Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის მეორე დღის პირველი შეხვედრა ბაქოში გაიმართა, სადაც ერთმანეთს უელსის და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, გულშემატკივარმა 2 გატანილი გოლი და უკეთესი სანახაობა იხილა. 

49-ე წუთზე ბრილ ემბოლოს მიერ გატანილ გოლს, უელსელთა მხრიდან 74-ე წუთზე კიფერ მურმა უპასუხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. ნაკრებებმა ქულა გაიყვეს და ჯგუფიდან გასვლის შანსები, სადაც იტალია და თურქეთიც ასპარეზობენ, შეინარჩუნეს.

კიფერ მური (უელსის ნაკრების ფეხბურთელი): "პირადად ჩემთვის მატჩი შესანიშნავი გამოვიდა. რა თქმა უნდა, გამარჯვება გვსურდა, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით, ფრეც მნიშვნელოვანია. არასოდეს არის კარგი გოლის გაშვება, თუმცა თამაშში დაბრუნება დადებითია. მძიმე მატჩი გამოვიდა, მაგრამ ეს ის არის, რასაც ველოდით".

გარეთ ბეილი (უელსის ნაკრების კაპიტანი): "ორივე გუნდი ცდილობდა თამაშს. ცოტა დაძაბულობა იყო, მაგრამ ეს არ არის ცუდი შედეგი და მას პოზიტიურად ვიღებთ. თამაშის მოგება გვინდოდა და გვქონდა შანსებიც. როდესაც 0:1-ს აგებ, შეიძლება გატყდე, მაგრამ როგორც ყოველთვის, დიდი სიმტკიცე და ხასიათი გამოვავლინეთ. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ასეთ სიცხეში თამაში რთულია და ბიჭებით ვამაყობ. ეს პლაცდარმად უნდა გამოვიყენოთ. ახლა უნდა დავისვენოთ და შემდეგ თამაშზე გადავერთოთ".

ბრილ ემბოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო

ბრილ ემბოლო (შვეიცარიის ფეხბურთელი, მატჩის საუკეთესო მოთამაშე): "მატჩის შედეგით ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, რადგან მეორე გოლის გატანის შანსი გვქონდა. პირველი გოლის შემდეგ ალბათ ძალიან პასიურები ვიყავით. ჩვენ ვიმსახურებდით გამარჯვებას, მაგრამ სამწუხაროდ ფრეს დავჯერდით. უნდა დავისვენოთ და ყურადღება შემდეგ შეხვედრაზე გავამახვილოთ".

შემდეგ შეხვედრას უელსის ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ 16 ივნისს, ისევ ბაქოში გამართავს. ამავე დღეს რომში ითამაშებს შვეიცარია, რომელიც ჯგუფის ფავორიტ იტალიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები