Thumbnail
  • ალექსანდრე ბაკში 6:2, 6:2 დანიელ სიდალი
  • დღის მე-2 მატჩში ალექსანდრე მეტრეველი ეგილ სიგურდსონს გაეჯიბრება

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის ჯგუფი III-ის სასტარტო შეხვედრაში დაწინაურება მოახერხა. აღნიშნულ ტურნირს კვიპროსის ქალაქი ლარნაკა მასპინძლობს, საქართველოს ნაკრები კი დავით კვერნაძის კაპიტნობით ისლანდიას უპირისპირდება.

პირველ შეხვედრაში 23 წლის ალექსანდრე ბაკში (925-ე მსოფლიოს კლასიფიკაციაში) 20 წლის ურეიტინგო დანიელ სიდალს გაეჯიბრა და ერთ საათში 6:2, 6:2 სძლია. მომდევნო შეხვედრაში ალექსანდრე მეტრეველი ეგილ სიგურდსონს გაეჯიბრება, ხოლო თუკი წყვილების მატჩის დანიშვნაც გახდა საჭირო, საბა ფურცელაძე და ზურა ტყემალაძე ბიორგვინ იულიუსონსა და ანტონ მაგნუსონს დაუპირისპირდებიან, თუმცა, შესაძლოა, ეს განლაგება კიდევ შეიცვალოს.

ტურნირს ლარნაკას საჩოგბურთო აკადემია მასპინძლობს

აღნიშნულ ტურნირში თავდაპირველი ვერსიით, 8 ნაკრებს უნდა ეთამაშა, თუმცა, ლიხტენშტაინის უარის შემდეგ, 7 მონაწილეღა დარჩა: მასპინძელი კვიპროსი, საქართველო, ისლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა და მონაკო. შეჯიბრის ფორმატის თანახმად, შეიქმნა სამ და ოთხგუნდიანი ჯგუფები, რომელთა გამარჯვებულები მსოფლიო ჯგუფი II-ის პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, მეორეადგილოსნები კიდევ ერთი საგზურისთვის ითამაშებენ, მე-4 პოზიციაზე გასული ნაკრები ჯგუფი IV-ში აღმოჩნდება, მესამეადგილოსნები კი ჯგუფი III-ში დასარჩენად იბრძოლებენ.

წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც ისლანდიას შემდეგ, 18 ივნისს კვიპროსს ეთამაშება. შესაბამისად, B ჯგუფში მონაკო, ლუქსემბურგი, ირლანდია და მალტა ასპარეზობენ. ვთქვათ ისიც, რომ ქართველ ჩოგბურთელთა პირველ მეტოქე ისლანდიას რეიტინგში არცერთი მოთამაშე არ ჰყავს, კვიპროსელთგან კი პეტროს ხრისოხოსი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც მსოფლიოს 360-ე ჩოგანია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში საქართველოს ნაკრებმა დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ში ითამაშა და თბილისში ესტონეთთან 1:4 წააგო. მაშინ კორტზე საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც გავიდა და სასტარტო შეხვედრაში იმარჯვა კიდეც, თუმცა, ტრავმა მიიღო და მის გარეშე დარჩენილმა გუნდმა ვერცერთი თამაშის მოგება ვეღარ მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები