Thumbnail
  • ფინიქს სანსი 104:103 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • ფინიქსს პლეი ოფში უკვე ზედიზედ 9 თამაში აქვს მოგებული
  • კლიპერსმა პირველი ორი მატჩი ისევ წააგო

NBA-ს პლეი ოფში ფინიქს სანსის ფანტასტიკური სერია გრძელდება!

ლეიკერსის (4:0) და დენვერის (4:0) გაგდების შემდეგ, სანსი დასავლეთ კონფერენციის ფინალში კიდევ ერთ ლოსანჯელესურ ფავორიტ კლიპერსს სერიას უკვე 2:0-ს უგებს, რაც NBA-ს სუპერფინალისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ფინიქსმა კლიპერსს მეორე მატჩი ძალიან დრამატულ ბრძოლაში, 104:103 მოუგო, გმირი კი დეანდრე ეიტონი გახდა, რომელმაც ბოლო წამზე Alley-Oop-გეიმვინერი ჩააგდო.

თუმცა ეიტონი მხოლოდ ამით არ იყო გამორჩეული - მან მთელი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა და 24 ქულასთან (12/15) ერთად 14 მოხსნაც დააგროვა. ეს იმის ფონზე, რომ დევინ ბუკერს პრობლემები ჰქონდა (20 ქულა, 5/16).

აღსანიშნავია, რომ ფინიქსს ისევ არ ჰყავდა კრის პოლი (კორონა-პროტოკოლის გამო). სამაგიეროდ, ამჯერად კამერონ პეინმა გაიბრწყინა 29 ქულით (12/24, 9 პასი, 0 დაკარგვა). ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგია NBA-ს მატჩში (პლეი ოფიც და რეგულარულიც). ფინიქსს პოსტსეზონში უკვე ზედიზედ 9 თამაში აქვს მოგებული.

კავაი ლეონარდის არყოფნაში, კლიპერსიდან ყველაზე პროდუქტიული პოლ ჯორჯი გახლდათ, მაგრამ საუკეთესო დღე ნამდვილად არ ჰქონია (26 ქულა, 10/23, 1/8 სამქულიანი, 5/10 საჯარიმო). რეჯი ჯეკსონმა 19 ქულის ჩაგდება შეძლო, ხოლო ივიცა ზუბაცმა ორმაგი დუბლი შეასრულა (14 ქულა, 11 მოხსნა).

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კლიპერსმა ამ სეზონის პლეი ოფში უკვე ზედიზედ მესამედ წააგო სერიის პირველი ორი თამაში. ასე იყო დალასთანაც და იუტასთანაც, მაგრამ კლიპერსმა იმ სერიების თავის სასარგებლოდ შეტრიალება შეძლო.

მომდევნო დაპირისპირება 25 ივნისს, უკვე ლოს ანჯელესში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები