Thumbnail
  • გიორგი აბურჯანია თემურ ქეცბაიას ინტერესის სფეროში მოხვდა
  • კვიპროსული მედია გიორგი ქინქლაძის დაბრუნებაზეც წერს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია შესაძლოა კვიპროსში დაბრუნდეს. goal.philenews-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიას 26 წლის ფეხბურთელის ანორთოსისში გადაბირება სურს.

აბურჯანია ანორთოსისში 2014-2016 წლებში თამაშობდა და ტარაგონას ხიმნასტიკში ფამაგუსტელებმა 150 000 დოლარად გაყიდეს. წყაროს თანახმად, გიორგის ტრანსფერი შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს ბუბა დაუშვილთან, რომელსაც დიდი ხანია, ნიქოზიის აპოელს აქტიურად უკავშირებენ.

26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ამჟამად ესპანური კარტახენას წევრია, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. გიორგის კარიერის განმავლობაში რუსთავის მეტალურგში, გორის დილაში, ლოკომოტივში, ხიმნასტიკში, სევილიას მეორე გუნდში, ლუგოში, ტვენტესა და ოვიედოში უთამაშია. აღსანიშნავია, რომ აბურჯანიას გარდა, ანორთოსისს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ნახევარმცველ ვაკო გვილიასაც უკავშირებენ, რომელიც ვარშავის ლეგიას დატოვების შემდეგ თავისუფალი აგენტია.

გიორგი აბურჯანია ანორთოსისში 2014-2016 წლებში თამაშობდა

goal.philenews იმასაც წერს, რომ ანორთოსისში, შესაძლოა, გიორგი ქინქლაძე დაბრუნდეს და პოზიცია კლუბის მენეჯმენტში დაიკავოს. ამის ინიციატორიც ქეცბაიაა. წყაროს ცნობით, თემური ქინქლაძეს საქართველოში შეხვდა და ესაუბრა. გიორგის ანორთოსისში სპორტული დირექტორის პოსტს სთავაზობენ. გამოცემა იმასაც წერს, რომ ქინქლაძის რჩევები, საფეხბურთო კავშირები და ქართველ ფეხბურთელებზე მისი გავლენა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ქეცბაიას სიაში მყოფი ზოგიერთი მოთამაშის შემთხვევაში.

ქეცბაიას და ქინქლაძის დუეტი ანორთოსისში შეიძლება ისევ აღდგეს

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძისთვის ანორთოსისი უცხო ადგილი არ არის, რადგან 2004/05 წლების სეზონში სწორედ კვიპროსულ გუნდში თამაშობდა, როდესაც ანორთოსისის მოთამაშე-მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები