- იაპონელმა პოლიტიკოსმა კენძი უცუნომიამ Change.org-ზე პეტიცია განათავსა
- ტოკიოს თამაშების გაუქმების იდეას მხარს 350 ათასზე მეტი ადამიანი უჭერს
პეტიციამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმების მოთხოვნით, რომელიც იაპონელმა ადვოკატმა და პოლიტიკოსმა კენძი უცუნომიამ საიტზე Change.org განათავსა, ერთი კვირის განმავლობაში 350 ათასზე მეტი ხელმომწერი დააგროვა.
დოკუმენტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის, იაპონიის ხელისუფლებისთვის, ტოკიოს ადმინისტრაციისა და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისთვის არის გამიზნული და შეიცავს მოწოდებას: “გააუქმეთ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად”. მასში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიის ამჟამინდელ პირობებში თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება შეუძლებელია.
"იმ ვითარებააში, რომელშიც ვიმყოფებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელია. თამაშებისთვის მომზადებისა და ვარჯიშის მხრივ, სპორტსმენებს შორის დიდი განსხვავება იქნება. ამასთან, დაწესებული შეზღუდვები, დიდი ალბათობით, სპორტსმენებს დიდ სტრესში ჩააგდებს, რის გამოც ისინი თავიანთი საუკეთესო შედეგების ჩვენებას ვერ შეძლებენ", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ერთი წლით გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს და წელს თამაშები იაპონიის დედაქალაქში 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს.
კომენტარები