Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან და ნიდერლანდებთან ორი ტესტმატჩი ელის
  • თორნიკე ოქრიაშვილი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშებს
  • ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ნაკრებზე და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს პირველი სამი თამაშის ჩატარება თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე მოუწია. ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტრავმირებული იყო და სანიოლთან მისი პირველი შეხვედრა სწორედ უახლოეს დღეებში ჩასატარებელი ამხანაგური მატჩების წინ შედგება. თორნიკესთვის ახლა კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტია. მისით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. „ახლა სანაკრებო მატჩებზე ვარ კონცენტრირებული და იმედი მაქვს, რომ მათ შემდეგ უფრო ბევრი და უკეთესი შეთავაზებები მექნება,“ - აცხადებს პოპსპორტთან საუბარში ოქრიაშვილი, რომელსაც სამომავლო გეგმების გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩატარებულ მატჩებზეც ვკითხეთ აზრი.

POPSPORT: სანიოლის ხელმძღვანელობით ჯერ არ გითამაშია. შორიდან როგორ შეაფასებ პირველ სამ შეხვედრას?

თორნიკე ოქრიაშვილი: რა თქმა უნდა, სამივე მატჩი ვნახე. პირველ რიგში თვალშისაცემია, რომ გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს. როგორც ჩანს, სანიოლისთვის მთავარი სწორედ შეტევა და ბურთის ფლობაა. გასათვალისწინებელია, რომ მოსამზადებელი დრო ფაქტობრივად არ იყო, გუნდს წესიერად არც კი უვარჯიშია. მიუხედავად ამისა, ჩანდა, რომ მოთამაშეებს მწვრთნელის დავალებები ბოლომდე ჰქონდათ გააზრებული, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სანიოლს ახსნის კარგი უნარი აქვს. ჩემი აზრით, სამივე შემთხვევაში საკმაოდ კარგი თამაში ვაჩვენეთ და მეტს ვიმსახურებდით.

'სანიოლი ყველა მოთამაშეს ინდივიდუალურად ესაუბრა და რაც მთავარია, ეს საუბრები ნაყოფიერი აღმოჩნდა'

POPSPORT: ნაკრების ფეხბურთელებს ალბათ ესაუბრე. ახალი მწვრთნელი როგორ დაახასიათეს?

ოქრიაშვილი: სანიოლზე ყველამ დადებითი აზრი გამოთქვა. დროის დეფიციტის გამო, გუნდმა ძირითადად ტაქტიკური მომზადება გაიარა, რაც ადასტურებს, რომ ფრანგი საკმაოდ კარგი ტაქტიკოსია, ეს კი, ჩემი აზრით, მწვრთნელისთვის მთავარია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სანიოლი ყველა მოთამაშეს ინდივიდუალურად ესაუბრა და რაც მთავარია, ეს საუბრები ნაყოფიერი აღმოჩნდა. მე მასთან ჯერ შეხება არ მქონია, მაგრამ რაც მოვისმინე, ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მაქვს.

ოქრიაშვილმა ნაკრების წინა მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა

POPSPORT: ანორთოსისმა თასი მოიპოვა. შეგიძლია, სეზონი წარმატებულად შეაფასო?

ოქრიაშვილი: ბოლომდე წარმატებულს ამ სეზონს ვერ დავარქმევ. ანორთოსისი ვერ გახდა ჩემპიონი, არადა ამის შანსი ნამდვილად გვქონდა. სამწუხაროდ, რამდენიმე ქულა უაზროდ დავკარგეთ. ისეთი თამაშები წავაგეთ, რომელთა წაგებაც არ შეიძლებოდა. მეც ტრავმა მქონდა და გუნდს ვერ ვეხმარებოდი, რაც შედეგებზე უარყოფითად აისახა. როდესაც ნათელი გახდა, რომ ჩემპიონები ვეღარ გავხდებოდით, თასზე გადავერთეთ და ეს ტურნირი წარმატებით დავასრულეთ. 

POPSPORT: რამდენიმე ქვეყანა დაასახელე, რომელთა კლუბებსაც შენი გადაბირება უნდათ. შენთვის რომელია ყველაზე სასურველი?

ოქრიაშვილი: ასეთ სიტუაციაში, ახლა რომ ვარ, არასდროს ვყოფილვარ. ამდენი შეთავაზება არასდროს მქონია, მაგრამ ჯერ არცერთი მოლაპარაკება ბოლომდე არ მისულა. ამის მიზეზი კი ჩემი მხრიდან გარკვეული ტაიმ-აუტის აღებაა. ახლა რუმინეთთან და ნიდერლანდებთან მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. ვიცი, რომ ამ თამაშებს უამრავი სკაუტი ნახავს. მჯერა, რომ თავს კარგად წარმოვაჩენ და კიდევ უფრო მეტი და უკეთესი შემოთავაზებები მექნება.

POPSPORT:  მალე ევროპის ჩემპიონატი იწყება. ვის გულშემატკივრობ და ვინაა შენი აზრით ფავორიტი?

ოქრიაშვილი: გამოკვეთილად საგულშემატკივრო გუნდი არ მყავს. მე უფრო სამხრეთამერიკული ფეხბურთის მოყვარული ვარ, მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ საფრანგეთის ნაკრებში ბენზემა დააბრუნეს. ეს ფეხბურთელი იმსახურებს, რომ ასეთ დიდ ტურნირებზე თამაშობდეს და იმასაც იმსახურებს, რომ იგებდეს კიდეც. მისი ხათრით ფრანგებს ვუქომაგებ. ფავორიტადაც, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრები მიმაჩნია. ძალიან ძლიერი გუნდები ჰყავთ ესპანელებს და პორტუგალიელებსაც.

ეროვნულ გუნდში თორნიკე ოქრიაშვილი 10 წელიწადზე მეტია თამაშობს. დროის ამ მანძილზე მან საქართველოს ნაკრებში 44 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. უკანასკნელი ორი სეზონის მანძილზე იგი კვიპროსული ანორთოსისის ღირსებას იცავდა, რომელთანაც ერთად წელს ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები