Thumbnail
  • 📅 3 ივლისი ⌚ 04:00 | ⚽ ბრაზილია V ჩილე
  • სელესაოს ძირითადის ფეხბურთელები უბრუნდებიან
  • ლა როხას ალექსის სანჩესი გამოუჯანმრთელდა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ 

რიოში ნილტონ სანტოსის სახელობის სტადიონზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ჩილელებთან 1/4-ფინალურ შეხვედრას ჩაატარებს.

მიმდინარე "კოპა ამერიკას" ბევრი უცნაურობა ახლავს თან, მათ შორის ერთ-ერთი ისაა, რომ ბრაზილიის ნაკრებს, რომელიც ტურნირის მასპინძელია და რომელმაც თავისი ჯგუფი მოიგო, ბოლო შეხვედრა რიოდან თითქმის 1500 კილომეტრში ჰქონდა. თუ გავიხსენებთ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატების ფორმატებს, მასპინძელ გუნდს, როგორც წესი, ის პრივილეგია აქვს, რომ როგორც მინიმუმ, პლეი ოფის პირველი სტადიის შეხვედრას იმავე ქალაქში ატარებს, სადაც ჯგუფური ეტაპის მატჩები გამართა. 

"სელესაოს" ქომაგების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილებას ისიც იწვევს, რომ ჩილეს ნაკრებთან შეხვედრას არგენტინელი პატრისიო ლუსტაუ მოემსახურება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ დანიშვნას მიესალმებიან. მათი არგუმენტი იმ ფაქტს ემყარება, რომ ლუსტაუ ყვითელი ბარათების გამოყენებას არ ერიდება. ამ არბიტრის საშუალო მაჩვენებელი ერთ შეხვედრაში თითქმის ექვსი ბარათია. ეს კი ლუსტაუს დანიშვნის მომხრეთათვის იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ხისტი და ხშირ შემთხვევაში უხეში ჩილელები, მსაჯობის მკაცრმა სტილმა უნდა დააშოშმინოს. 

თუ ბრაზილიამ თავისი ჯგუფი მოიგო, ჩილელებმა A ჯგუფი მეოთხე ადგილზე დაასრულეს. მარტინ ლასარტეს გუნდმა მხოლოდ ბოლივიას მოუგო, სამაგიეროდ, ფრედ ითამაშა არგენტინელებისა და ურუგვაელების წინააღმდეგ. ჯგუფში ადგილების საბოლოო გადანაწილებისთვის უმნიშვნელოვანესი გამოდგა ჩილე-პარაგვაის დაპირისპირება, რომელიც მოულოდნელად "ლა როხამ" დათმო. არადა, მოგების შემთხვევაში, ჩილელები ჯგუფურ ეტაპს მეორე ადგილზე დაასრულებდნენ.

ჩილესთან მატჩის წინ ბრაზილიის ნაკრებში კარგი განწყობაა 

თავის ჯგუფში სრულიად ღირსეულად დაიკავა პირველი ადგილი ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა. სტარტზე დამაჯერებლად მოგებული სამი მატჩის შემდეგ, გოიასში ეკვადორელებთან ჩატარებულ შეხვედრაში, ტიტემ თამაშის საშუალება რეზერვისტებს მისცა. მოედანზე ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით გასულმა "სელესაომ" მხოლოდ ქულა აიღო, მაგრამ პირველი ადგილი მაინც არავის დაუთმო. 

ბრაზილიელთა რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშაა რენან ლოდის და ფელიპეს თამაში. ორივე მათგანს მცირე ტრავმა აწუხებს. რაც შეეხებათ ჩილელებს, უკანასკნელი ინფორმაციით, რომელიც "ლა როხას" ბანაკიდან გავრცელდა, სრულად გამოჯანმრთელდა ალექსის სანჩესი, რომელსაც ტრავმის გამო მიმდინარე ტურნირზე ჯერ არ უთამაშია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ურუგვაის შემდეგ, ბრაზილის ნაკრები შეიძლება გახდეს პირველი, რომელმაც ტურნირს ზედიზედ ორჯერ უმასპინძლა და ორივეჯერ მოიგო. ურუგვაელებმა ეს 1923 და 1924 წელს მოახერხეს.

⚽ ამ გუნდებს ერთმანეთში 72 მატჩი აქვთ ჩატარებული, რომელთაგანაც 51 ბრაზილიელთა, ხოლო 13 კი ჩილელთა გამარჯვებით დასრულდა.

⚽ ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება 2017 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩატარდა. სან პაულოში გამართული ის მატჩი ბრაზილიელებმა მოიგეს - 3:0. 

⚽ ბრაზილიის ნაკრებს კოპა ამერიკა ცხრაჯერ აქვს მოგებული, მაშინ როდესაც ჩილელებმა ანალოგიურ წარმატებას მხოლოდ ორჯერ მიაღწიეს.

⚽ ბრაზილიის ნაკრებმა ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებული ბოლო 11 შეხვედრიდან 10 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია (4-3-3): ალისონი. დანილო, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ალექს სანდრო. კაზემირო, ფრედი, პაკეტა. ნეიმარი, გაბრიელ ჟეზუში, რიშარლისონი

ჩილე (4-3-3): ბრავო. ისლა, მედელი, მარიპანი, მენია. პულგარი, არანგისი, ვიდალი. სანჩესი, ვარგასი, მენეზეში.

კომენტარები

ბოლო ამბები