Thumbnail

იუტა ჯაზი რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი იყო და პლეი ოფის პირველ რაუნდში აუტსაიდერი მემფისის წინააღმდეგ უპირობო ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ პირველი შეხვედრა ისე არ დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო...

იუტას კვლავ აკლდა გუნდის ლიდერი დონოვან მიტჩელი. მის გარეშე ჯაზმა კარგად დაიწყო და პირველსავე მეოთხედში უპირატესობა მოიპოვა. იუტას პრობლემები მეორე მეოთხედიდან დაიწყო, როცა მემფისი მოულოდნელად 23-5 გაიქცა და მეოთხედი 13 ქულით მოიგო. იუტამ ვერც შესვენების შემდეგ შეძლო თამაშის გამოსწორება და მეოთხე მეოთხედის დასაწყისში მემფისის უპირატესობა 15 ქულამდე ავიდა. შეხვედრა მხოლოდ ბოლოსკენ დაიძაბა - იუტამ ჩაყრა დაიწყო და მეტოქეს ბოლო წუთზე ერთი სროლის მანძილზე მიუახლოვდა. თუმცა, მაშინ როცა +3 იყო, მემფისმა 'ჯაზს' სამქულიანი ჯერ არ ასროლინა და სპეციალურად დაჯარიმდა, ბოლო წამზე კი მხოლოდ ძალიან რთული სროლა მისცა მეტოქეს და 3 ქულით გაიმარჯვა.

მემფისის გამარჯვება უპირველეს ყოვლისა ორი კაცის - დელონ ბრუკსის და ჯა მორანტის სახელთან არის დაკავშირებული. ბრუკსმა 26-დან 13 სროლა გამოიყენა, 31 ქულა დააგროვა და შეხვედრა +14-ით დაასრულა. ის შეუჩერებელი იყო. ჯა მორანტმა 21 სროლიდან 11 გამოიყენა, 26 ქულა დააგროვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მან რამდენიმე, გადამწყვეტი სროლა მატჩის ბოლო წუთებზე ჩააგდო, მაშინ როცა იუტა მემფისს დაეწია.

აღსანიშნავია ლიეტუველი ცენტრის, იონას ვალანჩუნასის ორმაგი დუბლი - 15 ქულა და 12 მოხსნა, მათ შორის 6 მეტოქის ფარზე. არადა, მისი ვიზავი რუდი გობერი იყო. თავად გობერმა ასევე ორმაგი მოხსნა გააკეთა - 11 ქულა და 15 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე). იუტადან ყველაზე შედეგიანი ბოიან ბოგდანოვიჩი გახლდათ 29 ქულით, თუმცა მას -11 ჰქონდა. მაიკ კონლიმ 22 ქულა გააკეთა და წაგებულ შეხვედრაში +11-ით დაასრულა თამაში.

მემფისმა მეტოქეზე მთელი 19 სროლით მეტი შეასრულა და გადამწყვეტი სწორედ ეს კომპონენტი აღმოჩნდა. ეს უპირატესობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: იუტამ 16-ჯერ დაკარგა ბურთი (მემფისმა მხოლოდ 9-ჯერ) და დამატებით მეტოქემ მათ ბურთი 12-ჯერ მოპარა. გარდა ამისა, მემფისი უკეთესი იყო ფარზეც, რაც მოულოდნელია, რადგან იუტა სამწამიანში ერთ-ერთი საუკეთესოა.

გარდა ამისა, იუტა ძალიან ცუდად ისროდა პერიმეტრიდან. 47 სამქულიანი შეასრულეს და მხოლოდ 12 ჩააგდეს (ზუსტი სროლების 25 პროცენტი). არადა სამიანები იუტას შეტევის ძირითადი იარაღია - მათ მხოლოდ 34 ორქულიანი შეასრულეს.

იუტამ თამაშში დარჩენა მხოლოდ საჯარიმოების ხარჯზე მოახერხა - 'ჯაზმა' 33 ჯარიმა ისროლა და 29 გამოიყენა. მეორე თამაში (27 მაისს) იუტასთვის გადამწყვეტი იქნება. რეგულარულის ლიდერს მერვე ადგილოსანთან ისტორიაში მხოლოდ რამდენჯერმე წაუგია და ეს რომ თავიდან აიცილოს აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები