Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 106:92 ფინიქს სანსი
  • კავაი ლეონარდის არყოფნაში, კლიპერსს პოლ ჯორჯმა მოაგებინა
  • კლიპერსმა სერიაში სხვაობა შეამცირა - 2:1 ფინიქსის სასარგებლოდ

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მესამე მატჩში კლიპერსმა ფინიქსი დაძაბულ ბრძოლაში, 106:92 დაამარცხა და სერიაში სხვაობა შეამცირა - 1:2. გადამწყვეტი ფაქტორი მასპინძელთა დაცვაში დომინირება აღმოჩნდა, ასევე გუნდური თამაშიც.

მართალია, პოლ ჯორჯმა 27 ქულა ჩააგდო და ამ მხრივ ყველაზე პროდუქტიული გახლდათ, მაგრამ ისეთი ეფექტიანი არ ყოფილა, როგორც სჩვევია (9/26). სამაგიეროდ, მან 27 ქულას 15 მოხსნა და 8 ასისტი დაუმატა. მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ რეჯი ჯეკსონი (23 ქულა) და ივიცა ზუბაციც (15 ქულა, 16 მოხსნა და +28). კლიპერსის დაცვამ განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმში ითამაშა. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გახლდათ, რომელიც კლიპერსმა 34:21 მოიგო.

სერიის პირველი ორი მატჩის კორონა-პროტოკოლის გამო გამოტოვების შემდეგ კრის პოლი დაბრუნდა, მაგრამ სასწაულები არ ჩაუდენია (15 ქულა, 12 პასი, 5/19). ფინიქსიდან საუკეთესო დეანდრე ეიტონი იყო 18 ქულითა და 9 მოხსნით. მეორე მატჩის გმირი კამერონ პეინი პირველსავე მეოთხედში დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ასე დასრულდა ფინიქსის 9-მატჩიანი მოგებათა სერია პლეი ოფში.

“საკმაოდ მაგარი გუნდი გვყავს და ეს დავამტკიცეთ. ერთმანეთს ვენდობით და ერთმანეთს ვაზღვევთ. ორი მარცხის შემდეგ ფინიქსს ბევრ რამეში ვაჯობეთ, სამწვრთნელო შტაბმაც დიდებულად იმუშავა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ კლიპერსის ლიდერმა პოლ ჯორჯმა.

“მატჩი მესამე მეოთხედში დავთმეთ. მეტოქეს თანაბრად ვეღარ ვეთამაშებოდით,” - ეს ფინიქსის მწვრთნელის, მონტი უილიამსის სიტყვებია.

სამი მატჩის შემდეგ ფინიქსი დასავლეთ კონფერენციის ფინალს 2:1 იგებს. მეოთხე დაპირისპირება 27 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები