელმძღვანელობასთან კონფლიქტით დაასრულდა. ის მართვის სრულ ბერკეტებს ითხოვს და თუკი მის წესრიგს კლუბის შიგნით რამე ემუქრება, მაშინვე კონფლიქტზე მიდის. არადა, თანამედროვე სუპერკლუბებში ამ ტიპის ძალაუფლებას მწვრთნელებს თითქმის არასოდეს აძლევენ. გამონაკლისი ორია - გვარდიოლა და სიმეონე. სხვა არც მახსენდება.

იუვენტუსში, თავის მშობლიურ კლუბში, მას ტრანსფერების გამო კონფლიქტი პირადად ანდრეა ანიელისთან მოუვიდა და კლუბი ზედიზედ სამი ჩემპიონობის შემდეგ ძალიან მოულოდნელად, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის დაწყების მეორე დღეს დატოვა. ეს კონფლიქტი პირადული იყო - ანიელი და კონტე ერთმანეთს დღემდე ვერ შეურიგდნენ, ერთმანეთს თამაშის მერე ლანძღავენ და შუა თითს უჩვენებენ - ასე იყო წლევანდელი თასის ნახევარფინალის შემდეგ. იტალიურ პრესაში წერენ, რომ მათი დაპირისპირება იუვეს ბაზაზე ფიზიკურ გაწევ-გამოწევამდე მივიდა. ყოველ შემთხვევაში, ჯორჯო კიელინი თავის ავტობიოგრაფიაში წერს, რომ ვეტერანები (კიელინი, ბუფონი, ბონუჩი) იმ დღეს იქ რომ ყოფილიყვნენ, ეს კონფლიქტი არ მოხდებოდა. ვეტერანები მუნდიალის შემდეგ შეკრებას ცოტა გვიან უერთდებოდნენ. არადა, ანდრეა ანიელი იტალიურ ფეხბურთში ბოლო კაცია, ვისი გადაკიდებაც შეიძლება გინდოდეს. ალეგრის გაძევების შემდეგ, 2019 წელს კონტე ინტერის წინადადების დათანხმებამდე ბოლომდე ელოდებოდა იუვენტუსს. პარატიჩის და ნედვედის სურვილის მიუხედავად, ანიელიმ პირადად დაბლოკა კონტეს ტურინში დაბრუნება.

კონტე იუვენტუსში ანიელიმ მიიყვანა

ასე იყო ლონდონის ჩელსიშიც, სადაც კონტემ ხელმძღვანელობას ისე მოაბეზრა თავი, რომ რომან აბრამოვიჩი მას გაძევების შემდეგ კუთვნილ კომპენსაციას არ უხდიდა და ამისთვის მხარეებს ხანგრძლივი სასამართლო მოუწიათ. ფეხბურთელები, კერძოდ კი, აზარი და ვილიანი, კონტესთან მუშაობს ჯოჯოხეთს ადარებდნენ. არადა, აბრამოვიჩი თავის კლუბს კონტეს ერთპიროვნულად სამართავად არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა.

სამაგიეროდ, კრიზისულმა ინტერმა მას ყველა სურვილი შეუსრულა. მილანში მიხვდნენ, რომ ხანგრძლივი ქაოსიდან ამოსვლაში მათ მხოლოდ კონტე შეიძლება დახმარებოდათ და ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ - მიუხედავად იმისა, რომ კლუბს შიგნით ძველ ინტერისტებს და ყოფილ ლეგენდებს ანტონიო მისი იუვენტინური წარსულის გამო არ უყვართ.

კონტეს თავისი ხალხი ჰყავს მენეჯმენტში. ინტერის სპორტული დირექტორი იუვენტუსიდან კონტეს ნაცნობი და მეგობარი ბეპე მაროტაა; ის სრულად აკონტროლებს კლუბის სატრანსფერო კამპანიას და ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც მისი პირადი ნებართვის გარეშე იყიდეს, კრისტიან ერიკსენი, დიდი ხანი დემონსტრაციულად სათადარიგო სკამზე ეჯდა; ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მის წესრიგს შეიძლება ვერ მორგებოდა, მან უაპელაციოდ მოიშორა გუნდიდან - სკანდალებით ცნობილ მაურო იკარდის და რაჯა ნაინგოლანს წასვლა მოუწიათ.

კონტე კლასიკური control freak-ია - შეშლილია ყველაფრის კონტროლზე კლუბის შიგნით. ეს ძალიან იუვენტინური თვისებაა. ისტორიულად, ინტერი უფრო ოჯახური კლუბი იყო, რომელიც თავის მოთამაშეებს თავისუფლებას აძლევდა. მაგალითად, რონალდოს და ვიერის ერთად გატარებული ღამის წვეულებების შესახებ ბევრი რამ შეუძლიათ მოყვნენ. მასიმო მორატი კლუბს ასე მართავდა და ძალიან ამაყობდა, რომ ჰუმანური მიდგომის გამო ფეხბურთელებს ის მამასავით უყვარდათ.

იტალიაში ბოლო 2 წელია მიიჩნევა, რომ ტექნიკური პერსონალისთვის (ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, ანალიტიკოსები, სკაუტები ა.შ.) საუკეთესო სამუშაო ადგილი არა იუვენტუსი, არამედ ინტერია. უბრალოდ იმიტომ, რომ ინტერში ყველაზე მეტს იხდიან და ეს კონტეს მოთხოვნაა. ის თვითონ არჩევს კლუბის თითოეულ წევრს, მათ დადგენილ სტანდარტზე ბევრად მეტს უხდის, თუმცა შემდეგ კატორღულად ამუშავებს. მაგალითად, მას შეუძლია, ისტერიკა მოაწყოს იმიტომ, რომ ბაზაზე ბალახი ისე არ არის გაკრეჭილი, როგორც უნდა იყოს. ასეთი შემთხვევაც იყო. მისი კონტროლი ამ ტიპის დეტალების დონეზეა. ინტერმა კონტეს ყველაფერი დაუთმო და სანაცვლოდ ნანატრი ჩემპიონობა მიიღო.

კონტემ ინტერი რადიკალურად გარდაქმნა

სხვათა შორის, ზუსტად ასე მოიქცა მანჩესტერ სიტი ხოსეპ გვარდიოლასთან მიმართებაში. სიტი გვარდიოლას წლები ელოდებოდა - გუნდის მენეჯმენტში პეპის მეგობრები ჩიკი ბეგირისტაინი და ფერან სორიანო მიიყვანეს და გვარდიოლას გარანტია მისცეს, რომ კლუბში მას ერთპიროვნულად მართვის საშუალება ექნებოდა.

დოგმატური მწვრთნელი

კონტე დოგმატური მწვრთნელია. მისი გუნდები ყოველთვის ერთ სტილში, ერთი ტაქტიკური სქემით და მსგავსი სათამაშო პრინციპებით თამაშობენ. მისი ფორმაციის იუვენტუსი, იტალიის ნაკრები, ჩელსი, ინტერი სათამაშო სტილით და პრინციპებით ძალიან მსგავსი გუნდები არიან. მისი ხელი ყველა გუნდს ეტყობა. სტილურად ის ჩოლო სიმეონესთან ერთად ის კაცია, რომელიც თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციებს ყველაზე მეტად ებრძვის და ეწინააღმდეგება. კონტე საფეხბურთო კონსერვატორია. იმ ეპოქაში, როცა ბურთის ფლობა-გათამაშების უნარი თანამედროვე ფეხბურთის ამოსავალია, კონტე თავის თითოეულ გუნდში ფეხბურთელებთან მუშაობას ამ განაცხადით იწყებს: "ჩემს ფეხბურთელებს სამი რამ მოეთხოვებათ - სირბილი, სირბილი და სირბილი."

მისი გუნდები ძალიან კარგად ორგანიზებულები არიან, ბევრს დარბიან და კარგად იბრძვიან. ფიზიკური მომზადება კონტეს გუნდების სახასიათო ნიშანია. ყველა ის ფეხბურთელი, რომელსაც მისი წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი გაუვლია, ამბობს, ეს რაღაც ჯოჯოხეთიაო. მაგალითად, ინგლისიდან კონტესთან გადაბარგებული კარლოს ტევესი იხსენებდა, რომ ასეთი დატვირთვით და ინტენსივობით არასოდეს უვარჯიშია.

ეს ამ სეზონში ძალიან კარგად გამოჩნდა. ინტერში მან ფიზიკური მომზადების მწვრთნელად სახელგანთქმული ანტონიო პინტუსი წაიყვანა, რომელსაც 90-იანების იუვენტუსიდან იცნობდა. პინტუსი იუვეს მერე რეალში იყო, ზიდანთან, ახლა კი კონტეს ინტერშია. შედეგად, მაშინ, როცა იუვეს ფეხბურთელები წუწუნებენ, რომ პირლოს საწვრთნელი პროცესი უხარისხო და ნაკლებად ინტენსიურია, ინტერი ამ სეზონში ფიზიკურად ყველაზე კარგად მომზადებული გუნდია. მილანელები სტანდარტებით და ბოლო 15 წუთში გატანილი გოლების რაოდენობით სერია A-ს უპირობო ლიდერები არიან.

ჩვეული ემოცია თამაშის დროს

კონტეს საწვრთნელი მეთოდები ხელს უწყობს მისი მოთამაშეების პროგრესს. მის ხელში ძალიან ბევრმა მოთამაშემ ხარისხობრივად ახალ საფეხურზე ასვლა შეძლო. კონტეს მეთოდები მოთამაშეებისგან მაქსიმუმის მიღებას გულისხმობს. მის ხელში სათადარიგო ლეონარდო ბონუჩი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველი გახდა, ჩამოწერილმა ანდრეა ბარძალიმ კი თავისი კარიერა ახლიდან შექმნა, არტურო ვიდალი ვარსკვლავად იქცა, შტეფან ლიხშტაინერი კი წლების მანძილზე მიიჩნეოდა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველად. იგივე ხდება ინტერში: რომელუ ლუკაკუ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბდა, ლაუტარო მარტინესი სწრაფად პროგრესირებს, ალესანდრო ბასტონი საუკეთესო იტალიელი ახალგაზრდა მცველია, ნიკოლო ბარელა კი სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა.

მართვის ავტოკრატული სტილის მიუხედავად, ფეხბურთელებს ის უყვართ. ინტერის მოთამაშეებიდან ამ სეზონში ხშირად გაიგონებდით ისეთ ფრაზებს, როგორიცაა "კონტეს გამო ომში წავალ". ანტონიოს ეს ეხერხება - შექმნას მისი ლიდერობით ჩაკეტილი სისტემა, რომელიც მზად არის, ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდეს. კლუბის შიგნით ის ყოველთვის ამ განწყობას ამკვიდრებს. ფეხბურთელებიც მას არა დიქტატორად, არამედ ლიდერად აღიქვამენ. ჩელსის გარდა, მოთამაშეებთან კონფლიქტი თითქმის არასოდეს ჰქონია.

სისტემური ფეხბურთი

კონტე სისტემური მწვრთნელია და ძალიან კარგად ქმნის სათამაშო სისტემას, რომელიც განსაკუთრებით კარგად გრძელ ტურნირებში მუშაობს. მისი ფეხბურთი ბევრისთვის თვალსასეირო არ არის, თუმცა მისი შედეგები ჯიუტია: სამ წელიწადში სამი 'სკუდეტო' მაშინ ჯერ კიდევ კრიზისული იუვენტუსით, შეზღუდული რესურსის იტალიის ნაკრებით ესპანეთთან და გერმანიასთან თანაბარი თამაში და მხოლოდ პენალტებით წაგებული მეოთხედფინალი, არცთუ ისე ძლიერი ჩელსით ჩემპიონობა გვარდიოლას სიტის წინააღმდეგ და ახლა უკვე ინტერის 'სკუდეტო'.

კონტეს ყველა გუნდი მსგავსი სქემით - 3-5-2 ან მისი მცირედი ტრანსფორმაციით (3-4-1-2 ან 3-4-2-1) თამაშობს. ინტერიც მან ამ სქემის მიხედვით გადააწყო. კონტე ვერტიკალური ფეხბურთის მიმდევარია. ამ კომპონენტით მასზე ყველაზე დიდი გავლენა მარჩელო ლიპის უნდა ჰქონოდა. მისი გუნდები ცდილობენ, რომ ბურთი რაც შეიძლება სწრაფად გადაიტანონ შეტევის ხაზში.

ამისთვის მას ყოველთვის ჰყავს ცენტრალური მცველი, რომელსაც გრძელი პასებით დაცვიდან შეტევაში გადასვლა შეუძლია და მოედნის სიღრმეში ნახევარმცველი, რომელიც ამავე ფუნქციას ასრულებს. ეს სქემა მან იუვენტუსში შეიმუშავა და ლეონარდო ბონუჩის და ანდრეა პირლოს თვისებებს მოარგო. ინტერს ამ კლასის გამთამაშებლები არ ჰყავს, თუმცა ამავე ფუნქციას სტეფან დე ვრეი და მარსელ ბროზოვიჩი ასრულებენ. სეზონის მეორე ნახევარში ძალიან სასარგებლო იყო კრისტიან ერიკსენი, რომელიც სიღრმის გამთამაშებლის ფუნქციას ითავსებდა.

კონტეს ტაქტიკისთვის მთავარი ფეხბურთელი მისი ცენტრფორვარდია. იმ ეპოქაში, როდესაც სულ უფრო და უფრო მეტი გუნდი თამაშობს ე.წ. ცრუ ცხრიანით ან მობილურ ფორვარდებს ანიჭებს უპირატესობას, კონტე ფსონს გაბარიტულ და ფიზიკურად ძლიერ კლასიკურ ცენტრფორვარდზე ჩამოდის, რომელსაც ჩაწოდებებზე თამაში და მცველების ზეწოლის ქვეშ მოქცევა კარგად შეუძლია.

ამ ტიპის ფორვარდები კონტეს სისტემაში ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურებიან. იუვენტუსში ჯერ ალესანდრო მატრი ჰყავდა, შემდეგ ფერნანდო ლორენტე. იტალიის ნაკრებში გრაციანო პელემ ევრო 2016-ზე თავისი კარიერის საუკეთესო ტურნირი ითამაშა. ჩელსიში ამ როლზე დიეგო კოშტა იყო, ინტერი კი რომელუ ლუკაკუს გარშემოა აწყობილი. ლუკაკუ ამ სეზონის სერია A-ს ალბათ საუკეთესო ფეხბურთელია. მისი მოყვანა კონტეს მთავარი მოთხოვნა გახლდათ და ის ინტერში ძალიან სწრაფად პროგრესირებს.

კონტეს გუნდში ცენტრფორვარდი ათვლის წერტილია - მას კარიდან ზურგით თამაში უნდა ეხერხებოდეს და ვერტიკალური გადაცემები სწორედ მასზე მოდის. ანუ, სხვა გუნდები თუ დაცვიდან შეტევაში გადასვლას ბურთის გათამაშებით ცდილობენ, კონტე ცენტრფორვარდზე გაკეთებული ვერტიკალური გადაცემის იმედზეა.

მოედნის სიღრმიდან შესრულებული ვერტიკალური გადაცემა და ლუკაკუს გოლი

კონტეს სქემაში ამ ტიპის გამთამაშებლის, ე.წ. რეჯისტას გვერდით ყოველთვის ორი მორბენალი და დინამიური ნახევარმცველია განლაგებული, რომელთაც უბურთოდ ბევრი და ინტენსიურად მოძრაობა შეუძლიათ. ისინი პასუხისმგებლები არიან პრესინგზე, ყველანაირ შავ სამუშაოზე და ამავე დროს მათ ევალებათ უბურთოდ საჯარიმოში მეორე ტემპით შესვლა. როდესაც ცენტრფორვარდი მაქსიმალურად იქცევს დაცვის ყურადღებას, ნახევარმცველებმა ამით უნდა ისარგებლონ და საჯარიმოში სივრცე და მომენტი იპოვონ.

იუვენტუსში ამ როლზე არტურო ვიდალი და კლაუდიო მარკიზიო თამაშობდნენ. ორივეს ძალიან კარგად ეხერხება უბურთოდ მოძრაობა და შეტევაში ჩართვა. ვიდალი კონტეს ხელში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად იქცა, რომელსაც თავისი აპლუისთვის ძალიან ბევრი გოლი გაჰქონდა.

ვიდალის საუკეთესო წლები უკან არის, თუმცა შემთხვევითი არ იყო, რომ კონტემ ყველაფერი გააკეთა ვეტერანი ჩილელის ინტერში გადმოსაყვანად. სწორედ ამავე ტიპის მანევრს მოჰყვა ვიდალის გოლი იუვენტუსის კარში.

ვიდალი მეორე ტემპით საჯარიმოში შედის და გოლი გააქვს

კონტეს მოთხოვნებს განსაკუთრებით კარგად ძალიან დინამიური და მოძრავი ნიკოლო ბარელა აკმაყოფილებს. ის ამ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ნახევარმცველია. ბარელაც კონტეს მოთხოვნისამებრ თავისი სისწრაფის და მობილურობის წყალობით კარგად ერთვება შეტევაში.

სიღრმიდან წამოსული ვერტიკალური პასი და თავისუფალ ზონაში ბარელა შედის

კონტე ყოველთვის ორი თავდამსხმელით თამაშობს და ამ კუთხითაც მისი სათამაშო ხედვა გამონაკლისია. მეორე თავდამსხმელი ის ფეხბურთელია, რომელსაც მის სქემაში ყველაზე მეტი თავისუფლება აქვს. მას მოედანზე თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვს და ჩვეულებრივ, როდესაც ვერტიკალური გადაცემა ცენტრფორვარდზე მიდის, მისი ფუნქციაა მეორე ტემპით ჩაერთოს შეტევაში. მაგალითისთვის, ედერის მიერ შვედეთთან გატანილი გოლი ავიღოთ ევრო 2016-ზე. კონტესთვის კლასიკური შეტევაა - მეორე თავდასხმელი სიღრმიდან შედის და დატოვებულ ბურთს გოლად აქცევს.


იუვენტუსში მას ჯერ მირკო ვუჩინიჩი ჰყავდა, შემდეგ კარლოს ტევესი. ინტერში ამ ფუნქციას ლაუტარო მარტინესი ასრულებს. არგენტინელი ბევრს მოძრაობს, მოედნის სიღრმეშიც ამოდის, მუდამ ცდილობს თავისუფალი ზონები იპოვოს და მეორე ტემპით ძალიან კარგად ერთვება შეტევაში. როდესაც ლუკაკუ მთელი დაცვის ყურადღებას იქცევს, ლაუტაროსთვის სივრცეები იოლად რჩება.

ვერტიკალური პასი ლუკაკუზე და ლაუტარო გამოთავისუფლებული სივრცით სარგებლობს

კონტეს 3-5-2-სთვის განაპირა მცველები, რომლებიც მთელ ფლანგს აკონტროლებენ, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. შეტევის დროს სულ მცირე ერთ ფლანგს მაინც უნდა ეხერხებოდეს შეტევაში ჩართვა და თავისი შერბენებით საფრთხეს უქმნიდეს მეტოქის კარს. იუვენტუსში ასე ლიხშტაინერი იყო, რომელიც შეტევაში ჩართვის შემდეგ ხშირად ხდებოდა სიღრმიდან წამოსული ვერტიკალური გადაცემების ადრესატი.

ინტერის ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი მარჯვენა, განაპირა მცველი აშრაფ ჰაკიმია, რომელიც ძალიან კარგად ერთვება შეტევაში და 7 გოლით და 8 პასით ამ სეზონში ინტერის მესამე ბომბარდირია.

ჰაკიმი ინტერის შეტევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია

პრინციპი და სათამაშო სისტემა ისევ იგივეა. კონტეს ფეხბურთი ძალიან სისტემური და დოგმატურია. ის სქემას არსებულ ფეხბურთელებს კი არ არგებს, არამედ ფეხბურთელებს არჩევს სქემის მიხედვით. თითოეულ მოთამაშეს მკაცრად განსაზღვრული პოზიცია აქვს და გუნდი მუდამ ავტომატიზმამდე მისული სტანდარტული, დოგმატური კომბინაციებით თამაშობს.

ეს მისი სისუსტეც არის. ჩემპიონთა ლიგაში და ზოგადად სათასო ტურნირებზე, როდესაც ტაქტიკური დეტალების შეცვლა და თამაშის მოწინააღმდეგის მიხედვით გადაწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, კონტეს არცთუ ისე კარგი შედეგები აქვს. ის ლიგის ნახევარფინალშიც კი არასოდეს ყოფილა.

ინტერის მთავარი წარუმატებლობაც ევროსარბიელს უკავშირდება. ზედიზედ ორი წელია, მილანელები ჯგუფში რჩებიან. იქამდე კონტე ჯგუფში იუვენტუსთან ერთადაც დარჩა. მოკლედ, ის უფრო წრიული ტურნირების მწვრთნელია.

დასკვნა

ინტერის ასეთი დომინანტური ჩემპიონობა კონტეს დამსახურებაა. ძალიან მოკლე დროში მან ქაოტური და არეული გუნდი თავისი ხედვების მიხედვით ისე გადააწყო, რომ 'სკუდეტო' თითქმის 90 ქულით მოიგო (37 ტურის შემდეგ ინტერს 88 ქულა აქვს). მისი ფეხბურთი ბევრს არ უყვარს, არც თავად ის არის ყველაზე სიმპათიური პერსონაჟი, მაგრამ ფაქტია, რომ ის შედეგის გარანტია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თითოეული მისი გუნდი მის წინამორბედებს ძალიან ჰგავს. კონტეს ყველა გუნდი ერთი სათამაშო მოდელით არის აწყობილი. საჩემპიონო ინტერიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი.

კომენტარები

ბოლო ამბები