Thumbnail

'ხორვატია ამას არ გააკეთებს' - ლუკა მოდრიჩი დაჩოქების წინააღმდეგია

  • ხორვატიის ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის მატჩების წინ ცალ მუხლზე არ დაიჩოქებს
  • ფეხბურთელის თქმით, რასიზმსა და დისკრიმინაციას სხვა მეთოდებით უნდა ებრძოლონ 

ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა გამოაცხადა, რომ მისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის მატჩების წინ მუხლზე არ დაიჩოქებენ. რეალის 35 წლის ნახევარმცველის თქმით, ისიც და მისი თანაგუნდელებიც ეწინააღმდეგებიან რასიზმსა და დისკრიმინაციას ფეხბურთში, თუმცა პრობლემასთან აღნიშნული მეთოდით ბრძოლას არ აპირებენ.

"ჩვენი პოზიცია ასეთია - მუხლზე არ დავიჩოქებთ. განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს. უბრალოდ, ერთმანეთში დავილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, ეს არ გავაკეთოთოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფეხბურთში რასიზმისა თუ დისკრიმინაციის წინააღმდეგ არ ვართ. რა თქმა უნდა, არ ვამართლებთ ასეთ რაღაცებს, მაგრამ მუხლზე დაჩოქებას საჭიროდ არ ვთვლით. არსებობს უამრავი საშუალება ამ პრობლემებთან საბრძოლველად. დიახ, ჩვენ არ დავიჩოქებთ. ხორვატია ამას არ გააკეთებს", - აქვეყნებს ლუკა მოდრიჩის სიტყვებს BBC.
 
ხორვატიის ეროვნული გუნდი ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 13 ივნისს, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. D ჯგუფში ხორვატების მეტოქეები ასევე არიან შოტლანდია და ჩეხეთი.

"ოქროს ბურთის" მფლობელი ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ნაკრების ღირსებას 2006 წლიდან იცავს და მასთან ერთად 2018 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ნახევარმცველის ანგარიშზე ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 136 მატჩში 17 გოლი და 26 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები