Thumbnail
  • დანია საქართველოს ანალოგი შეიძლება იყოს
  • რუსეთს გადამწყვეტი თამაშების წაგება სჩვევია

ისე მოხდა, რომ ევროპის ამ ჩემპიონატზე უკვე მეორედ მიწევს რუსეთზე და მის მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვზე წერა.

სანაკრებო ტურნირებს სხვა ეშხი და მუღამი აქვს. რამდენიც არ უნდა მოგვატყუონ, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, სპორტი და მით უმეტეს, სანაკრებო ტურნირები პოლიტიკაა. დიდი პოლიტიკა. სხვაგვარად, რუსეთი და ყატარი მუნდიალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად "თავს არ მოიკლავდნენ". ანაც, ინგლისელები და ამერიკელები, ფიფამ რომ გაუბედა და მასპინძლობის უფლება არ მისცა, ამ ორგანიზაციის კორუფციული საქმიანობით ასე დეტალურად არ დაინტერესდებოდნენ.

მაგალითები იმდენად ბევრია, ჩამოთვლას აზრიც არ აქვს. ფეხბურთს პოლიტიკური და კულტურული ელემენტი რომ მოვაშოროთ, ის დარჩება, რასაც მას არაკეთილმოსურნეები გულშემატკივართა, ანუ ჩვენს ზურგს უკან, დამცინავად უწოდებენ - 22 კაცის მიერ ერთი ბურთის დევნა.

ჩერჩესოვმა დიდი ალბათობით რუსეთის ნაკრებში მუშაობა დაასრულა

სწორედ ამიტომ, პატარა ბელგიის შემდეგ კიდევ უფრო პატარა დანიის მიერ რუსეთის განადგურება არ შეიძლება, უყურადღებოდ დარჩეს. რუსებს ჩვევიათ გადამწყვეტი მატჩების წაგება. უნდა აღინიშნოს, რომ მათ დიდი თამაშები მოუგიათ კიდეც, თუმცა მაშინ, როცა აუტსაიდერები იყვნენ და მათგან მოგებას არავინ ელოდა - ასე იყო წინა მუნდიალზე ესპანეთთან, ან 2008-ში ნიდერლანდებთან. მანამდე, 90-იანებში, მაშინ უძლეველი საფრანგეთი პარიზში კარპინის გოლით 0:2-დან 3:2 დაამარცხეს.

თუმცა, ეს გამონაკლისებია. რუსული კლასიკა გადამწყვეტ თამაშში თავისზე პატარა, მაგრამ მოტივირებულ მეტოქესთან წაგებაა. იმ მეტოქესთან, რომელსაც მოგება რუსეთზე მეტად უნდა, რომლისთვისაც ფეხბურთი უფრო მნიშვნელოვანია და რომელსაც უფრო მეტი შემართება და ემოცია აქვს. 2012-ში ბერძნების უსახურმა გუნდმა თავი სწორედ რუსეთთან გაიგიჟა, მანამდე სლოვენიამ პლეი ოფში არ გაუშვა რუსეთი მუნდიალზე, უფრო ადრე კი ბელგიასთან მარცხი იყო - 2002 წელს. ჯამში, რუსეთი უსულო და უმუღამო გუნდია. ობიექტურად ასეა.

თუმცა, 1:4 წაგება რუსეთისთვის ახალი საფეხურია. ასე მაგრად და ასე მწარედ ჯერ არ წაუგიათ. მუდამ კომიკურ და თვითკმაყოფილ სტანისლავ ჩერჩესოვს ძალიან გაუჭირდება თავის გამართლება. აქ კითხვაც ჩნდება - ჩვენ რა გვიხარია?

ის გვიხარია, რომ ხუთმილიონიან დანიაში ძალიან იოლია, შენი თავი დაინახო. დღეს თუ არა, ხვალ მაინც. დანიის ისტორია შესაძლოა, საქართველოსნაირი გუნდის ისტორიაც იყოს. საფრანგეთის და იტალიის ვერა - იქ სხვა წონა და კალიბრია, მაგრამ დანიის რატომაც არა?! ასეთი მაგალითები იმედს გაძლევს, გზას გაჩვენებს. შენც წარმოიდგენ, რომ ერთ დღეს ასეთ თამაშში გახვალ და რუსეთს საქვეყნოდ შეარცხვენ.

დანიის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა

სხვა ამბავიცაა. ფეხბურთი მილიარდების, დიდი ბიზნესის და დიდი პოლიტიკის ჩართულობის მიუხედავად, მაინც სახალხო თამაშად რჩება. უფრო ნაღდი და სამართლიანია, ვიდრე ცხოვრება. მით უმეტეს, მისი სანაკრებო ვარიანტი. პატარა დანია რომ რუსეთს სახლში უშვებს (არ დაგავიწყდეთ, რომ რუსეთს ფინეთმაც გაასწრო), არის ამაში რაღაც სიმბოლური და ძალიან სამართლიანი. ამიტომაც უყვართ ეს თამაში ასე ძალიან.

ევროპის ჩემპიონატზე არა, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი სახალხო გამარჯვება რუსეთთან. 2003 წლის 30 აპრილს - მალხაზ ასათიანის გოლით. ჩემი თაობა 13 მაისს ვერ მოესწრო და არ ვიცი, ეს რა ემოცია იყო, თუმცა 30 აპრილის გამარჯვება ყველაზე ბედნიერი საფეხბურთო დღე არის, რომელიც გვახსოვს.

ეს ის დრო იყო, როცა დენი გრაფიკით გვქონდა და რუსეთთან პირველი თამაშიც სტადიონზე დენის ჩაქრობის გამო გადაიდო. ეს ის დრო იყო, როცა მოედანზე დანებს ისროდნენ. ირლანდიასთან, თუ არ ვცდები დემიენ დაფს, ტრიბუნებიდან გახსნილი დანა ესროლეს და რუსებთან თამაშის წინ სტადიონს დისკვალიფიკაცია ჰქონდა. საბოლოოდ, მხოლოდ ცენტრალურ ტრიბუნებზე დასვეს ხალხი - კარების უკან კი საქართველოს დროშები იყო.

თამაშის მერე მახსოვს, ალექსეი ანდრონოვმა, მაშინდელი ‘ნტვ-ფუტბოლის’ წამყვანმა (და სხვათა შორის, კარგმა კაცმა და საქართველოს გულშემატკივარმა) თქვა, ქართველებმა ითამაშეს დევიზით ‘სიკვდილი ან გამარჯვება’. არადა, ასეთი რამეები ჩვენს უახლოეს ისტორიაში იშვიათად ყოფილა. იმ დღეს გამოვიდა.

📺 საქართველო 1:0 რუსეთი

ასათიანი დებიუტანტი იყო და თავით დასაწყისშივე შეაგდო. ამის შემდეგ მთელი სტადიონი საქართველოს კარს ერთად ვიცავდით. არასოდეს მახსოვს, რომელიმე ქართველს, ასათიანი თუნდაც სულ ოდნავ მაინც აუგად, ან უკმაყოფილოდ მოეხსენიებინოს. ვიგებდით თუ ვაგებდით, ყოველთვის რაღაცნაირი სიყვარულით ამბობდნენ ხოლმე - "მალხაზა", "ასკა". ასე, შინაურულად, თითქოს ოჯახის წევრი ყოფილიყოს. იმიტომ, რომ ის გამარჯვების გოლი ისტორიაა.

მატჩის მერე ქუჩებში დიდი, სახალხო სიხარული იყო. ‘ლოკომოტივის’ სტადიონიდან თავისუფლების მოედნამდე როგორ აღმოვჩნდით, არც მახსოვს. არადა, კაი დიდი გზაა.

სამაგიეროდ, მახსოვს მეორე დღეს ‘სარბიელის’ პირველი გვერდი - ‘გამოიღეთ რუსებო... კარიდან ბურთი’. ზუსტად ასე ეწერა. ის ‘სარბიელი’ დღემდე შენახული მაქვს.

გუშინ რუსებს თავისი კარიდან ბურთის გამოღება ოთხჯერ მოუწიათ და ბუნებრივია, საქართველოში ეს ამბავი ძალიან გაგვიხარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები