Thumbnail

'ეს ჯილდო მათაც ეკუთვნით' - გვარდიოლა ინგლისში წლის მწვრთნელად აღიარეს

  • ლიგის მენეჯერთა ასოციაციამ გვარდიოლა წლის მწვრთნელად დაასახელა
  • მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ჯილდო კარიერაში მეორედ მიიღო

ლიგის მენეჯერთა ასოციაციამ (LMA) მანჩესტერ სიტის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ქვეყნის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. 

50 წლის ესპანელმა სპეციალისტმა გასულ სეზონში სიტის ინგლისის ჩემპიონატსა და ინგლისის ლიგის თასზე გაამარჯვებინა, 29 მაისს კი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩელსის დაუპირისპირდება. გვარდიოლამ ალექს ფერგიუსონის სახელობის ჯილდო მეორედ მიიღო, პირველად - 2018 წელს. 

პეპმა სიტის პრემიერლიგა ბოლო 4 სეზონში 3-ჯერ მოაგებინა

"მოხარული ვარ, რომ ეს ჯილდო მეორედ მივიღე, მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მწვრთნელს გარშემო საუკეთესო პროფესიონალები ჰყავს.

ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ ჩემი ფეხბურთელები. მათი თავდადება და პროფესიონალიზმი არასდროს ბადებდა ეჭვს და ეს ხდებოდა სეზონში, რომელიც ყველაზე რთული აღმოჩნდა ყველა დანარჩენს შორის.

უმაღლეს შეფასებას იმსახურებენ ჩემი თანაშემწეებიც. გამიმართლა, რომ მყავს ადამიანების გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად არაფერს იშურებენ და ამტკიცებენ, რომ მანჩესტერ სიტი - არის საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ეს ჯილდო თანაბრად ეკუთვნით მათ", - აქვეყნებს პეპის სიტყვებს ბრიტანული მედია. 

ხოსეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის 2016 წლიდან წვრთნის. ესპანელმა სპეციალისტმა გუნდს ინგლისის ჩემპიონობა წელს მესამედ მოაგებინა, ჯამში კი უკვე 10 ტიტული დაუგროვდა.

ლიგის მენეჯერთა ასოციაცია (LMA) ინგლისის პრემიერლიგის, ინგლისის ფეხბურთის ლიგისა და ინგლისის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა პროფკავშირია.

კომენტარები

ბოლო ამბები