Thumbnail
  • ბელგია 1:0 პორტუგალია
  • პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა სამკლავური ისევ მოისროლა
  • კრიშტიანოს საქციელი გულშემატკივრებს ძალიან არ მოეწონათ
  • რონალდომ მატჩის შემდეგ სოცალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა

პორტუგალიის ნაკრებმა ევრო 2020-ზე გამოსვლა დაასრულა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა 1/8-ფინალში ბელგიის ეროვნულ გუნდთან მინიმალური ანგარიშით წააგო და ტურნირს დაემშვიდობა. 

ერთადერთი გოლი ტორღან აზარმა გაიტანა, მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ კი, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ სამკლავური მოიხსნა და ძირს დააგდო, რის გამოც ფანებისგან აღშფოთება დაიმსახურა. 

კრიშტიანო რონალდომ ბელგიასთან დამარცხება ძალიან განიცადა

"რონალდომ ისევ დააგდო კაპიტნის სამკლავური. სრული უპატივცემულობა საკუთარი ქვეყნის", "ისე მოიქცა, როგორც ჭირვებული ბავშვი, რომელმაც ვერ მიიღო ის, რაც სურდა", - წერენ ფანები სოციალურ ქსელებში.

მოგვიანებით 36 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა:

"სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ნაადრევად გამოვეთიშეთ ტურნირს, მაგრამ ვამაყობთ იმ გზით, რომელიც გამოვიარეთ. ასი პროცენტით დავიხარჯეთ, რათა ევროპის ჩემპიონის ტიტული დაგვეცვა. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ კვლავაც შეუძლია პორტუგალიელების გახარება. გულშემატკივრები პირველიდან ბოლო წუთამდე გვქომაგობდნენ. ჩვენ ვიბრძოდით მათთვის, რათა გაგვემართლებინა მათი იმედი. ვერ შევძელით იქამდე მისვლა, სადამდეც გვსურდა, მაგრამ თქვენი მადლობლები ვართ. ვულოცავთ ბელგიას და წარმატებას ვუსურვებთ დანარჩენ გუნდებს. უფრო ძლიერები დავბრუნდებით. წინ, პორტუგალია!".

კრიშტიანო რონალდომ ევროპის ჩემპიონატზე ჯამში ოთხი მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა, თუმცა ალი დაეის მიღწევა გაიმეორა. პორტუგალიელსა და ირანელს თავ-თავიანთი ნაკრებების მაისურებით 109-109 გოლი აქვთ გატანილი, რაც მსოფლიო რეკორდია. 

ბელგიის ნაკრებმა პორტუგალიის დამარცხებით ევროპის ჩემპიონატის ¼-ფინალში გააღწია, სადაც იტალიას შეხვდება. მატჩი 2 ივლისს, მიუნხენში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები