Thumbnail

'დროა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვოს' - IJF ვარლამ ლიპარტელიანზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სტატია მიუძღვნა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს და ის თავის წონაში ოქროს მედლის უმთავრეს კანდიდატად მოიხსენია.

“ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების თილისმა და კაპიტანია. ის 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი ნომერი და ქვეყნის სიამაყეა. ეს ძალიან რთული მისაღწევია საქართველოში, სადაც ძიუდოს დიდი გავლენა და წარმატებები აქვს, არადა, ქვეყანაში მხოლოდ 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ყველაფრის გათვალისწინებით, ნამდვილად სამართლიანი იქნება, თუკი მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლიპარტელიანი ბოლოს და ბოლოს მოიპოვებს ოქროს მედალს იმ ფონზე, როდესაც მას უკვე აქვს 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. 

ლიპარტელიანი წლებია უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძიუდოისტია. მსოფლიოს პირველობაზე ის წონაში პირველი განთესვით გამოვა და თუკი წილისყრამდე არაფერი შეიცვალა, საკმაოდ კარი ბადე უნდა ჰქონდეს, რაც მის შანსებს ზრდის. შესაძლოა, ვარლამი პირველად შეხვდეს კარიერაში კანადელ შედი ელნაჰასს, ასევე დაუპირისპირდეს აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს (4:0 ბალანსი) და ფრანგ ალექსანდერ იდირს (7:2). ბადის ქვედა ნაწილში განთესილთაგან მიკაელ კორელი (ნიდერლანდები, ლიპარტელიანი 3:2-ს უგებს) მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია, 0:3), არმან ადამიანი (რუსეთი, 2:1) და რამადან დარვიში (ეგვიპტე, 1:0) უნდა გამოვარჩიოთ.

რამდენიმე ძიუდოისტი ყურადღებას განუთესავთაგანაც იქცევს. პირველ რიგში ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი უნდა გამოვარჩიოთ, რომელთანაც ლიპარტელიანმა მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო. სიურპრიზებს უნდა ველოდეთ ნიდერლანდელი სიმეონ კატარინასგან, რომელთანაც ვარლამი 3 წლის წინ დამარცხდა, იაპონელ იდა კენტაროსთან კი, ქართველი ძიუდოისტი 0:3-ს აგებს”.

შეგახსენებთ, რომ მომავალი მსოფლიოს პირველობა 6-13 ივნისს ჩატარდება და მასში მონაწილეობას 131 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს. მათ შორის საქართველოს ნაკრების 14 წარმომადგენელიც იქნება: თემურ ნოზაძე (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (ორივე – 52 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები