Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ნარიაშვილმა ფეხი მოიტეხა და მიმდინარე სეზონში მინდორზე გასვლას ვეღარ შესძლებს. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

მონპელიეს 30 წლის ქართველი ბურჯი მონაწილეობას ვერ მიიღებს ჩელენჯ ქაფის ფინალში, რომელიც 21 მაისს ლონდონში, ლეგენდარულ "თვიქენჰემზე" უნდა გაიმართოს, მონპელიელთა მეტოქე კი ინგლისური ლესტერი იქნება. მიშას საქმეში ვერც ფრანგული TOP 14-ის დარჩენილ მატჩებში ვიხილავთ.

რაც ყველაზე სამწუხაროა, ნარიაშვილი დააკლდება საქართველოს ეროვნული ნაკრების უმნიშვნელოვანეს ტესტ-მატჩებს, რომლებიც ზაფხულში უნდა ჩატარდეს. როგორც ცნობილია, “ბორჯღალოსნები” 3 და 10 ივლისს სტუმრად სამხრეთ აფრიკას გაეჯიბრებიან, 17-ში კი, შინ, შოტლანდიას ეთამაშებიან. სამწუხაროდ, ნარიაშვილი ერთადერთი არაა, ვისაც ტრავმა აწუხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მაისაშვილის კომენტარი ასეთია:

”ძალიან ძნელია იმის ვარაუდი, როგორი იქნება ჩვენი შემადგენლობა ივლისის ტესტებისთვის. ტრავმა უკვე მოიშუშა გიორგი ცუცქირიძემ და ის აუცილებლად გვეყოლება. ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი ამ პერიოდში რეაბილიტაციის დასრულებას ვერ ასწრებენ. ტრავმირებულია სოსო მათიაშვილი და ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება მისი მკურნალობა. წინაა ფლეი ოფები დიდ 10-სა და საფრანგეთში. მთავარია ყველანი ჯანმრთელად იყვნენ“.

“ბორჯღალოსნების” ის ნაწილი, რომელთა კლუბები სეზონს დაასრულებენ, ვარჯიშს 24 მაისიდან დაიწყებენ და მათ მოთამაშეები ეტაპობრივად დაემატებიან. საქართველოს ნაკრებს დღეში ორჯერადი ვარჯიშები ექნებათ, 14 ივნისიდან კი, გუნდი ზაფხულის მატჩებისთვის სრულფასოვან შეკრებაზე შევა.

კომენტარები

ბოლო ამბები