Thumbnail

NBA | საუკუნის ქამბექი - კლიპერსმა იუტას სერია მოუგო და ფინალშია

  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 131:119 იუტა ჯაზი
  • კლიპერსმა სერია 4-2 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ფინალშია
  • კლიპერსმა მესამე პერიოდიდან 25-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა 
  • ჯაზს დონოვან მიტჩელის ფანტასტიკურმა თამაშმაც ვერ უშველა 

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა. ლოს ანჯელეს კლიპერსმა ნახევარფინალის მეექვსე მატჩში იუტა ჯაზი ანგარიშით 131:119 დაამარცხა და სერია 4-2 მოიგო. კლიპერსი დასავლეთის ფინალში ფინიქს სანზს დაუპირისპირდება, რომელმაც მანამდე დენვერ ნაგეთსს სერია უშანსოდ მოუგო - 4-0. 

სერიის მეექვსე შეხვედრა იუტას უპირატესობით წარიმართა. კავაი ლეონარდის გარეშე მოთამაშე კლიპერსი მესამე მეოთხედში 25 ქულის სხვაობითაც ჩამორჩა, მაგრამ გუნდმა მატჩის ბედის შემობრუნება მაინც მოახერხა, რაც პლეი ოფის გადამწყვეტ მატჩში ყველაზე დიდი ქამბექია ბოლო 25 სეზონში. XXI საუკუნეში აქამდე არავის გაუბათილებია 20-ქულიანი ჩამორჩენა იმ თამაშში, რომლის მოგებასაც პლეი ოფის მომდევნო ეტაპზე გაყავდა.  

გამარჯვებულთა შორის მოედანზე საუკეთესო ტერენს მენი იყო, რომელმაც 11-იდან 8 ორქულიანი, 10-იდან 7 სამქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო და 39 ქულა მიითვალა. კლიპერსის ფორვარდის ანგარიშზე მესამე მეოთხედში 20 ქულა იყო, რაც შედეგიანობის მხრივ, ფრანშიზის რეკორდია პლეი ოფის მატჩის ნებისმიერ ერთ პერიოდში. 28 ქულა და 9 მოხსნა იყო პოლ ჯორჯის ანგარიშზე, ხოლო ორმაგი დუბლით რეჯი ჯექსონი გამოირჩა - 27 ქულა, 10 მოხსნა. 

პოლ ჯორჯი და ტერენს მენი კონფერენციის ფინალში ითამაშებენ

"მშვენიერია. განსაკუთრებული საღამო გამოვიდა. თითქოს კლიპერსს ზურგიდან დიდი ტვირთი მოეხსნა - გუნდმა ბოლოს და ბოლოს გაიარა პლეი ოფის მეორე რაუნდი. სულერთია, ეს ლამაზად გააკეთა თუ ულამაზოდ. ჩვენ მივიღეთ შედეგი.
 
პლეი ოფი უშეღავათო ბრძოლაა. სამწრთნელო შტაბმა კორექტივები შეიტანა და ამის გამო ორჯერ შევძელით სერიის 0:2-იდან მოგება. შექებას იმსახურებენ ტაირონ ლიუც და ბიჭებიც, რომლებმაც თამაშიდან თამაშამდე ყველაფერი გააკეთეს, მოქმედებდნენ აგრისიულად და ენდობოდნენ ერთმანეთს. დღეს ეს მატჩის მეორე ნახევარშიც ვნახეთ, რის შედეგადაც დავხურეთ მეორე რაუნდის სერია", - თქვა კლიპერსის ფორვარდმა პოლ ჯორჯმა თამაშის შემდეგ.

კვლავ ფენომენალური იყო იუტა ჯაზის მცველი დონოვან მიტჩელი, რომელმაც 39 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. მიტჩელმა 15-იდან 9 სამქულიანი ჩააგდო.  სტუმართა რიგებში 21 ქულა და 10 მოხსნა როის ო’ნილს ჰქონდა, ჯორდან კლარკსონს კი - 21 ქულა.

დონოვან მიტჩელმა იუტა ჯაზი მარცხისგან ვერ იხსნა

"ჯერ ისევ შოკში ვარ. ზაფხულში რეაბილიტაცია დამჭირდება, რადგან ტრავმით ვთამაშობდი. გამოვარდნა წელს უფრო მტკივნეულია, ვიდრე წარსულში იყო. ისევ წინ ვიყავით სერიაში, მაგრამ უპირატესობა დავთმეთ. ეს დიდხანს შემაწუხებს. კონფერენციის ფინალში კლიპერსისა და ფინიქსის ყურება ძნელი იქნება ისევე, როგორც NBA-ს ფინალის. არადა, რეგულარული სეზონი მშვენივრად ჩავატარეთ, მოვიგეთ ბევრი თამაში. მაშინაც კი, როდესაც პროდუქტის საყიდლად მაღაზიაში წავალ, ამაზე ვიფიქრებ. რეგულარულ ჩემპიონატში ჩვენი გამოსვლა დიდ იმედს მაძლევდა", - თქვა მატჩის შემდეგ მიტჩელმა. 

ლოს ანჯელეს კლიპერსი ფრანშიზის ისტორიაში პირველად გავიდა დასავლეთ კონფერენციის ფინალში და პირველი გუნდია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ერთ პლეი ოფში ორჯერ მოახერხა სერიაში 0-2-იდან გამარჯვება. შეგახსენებთ რომ კლიპერსმა პირველ რაუნდში დალასთან პირველი ორი თამაში დათმო, მაგრამ საბოლოოდ სერია 4-3 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები