Thumbnail

2020/21 წლების სეზონს იწყებდა, როგორც ბელგიის სრულიად უცნობი კლუბის პერსპექტიული, მაგრამ უცნობი 19 წლის ფრანგი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე, რომლის პროფესიულ კარიერაში ჯერ ერთი გოლიც არ იყო... სეზონი კი დაასრულა, როგორც საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, პროქსიმუს ლიგის ბომბარდირმა, საბაზრო ფასში 6-ჯერ გაძვირებულმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც კარიერას ლიგა 1-ის მეცში გააგრძელებს. 

სულ სეზონში 22 ოფიციალური გოლი გაიტანა

საფრანგეთში დაბადებულს და ლიონის ოლიმპიკში აღზრდილ ფეხბურთელს მართლაც ზღაპრული სეზონი გამოუვიდა. მანამდე ის ცნობილი იყო, როგორც მეცის საკუთრება, ვინც ლიგა 1-ში 7 წუთი ითამაშა, ხოლო 2019/20 წლების სეზონში მეცის დუბლებში ჯამში 9 გოლი გაიტანა. 

ლიგა 1-ის კლუბის ხელმძღვანელობამ ის და კიდევ 6 ახალგაზრდა ფეხბურთელი ბელგიის მე-2 დივიზიონში დაწინაურებულ სერენში გაანათხოვრა და მან პირველი გოლი... მეცს გაუტანა! ეს ზაფხულში ამხანაგურ მატჩში მოხდა, რამდენიმე დღეში მიქაუტაძემ ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას გენტსაც გაუტანა ამხანაგურ შეხვედრაში, სერენში მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ სტარტი მაინც გასაოცარი გამოდგა. 

აგვისტოს ბოლოს პირველ ტურში სერენი ბექა ვაჩიბერაძის ლომელს ესტუმრა და 5:3 მოუგო, მიქაუტაძემ კი პოკერი (!) შეასრულა. 19 წლის ფორვარდმა მე-2 ტურში დეინზესაც გაუტანა, მან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ყველას დაანახა, რომ არ ხუმრობდა. 5 თამაშის მერე მას უკვე 9 გოლი ჰქონდა გატანილი. სწორედ მაშინ პირველად, მიქაუტაძე ცნობილ ფრანგ ფორვარდ ჟან პიერ პაპენს შეადარეს... 

გიორგი მიქაუტაძის სეზონი

სულ: 25 თამაში - 22 გოლი, 2 ასისტი
პროქსიმუს ლიგა: 21 თამაში - 19 გოლი, 1 ასისტი
ჟუპილერ ლიგა (პლეი ოფი): 2 თამაში - 3 გოლი, 1 ასისტი
საქართველოს ნაკრები: 1 თამაში
გოლი - ყოველ 94.5 წუთში

6 თამაშის მერე მიქაუტაძის ანგარიშზე უკვე პოკერი და 2 ჰეთ თრიკი იყო (სულ 12 გოლი). მაშინ პირველად დაიწერა ფრანგულ მედიაში, რომ მას შეიძლება, საქართველოს ნაკრებზე გაეკეთებინა არჩევანი. 

7 თამაშის მერე 14 გოლი და "ტრანსფერმარტკმა" ჯერ კიდევ 19 წლის ფორვარდის ფასი 6-ჯერ გააძვირა. ის უკვე 1.2 მილიონი ევრო ღირს და ეჭვი გვაქვს, უახლოეს დღეებში მისი ფასი კიდევ მოიმატებს. შემდეგ იყო თითქმის ერთთვიანი მშრალი სერია, რომელიც მიქაუტაძემ ბრიუგეს მეორე გუნდთან შეწყვიტა სეზონში მე-16 გოლით. 

13 დეკემბერს აქამდე უნაკლო სეზონს პირველი ლაქა მიეცხო - მოლენბეკთან მან იუხეშა, ცოტა მეტისმეტიც მოუვიდა, მიქაუტაძე გააძევეს და 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დასაჯეს (3 მატჩი მოიხადა).

📺 გიორგი მიქაუტაძე 2020/21 წლების სეზონში [მიმოხილვა]

ოფიციალურ მატჩებში ჯერ კიდევ ჟორჟი უიღბლოდ დაბრუნდა - ლიეჟის სტანდარდთან სათასო მატჩში, როცა ფავორიტთან ორი საგოლე შანსი გაუშვა ხელიდან. მიქაუტაძე შემოდგომის გიჟური ტემპით ვეღარ იტანდა გოლებს, თუმცა ლიერსთან მე-17 გოლი შეაგდო. ხოლო მარტის დასასწყისში მოლენბეკზე შური იძია - გოლი პლუს პასი. 

დებიუტი საქართველოს ნაკრებში

ერთ კვირაში კი შესანიშნავი ამბავი შევიტყეთ - სფფ-მ მოაგვარა პრობლემა და მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს - ჟორჟი გახდა გიორგი. როგორც მერე გახდა ცნობილი, ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი პირველი სწორედ გიორგის დაელაპარაკა. თავად ფეხბურთელმაც აღიარა, რომ მის დარწმუნებაში სანიოლის წვლილი დიდია. 16 მარტს კი მიქაუტაძე ოფიციალურად გამოიძახეს საქართველოს ნაკრებში! იმავდროულად, მეცმა მას კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივა! 

მისი დებიუტი ნაკრებში შვედეთთან შედგა, მაგრამ აქ მის თითქმის უნაკლო სეზონში მეორე ცუდი ამბავი მოხდა (პირველი დისკვალიფიკაცია) - თამაშის მერე გაირკვა, რომ მან ტრავმა მიიღო. მიქაუტაძე ნაკრებს ვეღარ დაეხმარა, ბელგიაშიც გამოტოვა მატჩები, თუმცა მოედანს მალევე დაუბრუნდა და ისევ გაიტანა!

მიქაუტაძე 'ოქროს ბუცით'

ჩემპიონატი გიორგიმ 19 გოლით, ბომბარდირის ტიტულით და სერენის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებით დაასრულა. სერენი კი ჟუპილერ ლიგის პლეი ოფში გავიდა. 

მაისში მან საკუთარი სუპერსეზონის ახალი, ბოლო თავი დაწერა - პლეი ოფში ბევერენს ორ მატჩში 3 გოლი გაუტანა (ერთი ასისტიც მიითვალა) და ლამის მარტომ გადაიყვანა გუნდი ბელგიის ელიტაში! 

მიქაუტაძემ სეზონში 22 გოლი გაიტანა - მას საშუალოდ ყოველ 94.5 წუთში ერთი გოლი გაჰქონდა. აქ რა თქმა უნდა, არ არის ნაგულისხმევი ამხანაგურ მატჩებში გატანილი 5 გოლი (2 სეზონის წინ, 2 ზამთრის პაუზისას, ერთიც გენკთან გაზაფხულზე). 

კომენტარები

ბოლო ამბები