Thumbnail
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების მე-7 დღე
  • ვაკო გვილიას, გიორგი ბერიძისა და სერგო კუხიანიძის კომენტარები

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. ვილი სანიოლის გუნდმა შეკრების მე-7 დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 24 ფეხბურთელით ივარჯიშა.

ვარჯიშს დაესწრო ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც, რომელიც მომდევნო ორ ამხანაგურ მატჩში მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. მან თანაგუნდელები მოინახულა. სანიოლის გუნდს 31 მაისს ავსტრიული ვოლფსბერგერის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე შეუერთდება, რომლის გუნდმა სეზონი გუშინ ვენის აუსტრიასთან მარცხით (1:2) დაასრულა და გურამმა 90 წუთი ითამაშა (ისევე, როგორც ლუკა ლოჩოშვილმა, მაგრამ ის ნაკრებში გამოძახებული არ არის).

ნაკრების ვარჯიშს ჯაბა კანკავაც დაესწრო
📸 | GFF

საქართველოს ნაკრები თბილისში კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს და 1 ივნისს რუმინეთში გაემგზავრება, დღევანდელი საწვრთნელი პროცესის დასრულების მერე კი ფეხბურთელებმა კომენტარებიც გააკეთეს:

ვაკო გვილია: "რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ შეკრებისთვის დიდი დრო გვაქვს. ასეთი შესაძლებლობა იშვიათად გვეძლევა და ეს დრო აუცილებად უნდა გამოვიყენოთ შესათამაშებლად და ახალი ტაქტიკური მონახაზის დასამუშავებლად. შეკრების საწყის ეტაპზე შედარებით მსუბუქი ვარჯიშები გვქონდა, ახლა კი უფრო ინტენსიურად ვემზადებით. პატარა პაუზის შემდეგ ფორმაში შევდივართ და ამხანაგურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. ნიდერლანდების წინააღმდეგ თამაში ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებოა, თუმცა, ნაკრებში გამართული თითოეული მატჩი, მეტოქის მიუხედავად, საამაყოა. საინტერესო თამაშებს ველი, რუმინეთი უხერხული მეტოქეა, ნიდერლანდები კი ძალიან დიდი გუნდია, ასე, რომ ორივე მატჩი ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება".

გიორგი ბერიძე: "წინა შეკრებისგან განსხვავებით, დიდი დრო გვაქვს და ეს ხელს შეგვიწყობს, რომ კარგად მოვემზადოთ თამაშებისთვის. მეტად გავიცნობთ ერთმანეთს და უფრო კარგად შევთამაშდებით. როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, არ აქვს მნიშვნელობა თამაში ამხანაგურია თუ ოფიციალური. მოტივაცია მაღალ დონეზეა და ორივე მატჩში წარმატებისთვის ვიბრძოლებთ".

სერგო კუხიანიძე: "ჩემი გამოძახება მოულოდნელი იყო, ამას არ ველოდი, მაგრამ რადგან მწვრთნელებმა შემარჩიეს, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი ნდობა გავამართლო. ძალიან კარგი შეკრება გამოდის, ეს სიტუაცია ჩემთვის უცნობი არაა, რადგან 21-წლამდე ნაკრებში თამაშის გამოცდილება მაქვს. ადაპტაციის პროცესი მარტივად გავიარე, ბიჭებმა კარგად მიმიღეს და ყველაფერში დამეხმარნენ".

შეგახსენებთ, რომ რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს, 6 ივნისს კი, 20:00 სთ-ზე, ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან. ამხანაგური მატჩების რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი), გიორგი მამარდაშვილი (თბილისის ლოკომოტივი).

მცველები: გურამ კაშია (თბილისის ლოკომოტივი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე), ლაშა დვალი (ფერენცვაროში), დავით ხოჭოლავა (შახტარი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგერი), საბა კვერკველია (როტორი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ვაკო გვილია (ლეგია), ზურიკო დავითაშვილი (როტორი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი), ლევან შენგელია (ქონიასპორი).

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი).

კომენტარები

ბოლო ამბები