Thumbnail
  • ფინიქს სანსი 120:114 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • დევინ ბუკერმა 40 ქულა ჩააგდო და სამმაგი დუბლი გააკეთა
  • კლიპერსიდან საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო 34 ქულით

ფინიქს სანსი NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ შეხვედრაში ლოს ანჯელეს კლიპერსს მასპინძლობდა. ორივე გუნდს ლიდერები აკლდა - კავაი ლეონარდს მუხლის ტრავმა აწუხებს და მისი დაბრუნება პლეი ოფში საეჭვოა, ხოლო კრის პოლი პირველ თამაშს კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ტოვებდა.

მიუხედავად ამისა, მატჩი შედეგიანი გამოვიდა. ფინიქსი პირველ ნახევარში ლიდერობდა, თუმცა მესამე მეოთხედში კლიპერსმა გაქცევა შეძლო და 6 ქულით წინაც გავიდა. ამას მატჩის საუკეთესო მოთამაშის, დევინ ბუკერის პასუხი მოჰყვა - მან მესამე მეოთხედში 18 ქულა ჩააგდო და თავისი გუნდის 16 ქულა ზედიზედ დააგროვა. ფინიქსი წინაც გავიდა და მეოთხე მეოთხედში მატჩზე კონტროლი აღარ დაუკარგავს - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წამებზე ტერენს მანის ზუსტი სამქულიანის შემდეგ კლიპერსი მეტოქეს ერთი სროლის მანძილზე მიუახლოვდა.

კრის პოლის არყოფნაში ბუკერმა ფინიქსს დამაჯერებლად ულიდერა - 29-დან 15 ზუსტი სროლა, 40 ქულა, 13 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა. ბუკერის სამმაგი დუბლი ფინიქსის გამარჯვების მთავარი მიზეზი აღმოჩნდა. სანსის ძირითადის ყველა მოთამაშე 10 ქულიან მაჩვენებელს გადასცდა. 14-დან 10 ჩაგდებული ბურთი და 20 ქულა ჰქონდა დეანდრე ეიტონს.

კლიპერსიდან საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო 26-დან 10 ზუსტი სროლით (15-დან 7 ზუსტი სამიანი) და 34 ქულით. მოულოდნელად, 24 ქულა დააგროვა რეჯი ჯეკსონმა. თუმცა, კლიპერსის ძირითადის სხვა არცერთ მოთამაშეს 10 ქულაზე მეტი არ ჰქონია.

ფინიქსი მეტოქეზე ბევრად უკეთ ისროდა და გადამწყვეტი ეს კომპონენტი აღმოჩნდა. არიზონელებს ზუსტი სროლების 55-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ, კლიპერსს - მხოლოდ 45. განსაკუთრებით დიდი იყო სხვაობა ორქულიანი დისტანციიდან - ფინიქსმა სროლების 63 პროცენტი გამოიყენა, კლიპერსმა - მხოლოდ 48. კალიფორნიელებმა თამაშში დარჩენა მხოლოდ სამქულიანების ხარჯზე შეძლეს. ტაი ლუს გუნდმა 47 სამიანი ისროლა და 20 ჩააგდო (ზუსტი სროლების 42 პროცენტი), თუმცა ფინიქსი მეტოქეს დიდად არც პერიმეტრზე ჩამორჩა - 32-დან 13 ჩაგდებული სამიანი და ზუსტი სროლების 40 პროცენტი. ფინიქსი ბურთს ძალიან კარგად ამოძრავებდა და 31 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

ეს პლეი ოფში ფინიქსის ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებაა!

 

კომენტარები

ბოლო ამბები