Thumbnail
  • კლიპერსი 103:130 ფინიქსი
  • კრის პოლმა 41 ქულა ჩააგდო და მაიკლ ჯორდანსაც გადაასწრო

NBA-ს მიმდინარე სეზონის პირველი ფინალისტი ფინიქს სანსი გახდა, რომელმაც დღეს დილით ლოს ანჯელესის სტეიპლს სენთერში კლიპერსს 130:103 მოუგო და კალიფორნიელებს ნახევარფინალურ სერიაში 4:2 აჯობა.

აღსანიშნავია, რომ სანსმა მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგო, განსაკუთრებით კი ბოლო თორმეტწუთეულში დაჩაგრა – 33:20. არიზონელთა რიგებში დევინ ბუკერმა 22 ქულა ჩააგდო, ჯეი კრაუდერმა – 19, დეანდრე ეიტონმა კი 16 ქულას 17 მოხსნა წაამატა.

ცხადია, ცალკე უნდა ითქვას ფინიქსელთა გამთამაშებელ კრის პოლზე, რომელმაც 35 წუთში 41 ქულა (8-დან 7 სამქულიანი) და 8 პასი მოაგროვა და მატჩის გმირი გახდა. მისმა გარჯამ წყალში ჩაყარა კლიპერსის ლიდერების – მარკუს მორისისა (26 ქულა, 9 მოხსნა) და პოლ ჯორჯის (21 ქულა, 9 მოხსნა) გარჯა.

ამგვარად, პოლი ლიგის პლეი-ოფში შედეგიანი გადაცემების მხრივ მე-11 ადგილზე გადავიდა და ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გადაასწრო. კრისს აქტივში 1 023 პასი აქვს, ამ მხრივ ლიდერი კი მეჯიკ ჯონსონია (2 346).

“მე მისია გამაჩნია და წაგების უფლება არ მქონდა. ამდენი ემოცია ერთად, ჩემს გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება. მიხარია იმ ხალხის გამოც, ვისთან ერთადაც ამ საქმეს ვაკეთევბ. კლიპერსი ასევე ჩემი ოჯახია. იქაური ქომაგებიც ძალიან მიყვარს. მათ დიდ პატივს ვცემ და ყოველთვის მათ გვერდში ვიქნები. უბრალოდ, ახლა მთავარი ის ადამიანები არიან, რომელთან ერთადაც ფინიქსისთვის ვირჯებთ”, - განაცხადა მატჩის შემდეგ პოლმა, რომელიც 2011-2107 წლებში სწორედ კლიპერსის ღირსებას იცავდა. დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი თამაშის მერე სწორედ კრისმა ჩაიბარა.

არიზონული კლუბი NBA-ს ფინალურ სერიაში 1993 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. იმ სეზონში ჩარლზ ბარკლის გუნდმა ხსენებული მაიკლ ჯორდანის ჩიკაბო ბულსთან 2:4 წააგო. საინტერესოა ისიც, რომ სანსი ლიგის პლეი-ოფში 2010 წლის შემდეგ პირველად მოხვდა, NBA-ს ჩემპიონი კი არასდროს ყოფილა. თუ ვინ იქნება გადამწყვეყტ სერიაში ფინიქსელთა მეტოქე, ატლანტა ჰოუქსისა და მილუოკი ბაქსის დაპირისპირებაში ირკვევა, სადაც ანგარიში საყაიმოა (2:2).

კომენტარები

ბოლო ამბები