Thumbnail
  • ფლორენტინო პერესმა ინტერვიუში ბევრ თემაზე ისაუბრა
  • მათ შორის, სუპერლიგაზე, მბაპეზე, ზიდანზე, სერხიო რამოსსა და ანჩელოტიზე

მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა. პერესი, რა თქმა უნდა, შეეხო სუპერლიგის თემას - მისი თქმით, პროექტი ჯერ კიდევ ცოცხალია და იქიდან არავინ გასულა.

"არსებობს სავალდებულო შეთანხმება და შესაბამისად, პროექტი წინ მიდის. ვინც გვემუქრება, ამას აკეთებს თავიანთი დომინანტი პოზიციის დასაცავად. დაველოდოთ, რას გადაწყვეტს ლუქსემბურგის სასამართლო. ინგლისური გუნდები არ გასულან პროექტიდან. ჩვენ 8 მილიონ ევროს ვკარგავთ და ჩეფერინი თავის ხელფასს იზრდის. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ პრივილეგიები და მათი შენარჩუნება სურთ. მათ სცადეს ჩემპიონთა ლიგიდან ჩვენი გაგდება, მაგრამ სასამართლომ ეს აუკრძალა. სუპერლიგა ღიაა. დავიწყოთ ისტორიიდან, რომელიც ყველას აქვს და იმ კლუბებიდან, რომლებსაც მეტი გულშემატკივარი ჰყავს. რომა-სამპდორიას თამაშზე მეტად საინტერესოა მანჩესტერი-პსჟ-ს თამაში. სუპერლიგაში არიან გუნდები, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმება? უეფას სხვა ბევრი საზრუნავი ჰქონდა, ვიდრე ეს. უკეთესია, უეფამ კლუბებზე და გულშემატკივრებზე იფიქროს, რადგან ახალგაზრდები ტელევიზორში ფეხბურთს აღარ უყურებენ", - აღნიშნა რეალის და სუპერლიგის პრეზიდენტმა.

პერესმა რეალში კარლო ანჩელოტის დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი. მან აღნიშნა, რომ სხვა მწვრთნელებთან მოლაპარაკებები არ ჰქონია: "ყოველთვის ვუმიზნებთ საუკეთესოს, ეს არის ჩვენი პროექტი. კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით. ბედნიერები ვართ, რომ ანჩელოტი მოვიწვიეთ და ახალი თავი გავხსენით. არასდროს მქონია მოლაპარაკებები პოჩეტინოსთან, არც ალეგრისთან და არც კონტესთან, კარლო თავიდანვე ჩვენი პირველი არჩევანი იყო“, - თქვა მან და შემდეგ სერხიო რამოსის წასვლაზეც ილაპარაკა: „ის შვილივით მიყვარს, 2005 წელს რეალში მე მოვიყვანე. რამოსი რეალის ნამდვილი ლეგენდაა, შევთავაზეთ კონტრაქტის განახლება, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. მადრიდი რჩება მის სახლად და ერთ დღეს სხვა როლში დაბრუნდება".

პერესმა რამოსი რეალიდან გააცილა

რეალს კილიან მბაპეს უკავშირებენ. ფრანგი ფეხბურთელის ესპანურ გრანდში შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად ვრცელდება ცნობები, მაგრამ პერესმა თემას გვერდი აუარა და აღნიშნა, რომ არ სურს იმ მოთამაშეებზე საუბარი, რომლებიც დღეს რეალში არ ირიცხებიან:

"მე არ ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც მადრიდის რეალში არ თამაშობენ. ვიცი, რა სურთ გულშემატკივრებს. ჩემი პოლიტიკაა, რომ საუკეთესოები ვიყიდოთ და ახალგაზრდებთან ერთად ვათამაშოთ. საჭიროა გუნდის განახლება და ამ განახლების ფაზაში ვართ. მბაპე ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ დღეს მადრიდის რეალში არ არის", - თქვა რეალის შეფმა.

მბაპეს რეალს აქტიურად უკავშირებენ

მადრიდელთა ხელმძღვანელს ზინედინ ზიდანის შესახებაც ჰკითხეს: "ზიდანის წასვლა არ გამკვირვებია. მე მას კარგად ვიცნობ. მძიმე წელი იყო, ვიბრძოდი, რომ დარჩენილიყო. მთელი დღე მასთან ვიყავი, რომ დამერწმუნებინა. მისი წერილი? არ წამიკითხავს, შვილიშვილებს გეფიცებით. მე ის ძალიან მიყვარს, ზიდანი რეალის ლეგენდა იყო. წასვლის შემდეგ მასთან აღარ მისაუბრია, არც კი ვიცი, მადრიდშია თუ არა. ისევ ისე მიყვარს, როგორც მანამდე. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, დარჩებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას აქვს ამბიცია, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდეს".

 

კომენტარები

ბოლო ამბები