Thumbnail
  • 📅 2 ივლისი | 🏟 სანკტ-პეტერბურგი | ⌚ 20:00 | ⚽ შვეიცარია V ესპანეთი
  • შვეიცარიამ ისტორიული შედეგი გაიმეორა
  • ესპანელები თამაშიდან თამაშამდე უმატებენ
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვლადიმირ პეტკოვიჩმა და მისმა გუნდმა შვეიცარიული ფეხბურთის უდიდესი მიღწევა გაიმეორეს. უცნაურია, მაგრამ 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი აქამდე ერთადერთი დიდი ტურნირი იყო, რომლის პლეი ოფში შვეიცარიის ნაკრებს გამარჯვება აქვს მოპოვებული.

"ასეთი გამარჯვებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ მოთამაშეები 120 პროცენტით დაიხარჯებიან. საფრანგეთთან მატჩი სწორედ ასეთი იყო. იმავეს გაკეთება ახლა უკვე ესპანელების წინააღმდეგ მოგვიწევს", - განაცხადა ისტორიული მოგების შემდეგ ვლადიმირ პეტკოვიჩმა

შვეიცარიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში თამაში ერთ-ერთი ლიდერის, გრანიტ ჯაკას გარეშე მოუწევს, რომელიც მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. დიდი ალბათობით, მის ნაცვლად სასტარტოში დენის ზაკარია იქნება და ძირითად შემადგენლობაში ალბათ ეს იქნება ერთადერთი ცვლილება, რომელსაც ბოსნიელი სპეციალისტი გეგმავს. 

პეტკოვიჩმა და მისმა გუნდმა ევრო 2020-ის მთავარი ფავორიტი დაამარცხეს 

გაცილებით უფრო რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლუის ენრიკე. ესპანელთა მთავარი მწვრთნელი, ფაქტობრივად, მუდმივ როტაციას ეწევა. "ფურია როხაში" არიან ხელშეუხებელი ფეხბურთელები, მაგრამ ამ კატეგორიას ოთხ-ხუთი მოთამაშე მიეკუთვნება, დანარჩენები კი როტაციას ექვემდებარებიან.

ერთ-ერთი, ვისაც ძირითადში თამაში გარანტირებული აქვს, ალვარო მორატაა. ტურნირის მანძილზე ესპანელთა "შვიდიანს" უდიდესი კრიტიკა შეხვდა.

"ვიცი, რომ ულმობლად მაკრიტიკებენ და ისიც ვიცი, რომ კრიტიკოსებს არ უნდა ვუპასუხო. იმედი მაქვს, მიმდინარე ტურნირზე ჩემი თამაში ყველა კრიტიკოსს გააჩუმებს, ხოლო თუ საჭირო გახდა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მათ პასუხს პირადად გავცემ. ჩემი მეუღლე და ბავშვები მარბელიაში იმყოფებიან. უამრავი ადამიანისგან ისინი მხოლოდ სიყვარულს და სითბოს გრძნობენ, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით მათ შეურაცხყოფას აყენებენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. არ ვიცი, ასეთი ადამიანები საერთოდ რას ფიქრობენ. როგორ შეიძლება ორი-სამი წლის ბავშვებს და დედას დაემუქრო?", - თქვა "მარკასთან" ინტერვიუში ალვარო მორატამ. 

ლუის ენრიკეს გუნდი შვეიცარიასთან მატჩისთვის ემზადება

მსგავსად შვეიცარიის ნაკრებისა, ესპანელებსაც ერთი დანაკლისი აქვთ. კუნთის ტრავმა მიიღო ხოსე გაიამ, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუის ენრიკე სასტარტოში ალბას დააბრუნებს.

სანკტ-პეტერბურგში "ფურია როხას" მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი პლასიდო დომინგო დახვდება, რომელიც რუსეთში გასტროლზე იმყოფება. სხვათა შორის, ესპანელი ტენორი ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იმყოფებოდა, რომელიც ესპანელებისთვის უჩვეულოდ ადრე, 1/8-ფინალში დასრულდა.

უყურე ევროს დიდ ეკრანზე!

საინტერესო ფაქტები

⚽ ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ 22 მატჩი აქვთ ჩატარებული.

⚽ შვეიცარიელებს მხოლოდ ერთხელ აქვთ მოგებული, ესპანელებს კი მეტოქე 16-ჯერ ჰყავთ დამარცხებული.

⚽ შვეიცარიის ნაკრებისთვის ეს მეხუთე ევროპის ჩემპიონატია.

⚽ ევროს ფინალურ სტადიებზე შვეიცარიის ნაკრებმა 17 მატჩი გამართა, რომელთაგანაც სამი მოიგო და შვიდი დათმო.

⚽ ევროპის ჩემპიონატების 1/4-ფინალებში ესპანეთის ნაკრებმა სამჯერ გაიმარჯვა და ხუთჯერ წააგო.

⚽ ყველა ის ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ესპანეთის ნაკრებმა 1/4-ფინალური ეტაპი გადალახა, მათი გამარჯვებით დასრულდა (სამჯერ).

სავარაუდო შემადგენლობები

შვეიცარია (3-4-1-2): ზომერი -  ელვედი, როდრიგესი, აკანჯი - ვიდმერი, ცუბერი, ფროილერი, ზაკარია - შაჩირი - ემბოლო, სეფეროვიჩი.

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - ასპილიკუეტა, ე. გარსია, ლაპორტი, ალბა - კოკე, ბუსკეტსი, პედრი - ფ. ტორესი, მორატა, სარაბია. 

კომენტარები

ბოლო ამბები