Thumbnail
  • ფილადელფია 96:103 ატლანტა
  • დაძაბული, დაცვითი და დაბალშედეგიანი თამაში Wells Fargo Center-ში
  • ტრეი იანგს სროლები არ წაუვიდა, ატლანტას კევინ უერტერმა ულიდერა

ფილადელფია სიქსერსი გამაწყვეტ, მეშვიდე თამაშში ატლანტა ჰოუქსს მასპინძლობდა. ამ წყვილს კონფერენციის ფინალების უკანასკნელი მონაწილე უნდა გაერკვია. მატჩი ძალიან დაძაბული და დაბალშედეგიანი გამოვიდა - ისეთი, როგორიც მეშვიდე თამაშებშია ხოლმე.

მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. მთელი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, გუნდებს ჩაყრა ძალიან უჭირდათ და ბოლო წუთზე ატლანტა მხოლოდ 1 ქულით, 93:92 იგებდა, როდესაც ატლანტას კევინ უერტერზე სამქულიანი სროლის დროს დაჯარიმდნენ. უერტერმა, რომელიც მოულოდნელად ერთ-ერთი საუკეთესო იყო 27 ქულით, სამივე სროლა გამოიყენა. საპასუხო შეტევაში ჯოელ ემბიიდს ბურთი დანილო გალინარიმ მოპარა  და ღია კორტში, ატლანტამ იოლი ორი ქულა დააგროვა. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

გუნდები ნელ, პოზიციურ კალათბურთს თამაშობდნენ და თითოეულმა მათგანმა მხოლოდ 80 შეტევა მოასწრო. ორივეს ცუდი სროლის პროცენტი ჰქონდა (ფილა - 42 პროცენტი, ატლანტა - 44). თითქმის ყველა ძირითადი სტატისტიკური პარამეტრი გუნდებს თანაბარი ჰქონდათ, დაკარგვების გარდა - ფილამ 17-ჯერ დკაარგა ბურთი, ატლანტამ კი მხოლოდ 10-ჯერ.

ფილადან საუკეთესო ჯოელ ემბიიდი გახლდათ 21-დან ჩაგდებული 11 სროლით და 31 ქულით. აღსანიშნავია, რომ მას მთელი სერია მუხლი აწუხებდა, მენისკი გაიწყვიტა და მეშვიდე თამაშშიც მოძრაობა აშკარად უჭირდა, თუმცა ასეთებს მაინც ახერხებდა:

24 ქულა დააგროვა ტობაიას ჰარისმა. 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა და 16 ქულა ჰქონდა სეტ კარის. ფილადან სხვა არცერთი მოთამაშე 10-ქულიან ზღვარს არ გადაცილებია. ბენ სიმონსმა მხოლოდ 4-ჯერ ისროლა, 5 ქულა დააგროვა, თუმცა 13 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა და დაცვაში კარგი თამაშის წყალობით მატჩი +1-ით დაასრულა.

ატლანტას ლიდერმა, ტრეი იანგმა თამაში ჩააგდო - 23-დან მხოლოდ 5 ზუსტი სროლა და 21 ქულა, რომელიც ძირითადად ჯარიმების ხარჯზე დააგროვა. იანგს 10 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. მისი პრობლემების ფონზე გუნდს ზემოთ ხსენებულმა კევინ უერტერმა ულიდერა. სკამიდან 17 ქულა დააგროვა დანილო გალინარიმ და ზოგადად, ატლანტას სათადარიგოებმა მეტოქის სკამი აშკარად დაჩაგრეს.

ამრიგად, ატლანტამ კიდევ ერთი მოულოდნელი სერია მოიგო და ახლა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მილუოკი ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები