Thumbnail

უმცროსი 'ბორჯღალოსნები' სამხრეთ აფრიკაში ოთხთა ტურნირში ითამაშებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკას, არგენტინას და ურუგვაის გაეჯიბრება
  • უმცროსი 'ბორჯღალოსნები' სამხრეთაფრიკულ ტურნეზე 2018 წელსაც იმყოფებოდნენ

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც ასევე ითამაშებენ არგენტინა და ურუგვაი.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, ოთხთა შეჯიბრი ქალაქ სტელენბოშის Markötter Stadium-ზე 18 ივნისიდან 3 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება. უმცროსი “ბორჯღალოსნები” 18 ივნისს არგენტინას ეთამაშებიან, 23-ში – ურუგვაის, ხოლო 28-ში – სამხრეთ აფრიკას.

გუნდები მოგებისთვის 4 ქულას მიიღებენ, ფრისთვის – 2-ს, 4 ლელოსა და 7 ან ნაკლები ქულით წაგებისთვის კი ბონუს-ქულაა. ტურნირის დასკვნით დღეს პირველ-მეორე ადგილოსნები ფინალში ითამაშებენ, ხოლო მე-3 და მე-4 ადგილზე გასული ნაკრებები მე-3 პოზიციისთვის იბრძოლებენ. ამგვარად, გამოდის, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 4 ტესტი გარანტირებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ უმცროსი “ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკაში მატჩების ჩასატარებლად უკვე იმყოფებოდნენ 2018 წელს, მომავალი ტესტები კი ქართულ და აფრიკულ მხარეებს შორის ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობის კიდევ ერთი დადასტურებაა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში “ქურციკებთან” სათამაშოდ საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ჩავა. მატჩები 3 და 10 ივლისსაა დაგეგმილი. 

“დიდებული ამბავია, რომ 2019 წლის შემდეგ საერთაშორისო მატჩებს ისევ ჩავატარებთ. ვწუხვარ, რომ ნიჭიერი მორაგბეების მთელ თაობას დიდი პერიოდი გაუცდა, ახლა კი, მათ თავის გამოჩენის კარგი შანსი ექნებათ. არგენტინა და საქართველო გასულ წლებში ძლიერ მეტოქეებად ჩამოყალიბდნენ და მათთან ამჯერადაც ფიზიკურად რთულ დაპირისპირებას ველით. სწრაფი თამაშის მოყვარულია ურუგვაის ნაკრები”, - განაცხადა სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბაფანა ნლეკომ.

ცნობისთვის, უმცროსი "ბორჯღალოსნები" 46-კაციანი შემადგენლობით შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 3-კვირიან შეკრებაზე 17 მაისს შევიდნენ. მსოფლიო რაგბის ზედიზედ ორი 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩაშლის შემდეგ, მწვრთნელები აქცენტს 2022 წლის ჩემპიონატზე აკეთებენ და შეკრებაზეც 2002-2003 წლებში დაბადებული მოთამაშეები ჰყავთ, რომელთაც საერთაშორისო მატჩების არანაირი გამოცდილება არ აქვთ. მზადება 7 ივნისამდე გაგრძელდება, შემდეგ კი, აფრიკული ტურნეს დროც მოვა.

20-წლამდე მორაგბეთა საერთაშორისო ტურნირი

18 ივნისი
საქართველო – არგენტინა
სამხრეთ აფრიკა – ურუგვაი

23 ივნისი
ურუგვაი – საქართველო
სამხრეთ აფრიკა – არგენტინა

28 ივნისი
სამხრეთ აფრიკა – საქართველო
ურუგვაი – არგენტინა

3 ივლისი
ნაკრები 3 – ნაკრები 4
ნაკრები 1 – ნაკრები 2

კომენტარები

ბოლო ამბები