Thumbnail

დევისის თასი | საქართველოს ნაკრებმა კვიპროსთან მატჩი წაგებით დაიწყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალექსანდრე ბაკში 3:6, 3:6 მენელაოს ეფსტატიუ
  • დღის მე-2 შეხვედრაში კორტზე ალექსანდრე მეტრეველი გავა

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მარცხით დაიწყო დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი III-ის მე-2 ტურის მატჩი, რომელშიც მეტოქედ კვიპროსი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ მინი-ტურნირი სწორედ კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში ტარდება და მასპინძლებიც ფავორიტთა შორის იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეიტინგში 925-ე ადგილზე მყოფი ალექსანდრე ბაკშის 22 წლის მენელაოს ეფსტატიუსთან უშანსო მარცხი (3:6, 3:6) მაინც მოულოდნელი იყო.

23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე მხოლოდ 48%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა და 5-ჯერ დაიბრეიკდა, თავად კი, მეტოქის მოწოდება მხოლოდ 2-ჯერ აიღო. მატჩი საათსა და 18 წუთს გაგრძელდა და ბაკშიმ ეფსტატიუზე 22-ით ნაკლები (45:67) გათამაშება მოიგო.

Georgia VS Cyprus 11:00 Bakshi VS Efstathiou Followed by Metreveli VS Chrysochos Followed by Doubles მატჩისწინა ვარჯიში

Posted by Georgian Tennis Federation \ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია on Friday, June 18, 2021


ახლა, სიტუაციის გამოსწორებაზე ალექსანდრე მეტრეველმა უნდა სცადოს, რომელიც კვიპროსელთა ლიდერსა და მიმდინარე შეჯიბრზე ერთ-ერთი უმაღლესი რეიტინგის მქონე პეტროს ხრისოხოსის (360-ე) დამარცხებას ეცდება. თუკი ალექსანდრემ იმარჯვა, ყველაფერს წყვილთა შეხვედრა გადაწყვეტს, რომელშიც იგივე მეტრეველი და ბაკში სერგის კირაცისსა და ელეფტერიოს ნეოსს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში როგორც საქართველომ, ასევე კვიპროსმა ისლანდია 3:0 დაამარცხეს, ამდენად, დღევანდელ შეხვედრაში A ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა ირკვევა, B ჯგუფში კი პირველობისთვის მონაკო, ლუქსემბურგი, ირლანდია და მალტა იბრძვიან.

შეჯიბრის ფორმატის თანახმად, ჯგუფების გამარჯვებულები მსოფლიო ჯგუფი II-ის პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, მეორეადგილოსნები კიდევ ერთი საგზურისთვის ითამაშებენ, მე-4 პოზიციაზე გასული ნაკრები ჯგუფი IV-ში აღმოჩნდება, მესამეადგილოსნები კი ჯგუფი III-ში დასარჩენად იბრძოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები