Thumbnail

'ჩემს შვილებს სიკვდილს უსურვებდნენ' - რა გამოიარა ალვარო მორატამ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გასვლა მხოლოდ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გაინაღდა, როდესაც სლოვაკეთს ხუთი გოლი გაუტანა. მანამდე ლუის ენრიკეს გუნდმა E ჯგუფში შვედეთსა და პოლონეთთან ფრედ ითამაშა და კრიტიკის ქარცეცხლშიც მოექცა.

ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა ალვარო მორატამ იმ მუქარებსა და შეურაცხყოფაზე ისაუბრა, რომლებსაც პოლონეთთან თამაშის (1:1) შემდეგ ის და მისი ოჯახი იღებდნენ.

"პოლონეთთან თამაშის შემდეგ 9 საათი ვერ დავიძინე. მემუქრებოდნენ, მილანძღავდნენ ოჯახს. ჩემს შვილებს სიკვდილს უსურვებდნენ… მაგრამ ვუძლებ. შესაძლოა, რამდენიმე წლის წინ ამისგან დავცემულიყავი და მთელი სამყარო შემძულებოდა. 

შესაძლოა, ჩემი საქმე ისე ვერ შევასრულე, როგორც საჭიროა. მესმის, როცა ვერგატანილი გოლის გამო მაკრიტიკებენ, მაგრამ მინდა ადამიანებმა იმის ადგილზეც წარმოიდგინონ თავი, ვინც მუქარებს იღებს. როგორია, როდესაც შვილის სიკვდილზე გელაპარაკებიან… ვცდილობ, ტელეფონი ჩემგან შორს მქონდეს, მაგრამ წერენ ჩემს ცოლს, შვილებს. ეს ყველაფერი მათზეც ვრცელდება", - ამბობს მორატა.

ალვაროს და მის ოჯახს რთული პერიოდის გადატანა მოუხდათ

28 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა, რომელმაც ევრო 2020-ის სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, სლოვაკეთთან კი პენალტი ვერ გამოყენა, თავისი ნაკრები პლეი ოფში გასულ სხვა გუნდებს შეადარა: 

"არ მგონია, რომ ესპანეთის ნაკრები ერთი საფეხურით დაბლა დგას გერმანიაზე, საფრანგეთსა თუ პორტუგალიაზე. თუმცა, არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ რომელიმეზე უკეთესი ვართ". 

ეპანეთის ნაკრებმა ევრო მძიმედ დაიწყო, მაგრამ პლეი ოფში გასვლა მაინც მოახერხა

ესპანეთის ეროვნული ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ხორვატია ჰყავს. შეხვედრა 28 ივნისს, კოპენჰაგენში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები