Thumbnail
  • 'ბორჯღალოსნები' საზაფხულო მატჩებისთვის ემზადებიან
  • ტრავმებმა და კოვიდ-პანდემიამ გუნდს პრობლემები შეუქმნა

თელავში, ნიდერლანდებთან გასამართ მატჩზე გამგზავრებამდე “ბორჯღალოსნებმა” მარტყოფში ღია ვარჯიში გამართეს, რომელიც საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და ორმხრივი თამაშით დასრულდა. 

შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩის შემდეგ, გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან 2 და 9 ივლისს ორ მატჩს გამართავს, 17 ივლისს კი თბილისში შოტლანდიას უმასპინძლებს.

საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, ტრავმებმა და კოვიდ-პანდემიამ “ბორჯღალოსნების” მზადებას თავისი კვალი დაატყო, რასთან დაკავშირებითაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა:

“მეორე კვირაა შეკრებაზე ვართ და ვერ ვიტყვი, რომ მას სასურველ კონდიციებში შევხვდით. ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა. უშუალოდ შეკრების წინ, რამდენიმე მორაგბემ კოვიდ-19 გადაიტანა და პროტოკოლის თანახმად, მათ რეაბილიტაცია ცალკე გაიარეს. პირველი კვირა ჯგუფებად დაყოფილი ვვარჯიშობდით, ამ კვირაში კი გუნდურად ორჯერ ვივარჯიშეთ და შეთამაშების პროცესში ვართ. კარგია, რომ სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ნიდერლანდებს ვხვდებით და მას გარკვეულწილად მოსამზადებლად გამოვიყენებთ. იმედი მაქვს, გუნდი თავდაჯერებულობას მოიპოვებს და თამაშებს მომზადებული შევხვდებით“.

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

მზადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “ბორჯღალოსნების” 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემაც:

“მეორე კვირაა რაც ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის ვემზადებით. სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონს ორჯერ ვეთამაშებით, შემდეგ კი შოტლანდიას თბილისში ვმასპინძლობთ. ქართული რაგბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ზაფხულის ტესტებზე ტიერ 1-ის გუნდებთან ზედიზედ სამ თამაშს გავმართავთ. მივიღებთ ძალიან დიდ გამოცდილებას და მიუხედავად იმისა, რომ რთული მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს, ვიმედოვნებ, კარგ შედეგს ვაჩვენებთ. გავდივართ როგორც ფიზიკურ მომზადებას, ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტექნიკურ მხარეს“.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე გასული მატჩი მოგებული აქვთ და 18 ქულით უკვე პირველობაც გაინაღდეს, თუმცა, ცხადია, რომ დასკვნით შეხვედრაშიც ფავორიტები იქნებიან. ნიდერლანდებმა ტურნირზე თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც პლეი ოფში ბელგიელთა დამარცხება მოახერხა. საქართველო-ნიდერლანდების მატჩი 26 ივნისს თელავში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები