Thumbnail
  • სამეფო კლუბი ზინედინ ზიდანის შემცვლელის ძიებაშია
  • ევერტონის თავკაცი მადრიდელთა ერთ-ერთი კანდიდატია
  • 61 წლის იტალიელი რეალს 2013-15 წლებში წვრთნიდა  

მადრიდის რეალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ზინედინ ზიდანმა დატოვა, ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. ესპანური მედიის ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა ამ თანამდებობაზე ერთ-ერთი ვარიანტად კარლო ანჩელოტის დაბრუნებას განიხილავს. 

61 წლის იტალიელ სპეციალისტს, რომელიც ამჟამად ინგლისურ ევერტონში მუშაობს და კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს, რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი 2013-15 წლებში ეკავა. მისი ხელმძღვანელობით მადრიდულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასისა და ესპანეთის თასის მოგება მოახერხა. 

რეალის თავკაცის პოსტზე ზიდანი შესაძლოა ანჩელოტიმ შეცვალოს

წერენ, რომ ევერტონში უკვე იციან კარლო ანჩელოტის მიმართ რეალის დაინტერესების შესახებ. ინგლისური კლუბი თადარიგის დაჭერასაც აპირებს, რათა იტალიელის წასვლის შემთხვევაში, მისი შემცვლელი მოძებნოს. 

ანჩელოტი პირველი არაა, ვინც რეალში ზიდანის სავარაუდო შემცვლელად დასახელდა. მანამდე მედიაში გაჩნდა მაურისიო პოჩეტინოს (პარი სენ-ჟერმენი), რაულის (კასტილია) და ანტონიო კონტეს (ახლახან ინტერი დატოვა) კანდიდატურები.

გასულ სეზონში რეალმა ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ატლეტიკოს ჩამორჩა. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალამდე გააღწია, სადაც ლონდონის ჩელსისთან დამარცხდა. 

იტალიელმა სპეციალისტმა რეალს 2014 წელს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა

კარლო ანჩელოტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ სპეციალისტად მიიჩნევა, რომელსაც არაერთ ევროპულ გრანდში უმუშავია და უეფას ჩემპიონთა ლიგა სამჯერ აქვს მოგებული. ის ერთადერთი მწვრთნელია ისტორიაში, რომელსაც იტალიის, ინგლისის, საფრანგეთის და გერმანიის უმაღლეს დივიზიონებში გაუმარჯვია.

კომენტარები

ბოლო ამბები