Thumbnail

'ნაკრები არასდროს იყო ჩემზე დამოკიდებული' - მესი კოპა ამერიკის წინ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

არგენტინის ეროვნული ნაკრები კოპა ამერიკაზე გამოსვლას იწყებს. თბილისის დროით 15 ივნისს, შუაღამისას, ლიონელ სკალონის გუნდი ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდება. "ალბისელესტეს" 33 წლის კაპიტანმა ლიონელ მესიმ ნაკრებში არსებულ ვითარებასა და გუნდში თავის როლზე ისაუბრა.

"ნაკრები არასდროს ყოფილა ჩემზე დამოკიდებული. ყოველთვის ვცდილობთ, ერთიანი, ძლიერი გუნდით წარვსდგეთ. თუკი გუნდურად ძლიერი არ ვიქნებით, გამარჯვება და მიზნის მიღწევა გაგვიძნელდება.

ვფიქრობ, ამჟამად ძლიერი სწორედ გუნდურად ვართ. ფეხბურთელების უმეტესობას ერთად დიდი ხნის განმავლობაში უმუშავია. ერთად კოპა ამერიკაზეც გვითამაშია და გვაქვს გამოცდილება. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ.

ის, რაც არგენტინის ნაკრებში ხდება, ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია - ამხანაგური მატჩი იქნება ეს, საკვალიფიკაციო ეტაპი, კოპა ამერიკა, თუ მსოფლიოს ჩემპიონატი… ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამდენ თამაშს ჩავატარებდი, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი, ბოლომდე დავხარჯულიყავი", - ამბობს ბარსელონას თავდამსხმელი. 

 ლიონელ მესი არგენტინის ეროვნული გუნდის ღირსებას 2005 წლიდან იცავს, მასთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა (2014), კოპა ამერიკაზე კი ფინალში 3-ჯერ ითამაშა. თავდამსხმელს ნაკრების მაისურით ჩატარებულ 143 მატჩში 72 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები